მომავალი წლიდან, საქართველოში, ფიზიკური აქტივობის ასამაღლებლად, გარკვეული რეფორმები იგეგმება და ამ გეგმებში სკოლას, ზოგადად, სასწავლო დაწესებულებებს ერთ-ერთი ქვაკუთხედის როლი ეკისრებათ. ხელისუფლება უკვე მუშაობს სახელმწიფო სტრატეგიაზე, რომლის შემუშავებაშიც რამდენიმე სახელმწიფო უწყება მონაწილეობს. ამის შესახებ ქართულ მედიასთან (ინტერპრესნიუსი) საქართველოში ჯანმოს წარმომადგენელმა, კახა ღვინიანიძემ ისაუბრა. მისი სიტყვებით, სტრატეგია 2030 წლამდეა გათვლილი, ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით მუშავდება და მასში საუბარია ქვეყნის ყველა ფენის მოქალაქეზე. ამ წერილში ჩვენ მხოლოდ სკოლებსა და სპორტის გაკვეთილებზე შევჩერდებით. თუმცა არ გვინდა, კონკრეტულად ამ ინტერვიუს კრიტიკა ან განხილვა გამოგვივიდეს — სახელმწიფოს ხედვაზეა საუბარი და იმ შუქ-ჩრდილებზე გვსურს ყურადღების გამახვილება, რაც კონცეფციაში გვენიშნა…
ფიზიკური აქტივობა, მოზარდებშიც და ქვეყნის სრულასაკოვან მოქალაქეებშიც, მართლაც აუცილებელია. უცხოეთის განვითარებულ ქვეყნებში ეს საზოგადოების კულტურის ნაწილადაა ქცეული, ჩვენ კი, სამწუხაროდ, ამ ნიშნულამდე ბევრი გვიკლია. სკოლებშიც ბევრი რამაა გასაკეთებელი, თუმცა ზემოაღნიშნულ ინტერვიუში რამდენიმე ფრაზა მოგვხვდა თვალში: „უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ სკოლებში ფიზიკური აქტივობის გაკვეთილი ჩატარდეს რეგულარულად და დასწრების მაჩვენებელი მაღალი იყოს. სტრატეგიის პროექტის მიხედვით, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების აქტიური ჩატარება სკოლებში სავალდებულო გახდება“. პირველი კითხვაც აქ გაგვიჩნდა — აბა, აქამდე რას ვაკეთებდით, ნუთუ არ ხდებოდა ასე? არადა, ისე ვიცოდით, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით, სკოლებში სპორტის გაკვეთილებიც რეგულარულად ტარდება და მოსწავლეთა დასწრებაც არა მხოლოდ აქ, ზოგადად — გაკვეთილებზე მაღალია. და თუ აქამდე არც ერთი ეს მაჩვენებელი არ იყო დამაკმაყოფილებელი, რა გარანტიაა, რომ ამ სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ გამოსწორდება და სათანადო სიმაღლეზე ავა? როგორ უნდა მიაღწიოს სახელმწიფომ ამას? თურმე ახალი სტრატეგია, ამ პროცესის გასაკონტროლებლად, მონიტორინგის სამსახურს განიხილავს, ოღონდ ჯერ უცნობია, ვინ განახორციელებს მას. კახა ღვინიანიძე არ გამორიცხავს, რომ მონიტორის გამოსავლენად ტენდერიც ჩატარდეს… კიდევ ერთი „ძაღლის თავი“ აქ გვგონია ჩადებული, თუმცა, ვიმეორებთ, ეს მხოლოდ ერთი პიროვნების პირადი აზრია (მაგრამ მაინც სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის წევრისა) და ჯერ იდეის დონეზეა. ტენდერებისადმიც დიდია საზოგადოებაში უკმაყოფილება, რადგან ისინი ხშირადაა კორუფციის წყარო და პირად-მერკანტილური სურვილების განხორციელების საშუალება: მოაგებინონ და დაასაქმონ ახლობლები, რისთვისაც ხშირად სპეციალურად იქმნება ამგვარი სამსახურები, რაც ბიუჯეტს დამატებით ხარჯად აწვება. თან, რა გამოდის — თითოეულ სკოლას თითო მაკონტროლებელი დავაყენოთ თავზე? ხომ არ აჯობებს, სისტემა შეიქმნას, რომელიც თავად გააკონტროლებს ამას კანონიდან გამომდინარე? ზოგადად, მაკონტროლებლების მომრავლება ავტორიტარიზმის ერთ-ერთი მახასიათებელია. ან ეს „სპორტის გაკვეთილების აქტიურად ჩატარება“ რას გულისხმობს: აქამდე არ ტარდებოდა აქტიურად? და თუ არა, მაშინ რატომ არ ტარდებოდა?
ბატონი კახა საუბრობს იმ მართლაც შემაშფოთებელ რეალობაზე, რაც ქვეყანაში გვაქვს: თითქმის ყოველი მე-6 ადამიანი უმოძრაოა, მოსახლეობის 90% კი არ ასრულებს მაღალი ინტენსივობის რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებს; სპორტული კომპლექსების მომხმარებელთა წილი მოსახლეობის 10%-ს არ აღემატება, ხოლო მოსახლეობის 90% ამ სერვისით საერთოდ არ სარგებლობს… ეს მართლაც შემაშფოთებელი სტატისტიკაა, არანაკლები მდგომარეობაა მოზარდებშიც. ჯანმო რეგულარულად აქვეყნებს ბავშვთა ავადობის სტატისტიკას სხვადასხვა ქვეყნებში, ამ სიაში კი საქართველო, სამწუხაროდ, მოწინავეთა შორისაა… კარგად მახსოვს, დაახლოებით 10-12 წლის წინ, იმხანად სპორტის მინისტრის მოადგილემ და დიდი საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპორტის ექსპერტმა, აწ გარდაცვლილმა თამაზ თევზაძემ როგორი გულისტკივილით მითხრა, ჯანმომ ბავშვებში არაგადამდები დაავადებების სტატისტიკა გამოაქვეყნა და ნახე, ჩვენ რომელ ადგილზე ვართო. ოღონდ ზუსტად აღარ მახსოვს, მაშინ საქართველო მეორე ადგილზე იყო თუ მესამეზე, მაგრამ ეს არცაა მთავარი — სამწუხაროდ, ეს პატარა ქვეყანა მოწინავე იყო ისეთი საშიში დაავადებების მატარებელი ბავშვების ოდენობით, როგორიცაა გულის, ენდოკრინოლოგიური დაავადებები და სხვა… თამაზ თევზაძეს ევროპის საბჭოს სპორტის განვითარების კომიტეტში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა და ბევრ საინტერესო ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი. ის ხშირად იმეორებდა, რომ სპორტში, მოსახლეობის გაჯანსაღებაში დახარჯული 1 ლარი უტოლდებოდა სოციალურ დაცვაში, ანუ მკურნალობა-დაზღვევაში დახარჯულ 15 ლარს! წარმოდგენილი სტრატეგიის პროექტში ამ მომენტებზეც არის საუბარი, თუმცა გაუგებარია რატომ დავკარგეთ ამდენი დრო, რას ველოდებოდით? საიდუმლო ხომ არ იყო, რომ თურმე სახელმწიფო მხოლოდ 4 არაგადამდები დაავადების — გულ-სისხლძარღვთა, დიაბეტის, კიბოს და ფილტვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, ყოველწლიურად, 3 მილიონ ლარს ხარჯავს! არადა, მათ გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა და ამ გზით მოსახლეობის პრევენცია რომ ბევრად იაფი დაჯდება, ამაზე კახა ღვინიანიძეც საუბრობს ზემოხსენებულ ინტერვიუში. თამაზ თევზაძეც ამას ითხოვდა წლების წინ — სპორტის რეფორმას ყველა დონეზე — პროფესიულზეც, სამოყვარულოზეც, სასწავლო-საგანმანათლებლო დონეზეც, მაგრამ მაშინ „თეთრი ყვავივით“ გამოიყვანეს, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაც კი დასწამეს და, ვგონებ, სწორედ ამ საკითხებზე დავამ შეიწირა კიდეც. ის იცნობდა ევროპის, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის გამოცდილებას, სპორტის განვითარების მოდელს, რომლის ანალიზის საფუძველზე ადგენდნენ რეკომენდაციებს, მას კი ეს ყველაფერი უფასოდ მოჰქონდა ჩვენამდე, მაგრამ არ მოუსმინეს! კარგია, რომ სახელმწიფო დღეს მაინც დაუბრუნდა ამ თემას და მისი იდეები, ამდენი წლის დაგვიანებით, ისევ გააცოცხლეს… ამ ყველაფერზე ერთი ძველი ამბავი მახსენდება, დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი პირველი მოწვევის პარლამენტში მომხდარი, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ რესპუბლიკელთა მომზადებულ კანონზე რომ თქვეს, კარგი კანონია, თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი, მაგრამ საქართველო ჯერ მზად არაა მის მისაღებადო…
ამ თემაზე საუბრისას თამაზ თევზაძე გამუდმებით უსვამდა ხაზს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს — ქვეყნისთვის სტრატეგიულსა და ფინანსურად შეუფასებელს: ჯანმრთელი მოქალაქე ქვეყნის თავდაცვისუნარიან მოქალაქეს ნიშნავსო. ვგონებ, ეს საკამათო არავისთვისაა და, იმედია, ამ ახალი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ლაიტმოტივიც იქნება.
ასევე ვიმედოვნებთ, რომ ახალ სტრატეგიას და სახელმწიფოს არ გამორჩება საგანმანათლებლო სისტემის სულ ქვედა რგოლი — საბავშვო ბაღები და იზრუნებს, რომ ბავშვებს მცირე ასაკიდან მისცენ სწორი მიმართულება და თავიდანვე იზრუნონ მათ აქტივობაზე… ბუნებრივია, ბაღის აღსაზრდელები ვერ დაიტვირთებიან თუნდაც სკოლის მოსწავლეთა დონეზე, მაგრამ, ფიზიკური აქტივობის მხრივ, გარკვეული უნარ-ჩვევების გამომუშავება ბაღიდანვე შეიძლება… მსოფლიოში ამის დიდი გამოცდილება არსებობს და შეიძლება რომელიმე მოდელის გადმოღება. რამდენიმე წელიწადია, საქართველოს რიგ სკოლებში მუშაობს „ჯუდო ქიდს“ პროგრამა, რაც საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ დაიწყო, ჯერ თავის ბაზაზე და მერე სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებში შეიტანა. პროგრამა, ძირითადად, სკოლამდელი ასაკის, 3-4 და 5-6 წლის, ბავშვებზე იყო გათვლილი. პირადად ვიყავი მომსწრე იმ სიხარულისა და ენთუზიაზმის, რითაც პატარები მიდიოდნენ ძიუდოს აკადემიაში და როგორი ხალისით ერთვებოდნენ იმ მარტივ ვარჯიშებში, რაც ძიუდოს ელემენტარული უნარ-ჩვევების გამომუშავებას ემსახურებოდა. საინტერესოა ისიც, რომ მშობლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ამ ვარჯიშებში, რაც პატარებისთვის დამატებითი მოტივაცია და ხალისი იყო. თან, ეს სოციალური ურთიერთობის ახალი ფორმაცაა, როცა შვილისა და მშობლის ურთიერთობა სულ სხვა, გაცილებით ნაყოფიერ ფორმატში გადადის.
გვარ-სახელს არ დავასახელებ და ერთხელ ახლო წარსულის ერთ ძალიან ცნობილ მოჭიდავეზე მისმა პირადმა მწვრთნელმა მითხრა, მამამისმა 7 წლისა მოიყვანა ჩემთან და მაშინ წინ კოტრიალიც არ იცოდაო. ასეთი მარტივი აქტივობა ბაღშიც შეიძლება ვასწავლოთ ბავშვებს („ჯუდო ქიდსის“ ვარჯიშებში ერთ-ერთი ელემენტი იყო). როცა ისინი პატარაობიდანვე მიეჩვევიან სპორტულ აქტივობას, გაცილებით იოლია, მათ ეს ცხოვრების წესად ექცეთ, ვიდრე, თუნდაც, 8-10 წლის ასაკში.
ზემოხსენებული ინტერვიუდან იმასაც ვიგებთ, რომ სახელმწიფო სკოლების სპორტული ინფრასტრუქტურით სრულად აღჭურვის თემითაც დაინტერესდნენ, კონცეფცია ამასაც ითვალისწინებს. მოყვანილია უცხოეთის მაგალითები, სადაც სახელმწიფო არ მიიღებს სკოლას, რომელსაც არ ექნება სპორტული ინფრასტრუქტურა. დაგვეთანხმებით, საქართველოში რამდენიც გინდა იმდენია ასეთი სკოლა. რეგიონებში კი არა, თბილისშიც მინახავს ისეთი დიდკონტინგენტიანი სკოლები, სადაც სპორტული ბაზა, უბრალოდ, „გზას ვამბობ, თორემ რა გზაა“. პროექტი ასევე ითვალისწინებს სპორტის მასწავლებელთა მომზადებას, რაც ერთ-ერთი საკვანძო საკითხია. ბოლო წლებში სპორტის გაკვეთილები უმუშევრად დარჩენილ ხელმოცარულთათვის თავშესაფრად რომ იქცა, არ ახალია… შედეგად, რამდენიმე წლის წინ, 11 000 კადრიდან, სპეციალისტი მხოლოდ 3 500 იყო, რაც მთლად კატასტროფული თუ არა, ფრიად არასახარბიელო რეალობაა. ამაზე, წლების წინ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტის ექსპერტს, გია ბეგიაშვილსაც ხშირად უსაუბრია, როცა სასკოლო სპორტის ფედერაცია დააარსა. საბედნიეროდ, დღეს მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და, ვგონებ, 50%-ს გადასცდა სპეციალისტთა რიცხვი, მაგრამ ტემპი მაინც მეტია საჭირო. ისიც საკითხავია, ვინ ამზადებს დღეს ქვეყანაში სპორტის მასწავლებელს, როგორც სხვა კონკრეტული საგნის სპეციალისტს?.. სპორტის სასწავლო უნივერსიტეტს ეს ფუნქცია აღარ აქვს და იქ მხოლოდ გადამზადებას გადიან საკრედიტო პროგრამით, თუმცა, როგორც მისი ხელმძღვანელობა აცხადებს, კადრების მომზადებაში ძალიან შეზღუდულები არიან.
დასასრულს, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ამ წერილის მიზანია მხოლოდ სახელმწიფოს ხედვაზე საუბარი და არა რომელიმე კონკრეტული ინტერვიუ. მით უფრო, ამ საკითხებზე წლებია, ვმუშაობთ და სიღრმისეულად თუ არა, გარკვეულ დონეზე მაინც ვიცნობთ. მით უფრო გაგვიკვირდა ისეთი საკითხების წინ წამოწევა, რაც უკვე მოგვარებული გვეგონა. იმედია, შემოთავაზებული სახელმწიფო სტრატეგია „ბოლის გამოშვების“ მცდელობა არ იქნება და ვითარების რეალურად გაუმჯობესებას მოემსახურება.
ირაკლი თავაძე