24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

განახლებული რეკომენდაციები სსსმ მოსწავლეებისთვის

spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, დასწრებითი სწავლების პირობებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით, სკოლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უკვე ინფორმირებულია და სსსმ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის ორგანიზება სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს.

15 თებერვალს მოსწავლეების საკლასო ოთახში დაბრუნებისთვის თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს განახლებული რეკომენდაციების მიხედვით გეგმავს. აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ეწვია და მზადების პროცესს ადგილზე გაეცნო.

სამინისტროს მიერ განახლებული რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას დაეხმარება, სასწავლო პროცესი სსსმ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების გათვალისწინებით დაგეგმოს: „202-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სრულად აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით, შენობაში მოწყობილია რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი და საიზოლაციო სივრცე. გარდა ამისა, უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით, ადგილზე მუშაობენ მობილობა-ორიენტაციის სპეციალისტები, რომლებიც მოსწავლეებს სასკოლო გარემოში ჰიგიენის ნორმების დაცვის მიმართულებით უწევენ დახმარებას.“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

დისტანციური სწავლების მსურველ სსსმ მოსწავლეთა მშობლებსაც შეუძლიათ, დაარეგისტრირონ მოზარდი სპეციალურად შექმნილ პორტალზე და მოსწავლემ სახლის პირობებში, დისტანციური ფორმით, გააგრძელოს სწავლა. ეკატერინე დგებუაძემ ყურადღება გაამახვილა მშობლებისთვის შეთავაზებულ ამ დამატებით შესაძლებლობაზე, რომლის თანახმად, მშობელს ეძლევა საშუალება, არჩევანი გააკეთოს დისტანციურ და დასწრებით სწავლებას შორის.

განახლებული რეკომენდაციები სსსმ მოსწავლეებისთვის პირბადის მოხმარების წესებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სკოლაში V-XII კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელია პირბადის ტარება. დეტალური ინსტრუქციები დაეგზავნა სკოლებს და ისინი უზრუნველყოფენ მშობლების ინფორმირებას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები