24 ნოემბერი, კვირა, 2024

სასვენი ნიშნები

spot_img

წერის დროს აუცილებელია სასვენი ნიშნების გამოყენება, რადგან მათ გარეშე ტექსტი რთულად აღსაქმელია.

პუნქტუაცია (პუნქტი წერტილს ნიშნავს, ლათინურად Punctum –  წერტილი) სასვენ ნიშანთა გამოყენების წესებია. მისი დანიშნულებაა, წინადადება ნათელი და ზუსტი გახადოს.

პუნქტუაციის ჩამოყალიბებამდე სიტყვები მიჯრით, ინტერვალის გარეშე იწერებოდა, რაც კითხვასა და გააზრებას დიდად აძნელებდა. დამწერლობის განვითარებასთან ერთად, საჭირო გახდა, შემუშავებულიყო ნიშნები ტექსტის დასანაწევრებლად.

საინტერესოა სასვენი ნიშნების სისტემატიზაციის ისტორია, რომელშიც გამორჩეული ადგილი უჭირავს ეფრემ მცირეს (შუა საუკუნეების ქართველ მოღვაწეს). მან ჩამოაყალიბა სასვენი ნიშნების ხმარების გარკვეული წესი: შემოიტანა ერთი (.) ორი (:) სამი (:·) ექვსი (:·:·) წერტილი და ტერმინები: „მცირედ სასუნად“, „განსაკუთელად სიტყისა“, „დიდად სასუნად“, დასრულად დასაბოლოებად და ახლად დასაწყებელად სიტყის“.

დამწერლობის ისტორიის მანძილზე, წერილობით გადმოცემული აზრის დანაწევრება სხვადასხვაგვარად ხდებოდა: ინტერვალით, ვერტიკალური ხაზგასმით, წერტილით, წერტილებით და სხვა გრაფიკული გამოსახულებებით.

 ახლა კი გავეცნოთ შემდეგ სასვენ ნიშნებსა და მათი მოხმარების ძირითად წესებს:
  1. წერტილი. იგი იწერება თხრობითი წინადადების ბოლოს და არ იწერება სათაურის ბოლოს, ციტატის ბოლოს, როცა მას მოსდევს ფრჩხილებში ჩასმული მითითება, ავტორის ან წყაროს დასახელება.

მაგალითად: მთა და ბარი გადათეთრდა. „ხელოვნებაა თავად უკვდავება“ (კონსტანტინე გამსახურდია).

  1. მძიმე. იგი დაისმის ერთგვარი წევრების შემდეგ შერწყმულ წინადადებაში, თუ მათ არ აერთებთ და ან თუ კავშირი. მძიმის დასმით ხდება ერთგვარი წევრების გამიჯვნა. მაგალითად: მზე, მთვარე და ვარსკვლავები შენთვის მომიძღვნია.

(მძიმის გამოყენებასთან დაკავშირებით ცალკე მასალა მომზადდება, რომელიც დეტალურად შეეხება ამ სასვენი ნიშნის გამოყენებას).

3. კითხვითი ნიშანი. იგი იწერება კითხვითი წინადადების ბოლოს. მაგალითად: რომელი საათია? როგორ ხარ?

4. ძახილის ნიშანი დაისმის: ძახილი წინადადების ბოლოს, ბრძანებითი წინადადების ბოლოს, მიმართვასთან, თუ ის ცალკეა, ან წინადადების თავსა თუ ბოლოშია და ასევე, შორისდებულებთან. წინადადების თავში არსებულ მიმართვასთან, ასევე შორისდებულთან, შესაძლოა, მძიმეც დაისვას. მაგალითად: ვიშ, გაზაფხული მოდის მორთული! მეგობრებო! წინ, წინ გასწით! უი! ესღა გვაკლდა!

5. კითხვით-ძახილის ნიშანი. კითხვისა და ძახილის ნიშნები ერთად იმ შემთხვევაში იწერება, როცა კითხვასთან ერთად გამოხატულია ადამიანის გრძნობა. მაგალითად: კაცმა კაცი როგორ უნდა მოკლას?

6. მრავალწერტილი იწერება მაშინ, როცა სათქმელი არასრულადაა წარმოდგენილი, დაუმთავრებელია, შეწყვეტილ-დაყოვნებულია ან ნაწილ-ნაწილ წარმოითქმის. მაგალითად: ღრუბლები… ღრუბლები… საზარელი ღრუბლები…

7. ორწერტილი იწერება შერწყმულ წინადადებაში ერთგვარი წევრების ჩამოთვლის წინ, რთულ წინადადებაში – როცა მეორე ნაწილი გადმოგვცემს პირველის ვრცელ, გაშლილ ახსნა-განმარტებას, მიზეზს, მიზანს ან შედეგს, განმარტავს პირველი ნაწილის მნიშვნელობას ან პირდაპირი ნათქვამის წინ. მაგალითად: ყველაფერი კარგად შეისწავლა პატარა აკაკიმ: ხვნა, თესვა, მკა. ამ საქმის გაკეთება, რომელსაც შეეჭიდეთ, რთულია: დიდ ძალისხმევას, ცოდნასა და დროს მოითხოვს.

8. ტირე იწერება დიალოგიის, პოლილოგიის შემთხვევაში (ყოველი ახალი ნათქვამის წინ), ასევე – შემასმენლის გამოტოვებისას,  განმაზოგადებელ სიტყვასთან შერწყმულ წინადადებაში, როცა განმაზოგადებელ სიტყვა ერთგვარი წევრების შემდეგაა წარმოდგენილი. მაგალითად:

– მეზვრემ მწვანილი მოიტანა?

–  მოიტანა.

მე დაბრუნებით ტკივილებს მოვერევი, შენ – გაღიმებით.

ხვნა, თესვა, მკა, – ყველაფერი კარგად შეისწავლა პატარა აკაკიმ.

9. ფრჩხილები იწერება მაშინ, თუ სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი, რომლებიც განმარტავს წინა სიტყვის მნიშვნელობას, ჩართული სიტყვები და წინადადებები, რომლებიც იძლევა დამატებით ცნობას, ახსნა-განმარტებას თუ შენიშვნას ძირითადად წინადადებაში გამოთქმულ აზრთან დაკავშირებით. მაგალითად: კუდრანია (იგივე ხემარწყვა) ნაყოფს მესამე წლიდან იძლევა.

10. ბრჭყალები. ციტატები, წიგნის, ჟურნალ-გაზეთების, ნაწარმოების, კინოფილმის, სპექტაკლის სახელწოდებები, ირონიულად ნათქვამი და ბარბარიზმები ბრჭყალებში ჩაისმის. მაგალითად: „ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა“. ჟურნალი „შოკოლადი“ ქართულ კულტურას შეეხო. „ქალბატონო“, აქეთ მოიხედეთ!

თეკლა მორჩილაძე, აკეთის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები