კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო შეცვალა და გაურკვევლობის ბურუსში გახვია. დღეს სავსებით რეალურია ის, რისი წარმოდგენაც ერთი წლის წინ არავის შეეძლო — რაოდენ უსუსური ყოფილა პლანეტა დედამიწა! შექმნილმა ვითარებამ ასევე რეალური გახადა, ერთი შეხედვით, თითქოსდა წარმოუდგენელი მოცემულობები, მათ შორის დისტანციური მუშაობაც, რაზეც პანდემიამდე არავინ ფიქრობდა, არათუ საუბრობდა.
თანამედროვე ცხოვრების შეცვლილი რეალობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახდა დისტანციური სწავლება, რაზეც ასევე ვერავინ იფიქრებდა. სასწავლო საგნებს შორის სპორტი და ფიზიკური აღზრდა ყველაზე ცუდ დღეში აღმოჩნდა, როგორც ჰუმანიტარული, ტექნიკური თუ საბუნებისმეტყველო საგნებისგან აბსოლუტურად განსხვავებული — მისი სპეფიციკა ხომ არა საკლასო ოთახს, არამედ ღია სივრცეს ან ფიზიკური დატვირთვებისთვის განკუთვნილ დარბაზს, ფიზიკურ აქტივობებს უკავშირდება, ამის დაგეგმვა, განხორციელება და მეთვალყურეობა კი დისტანციურად ათმაგად ძნელია.
რა გამოცდილება მიიღეს სკოლებმა შარშანდელი ანალოგიური ვითარებიდან და რა გაითვალისწინეს წელს, რა გააკეთეს ან რა იგეგმება დისტანციური სწავლების კუთხით, ამაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი გვესაუბრება.
⇓ რა გასწავლათ შარშანდელმა გამოცდილებამ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, რა გაითვალისწინეთ იმ გამოცდილებიდან წლევანდელ პრაქტიკაში?
⇒ შარშან უცებ მოსულმა ამ საშინელებამ მძიმედ იმოქმედა სამუშაო პროცესზე. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ძნელი იყო ჩვენი მასწავლებლებისთვის — იყო ინტერნეტთან კომუნიკაციის პრობლემა, რეგიონებში არ ჰქონდათ ინტერნეტი, კომპიუტერი, ზოგმა ინტერნეტის პრაქტიკული გამოყენება არ იცოდა.
მეორე პრობლემა, დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, გამოცდილების არქონა გახლდათ და არც სასწავლო მასალები იყო, რომლითაც მასწავლებლები იხელმძღვანელებდნენ. ამ პირობებში ყველა მასწავლებელი თავისებურად მუშაობდა, ზოგი თიმს-ის საშუალებით აკეთებდა ფიზიკურ აქტივობებს, ზოგი თეორიულ ნაწილში მუშაობდა და მეტ-ნაკლებად მიდიოდა პროცესი.
აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება მოკლე დროში, შექმნილიყო დისტანციური გზამკვლევი, რომელშიც შევიდოდა ის ფიზიკური აქტივობები, ვიდეორგოლები თუ თეორიული ნაწილი, რაც საგაკვეთილო პროცესში იყო გამოყენებული. თავის დროზე, ამ გზამკვლევმაც იმუშავა და დაგვეხმარა სასწავლო პროცესში, თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემები იყო, რომელსაც მეტ-ნაკლებად გავართვით თავი.
ზაფხულში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, უკვე დავიწყეთ სამუშაო შეხვედრები დარგის სპეციალისტებთან, მასწავლებლებთან; დაიწყო პედაგოგთა მასიური გადამზადება. შემდეგ, ახალი სკოლის პროექტის ფარგლებში, ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში, შევარჩიეთ 24 სპეციალისტი, რომლებსაც დამატებით კიდევ ჩავუტარეთ ტრენინგები და შეძლებისდაგვარად ვეცადეთ, ფიზიკური აღზრდის ნაწილში გადაგვემზადებინა, თუნდაც ამ თეორიული დისტანციური მუშაობისთვის. ეს 24 სპეციალისტი რეგიონებზე გადანაწილდა და დღეს ყველა რესურსცენტრს ჰყავს ფიზიკური აღზრდის სპეციალისტი — ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დანერგვის რეგიონული ექსპერტი. ისინი ყოველდღიურად მუშაობენ მასწავლებლებთან, ფიზიკური აღზრდის მიმართულებით.
ამ 24 ექსპერტთან შეთანხმებით, იგეგმება ჩვენი მუშაობა: ყოველი კვირის დასაწყისში და დასასრულს მათთან მაქვს ჩართვა, განვიხილავთ რა ვითარებაა რეგიონებში ფიზიკური აღზრდის კუთხით და, ძირითადად, ყველა რეგიონიდან მაქვს ინფორმაცია, რა ხდება ამა თუ იმ რეგიონის სკოლებში, რა პრობლემები აქვთ. „ახალი სკოლის მოდელში“, ამ ეტაპზე, 319 სკოლა გვყავს ჩართული. მათ მასწავლებლებს ექსპერტები, კვირაში სამჯერ, უტარებენ ონლაინ სამუშაო შეხვედრებს. თუმცა, პროექტში ჩართული 319 სკოლის გარდა, იმ რეგიონების სხვა სკოლებთანაც ვთანამშრომლობთ და მათთან კვირაში ორჯერ — სამშაბათს და ხუთშაბათს მუშაობენ ექსპერტები. იანვრიდან პროექტის გაფართოებას ვგეგმავთ და 319-ს 200-მდე სკოლა დაემატება. ყოველ სემესტრში 200-დან 300 სკოლამდე დაგვემატება, მთავარი მიზანი კი ისაა, რომ ქვეყნის 2100-ვე სკოლა იყოს ჩართული.
⇓ რა არის თქვენი უახლოესი მიზნები, რის გაკეთებას გეგმავთ ახლო მომავალში?
⇒ აქამდე ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სხვა საგნებთან ერთად, გვქონდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავდა იმ გეგმებსა და მიზნებს, რაზეც უნდა გასულიყო მასწავლებელი, მაგრამ ამ დოკუმენტის იქით რა უნდა გაკეთებულიყო და როგორ, ეს არსად ეწერა და ამ მიმართულებით თითქმის არავინ მუშაობდა. ახალი პროექტის ფარგლებში, ამ სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობა დავიწყეთ, რა აქტივობებსაც ითვალისწინებს შედეგის მისაღწევად, მის გაწერაში ვეხმარებით და შემდეგ, ამ აქტივობებში მოსწავლეების ჩართვაშიც. ჩვენი ექსპერტები, დაახლოებით, ორსაათიან შეხვედრებს მართავენ, სადაც განიხილავენ, მაგალითად, რა შინაარსის სამუშაოები მიმდინარეობს.
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, კომპლექსური დავალებები შემოვიდა, მაგალითად, მასწავლებელი ქმნის კომპლექსურ დავალებას ერთ კონკრეტულ საკითხზე, ეს შეიძლება იყოს,ვთქვათ, ცხოვრების ჯანსაღი წესი. ამის იქით, გააჩნია, რამდენი მოსწავლეა კლასში და რამდენი ჯგუფის შექმნაა შესაძლებელი, მასწავლებელი ცალკეულ ჯგუფებს ამის მიხედვით აძლევს დავალებებს შერჩეული თემის კონკრეტულ მიმართულებებზე — ერთ ჯგუფს შეიძლება მისცეს ჰიგიენა, მეორეს — ფიზიკური აქტივობა, მესამეს — დღის რეჟიმი და ა.შ. ამ დავალების მიზანია პროექტის შექმნა და შემდეგ პრეზენტაცია. დავალების შესრულების დროს მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეებს მიმართულება, რა უნდა ჩანდეს ამ პროექტის შექმნა-პრეზენტაციის დროს, რაზე იმუშაონ, რაზე გააკეთონ აქცენტი და რა წარმოაჩინონ. მაგალითად, რა არის ცხოვრების ჯანსაღი წესის მთავარი პრინციპები, რა დადებითი გავლენა აქვს ფიზიკურ აქტივობებს ჩვენს ორგანიზმზე, როგორ განსხვავდება ფიზიკურად აქტიური და არაააქტიური ადამიანების სხეულები ერთმანეთისგან. მთავარია, ბავშვებმა საკუთარი აზრი დაწერონ, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მასწავლებლის მოვალეობაა, რომ სწორედ ამ კუთხით მიუდგეს მოსწავლეებთან მუშაობას და ამ მიმართულებით მისცეს მათ დავალება. ამასთან, მასწავლებლის მოვალეობაა, როგორც დავალებების მიცემა ფიზიკურ აქტივობებზე, ასევე რჩევების, როგორ თქვან უარი მავნე ჩვევებზე.
მთავარია, მასწავლებელმა ჩაატაროს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი, მაგრამ თუ აქამდე თიმს-ის საშუალებით, ინტერნეტში, აჩვენებდა ვიდეორგოლებს, თეორიულ მასალას, ეს მიდგომაც შევცვალეთ და ჩვენი მიზანია, რომ ამ საგნის მასწავლებელმა, შეძლებისდაგვარად, ისევე ჩაატაროს ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი, როგორც ამას ატარებს ქართულის, მათემატიკის თუ სხვა საგნის პედაგოგი. მესმის, რომ 100%-იანი შედეგი ვერ გვექნება — ვიღაც აგვყვება, ვიღაცას გაუჭირდება, ვიღაც კი ხვალ და ზეგ დაგვეწევა. როგორც აღვნიშნე, ასევე, არის ინტერნეტის, კომპიუტერის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების არქონის პრობლემა — სტატისტიკით, ჩვენს საგანში, მასწავლებელთა დიდი ნაწილი გადაცილებულია საპენსიო ზღვარს, რაც ასევე ართულებს მუშაობას.
მომდევნო სასწავლო წელს გაუმჯობესებული დისტანციური გზამკვლევი იქნება. ძველი, თავის დროზე, კარგი იყო და იმ ეტაპზე თავისი მისიაც შეასრულა, მაგრამ პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ახალი მოთხოვნები გაჩნდა. ახალ გზამკვლევზე მუშაობას უკვე ვასრულებთ, მასწავლებლებს იანვრიდან მიეცათ სარგებლობის საშუალება.
გზამკვლევში სამი ტიპის გაკვეთილია მოცემული. ერთი მიმართულება — მასწავლებელს შეუძლია, პროექტების მიხედვით იმუშაოს, ვთქვათ, იმავე ცხოვრების ჯანსაღ წესზე; მეორე მიმართულება — თეორიული ნაწილი, ოლიმპიზმის ნაწილი, კიდევ უამრავი თემა და საკითხია, რომელიც შეიძლება, მასწავლებელმა გამოიყენოს. რაც მთავარია, ამ გზამკვლევში, პრეზენტაციის გზით, მოცემულია 20-მდე თემა, რომელთა გამოყენებაც ასევე შეუძლია პედაგოგს; მესამე ტიპის გაკვეთილია სუფთად ფიზიკური აქტივობების ნაწილი. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ფიტნესის, სპორტისა და ფიზიკური განათლების ეროვნულ ასოციაციასთან, რომლის პრეზიდენტია ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტარი შოთა ხაბარელი. მათთან თანამშრომლობით, შევქმენით ვიდეომასალა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია საგაკვეთილო ონლაინ პროცესში — მოცემულია ვარჯიშები ჰანტელებით, ბუქნებით, მხრის ვარჯიშები და ა.შ. გვესმის, რომ ბავშვებს სახლში ყველა ინვენტარი არ ექნებათ, მაგრამ, ვთქვათ, ჰანტელების ნაცვლად, შეუძლიათ წყლით სავსე ბოთლების გამოყენება სიმძიმის მიხედვით, რეზინების ნაცვლად პირსახოცით შუძლიათ ისარგებლონ და სხვ. სახლის პირობებთან დაახლოებული სწორედ ასეთი ვარჯიშებია მოცემული იმ ვიდეორგოლებში, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია პრაქტიკული გაკვეთილის ჩატარებისას. ერთია, რომ მასწავლებელი, ფიზიკური აქტივობების ნაწილში, გაკვეთილს ონლაინ რეჟიმში ატარებს, მეორე ნაწილში კი, აძლევს საშინაო დავალებას.
ზემოთ, კომპლექსურ დავალებებზე საუბრისას, პროექტების მომზადებაც ვახსენეთ, თუმცა, ამ შემთხვევაში, კომპლექსური დავალების პირობა ფიზიკური აქტივობების კალენდარული გეგმის შედგენა იქნება, რომელიც, შეიძლება, ერთ თვეზეც გაიწეროს. ეს გეგმა ასაკიდან გამომდინარე დგება — ბავშვი თავად წყვეტს, კვირაში რამდენი დღე დაუთმოს ფიზიკურ აქტივობებს. მაგალითად, ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი შეუძლია, სახლში დამოუკიდებლად მუშაობისთვის გამოყოს, ხოლო კონკრეტულად რა აქტივობები უნდა განახორციელოს, ეს კალენდარში იქნება მოცემული — ბუქნები, აზიდვები, ზედა ან ქვედა კიდურების ვარჯიშები და სხვ. იმ ვიდეორგოლებში ყველაფერია მოცემული და, მათი გამოყენებით, ბავშვსაც შეუძლია სახლში ვარჯიში. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია — დატვირთვები, თუ რამდენი ბუქნი, აზიდვა თუ ნებისმიერი სხვა ვარჯიში შეასრულოს, ასაკის მიხედვითაა განსაზღვრული. მაგალითად, მუცლის პრესის ვარჯიში 10-დან 20-მდეა განსაზღვრული. ამ ვარჯიშის 10-მდე შესრულება იოლია, ხოლო იმის ზევით უკვე ბავშვზეა დამოკიდებული. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეების 20 პროცენტამდე სპორტითაა დაკავებული, სხვადასხვა სპორტულ სექციაში დადიან — მათთვის, შეიძლება, ის 20-იც ბევრად იოლი იყოს და გაცილებით მეტის გაკეთებაც შეუძლიათ. ჩვენ ყველაზე დაბალ ზღვარს ვთავაზობთ, ბავშვი თუ მეტს გააკეთებს, ეს მასზეა დამოკიდებული. აზიდვებზე, ბუქნებზე, მუცლის პრესსა და ამ ტიპის, ანუ შედარებით მსუბუქ, ვარჯიშებზე სარეკომენდაციო ციფრებს ვაძლევთ, ხოლო უფრო ძალისმიერ ვარჯიშებზე, მაგალითად,სიმძიმეების აწევაზე — უბრალო რეკომენდაციას, რომ მოზარდმა შესაძლებლობიდან გამომდინარე იმოქმედოს, რამდენადაა ფიზიკურად განვითარებული.
ეს ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ, გზამკვლევში კალენდრის ფორმატითაა მოცემული. როგორც გითხარით, ეს სიახლეები იანვრიდან დაიგეგმა და, იმედია, მასწავლებლებს დაეხმარება, უფრო აქტიური გახადონ, დისტანციურ რეჟიმში, ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები. ბუნებრივია, ბევრი კითხვაც გაჩნდება — რამდენად იმუშავებენ ბავშვები, შასრულებენ თუ არა ამ ყველაფერს, ვინ გააკონტროლებს მათ და ა.შ. თუმცა, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის მთავარი მიზანი და როლი, ამ საგაკვეთილო პროცესში, ის უნდა იყოს, რომ ბავშვებს გააცნობიერებინოს, რა დადებით ზეგავლენას ახდენს ესა თუ ის ფიზიკური აქტივობა მათ ორგანიზმზე. თუ ბავშვმა ეს არ გააცნობიერა, რაც უნდა მაგარი აქტივობები შევთავაზოთ, ის ყოველთვის მოერიდება შესრულებას. შეიძლება, ზემოხსენებული კალენდარიც შეავსოს, მაგრამ პრაქტიკულად არ გააკეთოს. ბავშვს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რატომ უნდა ჩაერთოს ამ აქტივობებში, რატომ უნდა იყოს სახლის პირობებში ფიზიკურად აქტიური, ეს კალენდარი დაეხმარება, ყოველდღიურად, მონიშნოს მის მიერ შესრულებული აქტივობები.
დეკემბერში ვგეგმავდით, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 5 თებერვალს გადავიტანეთ მასწავლებელთა საგანმანათლებლო კონფერენცია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ნაწილში. მისი მთავარი მიზანია, დისტანციური სწავლების რეჟიმში არსებული პრობლემების გამოკვეთა და მათი გადაჭრის გზების დასახვა. გამომსვლელები, ძირითადად, სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები არიან და, ცხადია, ფიზიკური აღზრდის მასწავლებლებიც სკოლებიდან, ასევე, ჩვენი რეგიონული ექსპერტებიც. კონფერენცია ორ ნაწილად გაიყო — მსურველებს შეეძლოთ როგორც მომხსენებლებად დარეგისტრირება და თავიანთი ნაშრომების გამოტანა, ასევე, მსმენელებად დარეგისტრირებაც, არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზები მოსასმენად. ამ კონფერენციაზევე დაიგეგმა იმ ახალი გზამკლევის ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა.
მომდევნო სემესტრში, ფიტნესის, სპორტის და ფიზიკური განათლების ეროვნულ ასოციაციასთან ერთად, ასევე, იგეგმება ახალი პროექტის განხორციელება, რომელიც სამი მიმართულებით გაიშლება: სპორტული ვიქტორინა, რომელიც მოიცავს ფიზიკურ აღზრდას და სპორტს, ცხოვრების ჯანსაღ წესს, ქართული თუ ზოგადად სპორტის ისტორიას და ა.შ.; ნახატების კონკურსი, რომლის შინაარსიც ასევე ფიზიკური აღზრდა და სპორტი იქნება; კომპლექსური პროექტები, რომლებსაც უკვე ამზადებენ ბავშვები მასწავლებელთა ჩართულობით და ამ პროექტების კონკურსები რეგიონულ დონეზე გაიმართება.
მოკლედ, ეს სამივე მიმართულება ხელს შეუწყობს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების პოპულარიზაციას — რეგიონების მიხედვით გამოვლინდებიან გამორჩეული მოსწავლეები, რომლებსაც სიმბოლური პრიზები თუ სიგელები გადაეცემათ. ეს მიმართულება მომდევნო სემესტრშიც გააქტიურდება, რაც, ვფიქრობ, რეგიონების დონეზე, უფრო მიმზიდველსა და სახალისოს გახდის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებს.