ვაჟა-ფშაველას პოემებს გარკვეული საერთო თავისებურებები გააჩნიათ. ერთ-ერთი ასეთი თავისებურებაა ის, რომ ტრაგედიის ქარ-ცეცხლის გავლის შემდეგ, იბადება ჭეშმარიტება. „სტუმარ-მასპინძელი“ ამ იდეის მატარებელ პოემებს განეკუთვნება. მისი მთავარი პერსონაჟები, ტრაგიკული გმირები არიან – ეწირებიან ჭეშმარიტებისთვის ბრძოლას. ამ ბრძოლაში სულიერი მეტამორფოზით იბადება „ახალი“ ადამიანი.
ჯოყოლა, აღაზა და ზვიადაური უპირისპირდებიან თემს. ამ დაპირისპირებაში მთის სამართალი თემის მხარესაა. ისინი სისხლის აღების მამაპაპურ ადათს იცავენ, სამართლის აღსრულებას ემსახურებიან. ტრიადის გმირობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ჭეშმარიტებას იცავენ. ამ შემთხვევაში მთის სამართლის ნორმებისა და ჭეშმარიტების გამიჯვნა, დიდ და ღრმა ფილოსოფიურ მიგნებებს გულისხმობს.
ჯოყოლასა და აღაზას მიერ სტუმარმასპინძლობის ადათის დაცვა და ზვიადაურის პატივისცემა, წესით დიდ მოწონებას უნდა იმსახურებდეს თემისგან. ალბათ ასეც იქნებოდა სტუმარი ზვიადაური რომ არ ყოფილიყო. მისმა გამოჩენამ ქისტეთში თემს უბიძგა, მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ადათის, სისხლის აღების აღსრულებისკენ. ამ მომენტიდან ჯოყოლა თემისთვის მიუღებელი ქმედებებით, კრიტიკის ობიექტი ხდება. მისი ბრძოლა კი წარუმატებლად სრულდება. აქვე ვხვდებით, ჯოყოლას ჰუმანურობისა და ლიბერალიზმის მაღალი დონით გაჯერებულ პოზიცია:
„დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,“
აღაზას მხატვრული სახის გარეშე, „სტუმარ-მასპინძელი“ ვერ იქნებოდა ასეთი შთამბეჭდავი. იგი განსაკუთრებულად წრფელი უშუალო და ამაღლებული პერსონაჟია. მის მიერ ზვიადაურის დატირების სცენა მის მაღალზნეობრივობაზე მიუთითებს.
„ერთ მხრივ ხათრი აქვს თემისა,
მეორით – ღმერთი აშინებს,“
აღაზა ბოლოს მაინც ღვთის კარნახს მისდევს და გულმხურვალედ ტირის ვაჟკაცი ზვიადაურის საფლავზე. მეუღლის დაკარგვის შემდეგ მისი სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა, თუმცა აღაზამ, როგორც პერსონაჟმა, პოემაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა.
ზვიადაური პოემის დასაწყისშივე სიკვდილისათვის განწირული პერსონაჟია. თუ დავაკვირდებით სიუჟეტურ განვითარებას, მივხვდებით, რომ მიუხედავად დანაშაულისა ზვიადაურის სიცოცხლე არაფრისმომცემმა ადათ-წესებმა შეიწირა. მისი პიროვნული ქვეცნობიერი დანაშაულის სიმძიმეს აღიქვამდა, მაგრამ ეს დანაშაული სინდისის დასამშვიდებლად ჩაიდინა. მასში არ არის შიში, მაგრამ არის რაღაც, რაც განსაცდელისკენ მიაქანებს.
პოემის ფინალში, თემისგან შერისხულ-დავიწყებული პერსონაჟები, სიბნელეს აპობენ და ერთმანეთს ხვდებიან. ისინი ამტკიცებენ, რომ ყოველგვარ ადათსა და ეთნიკურობაზე მაღლა მეგობრობა და ადამიანობა დგას. მიუხედავად ხორციელი დაცემისა, სულიერად ამაღლებულნი ამაყად შესცქერიან ერთურთს და ჰუმანიზმის ხორცშესხმულ სახეებად გვეგლინებიან.
მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე