ვაჟა-ფშაველას ისტორიულ-ლიტერატურული პოემის „ბახტრიონი“, დასაწყისშივე ვხვდებით, ერთ-ერთ პერსონაჟს სანათას. მისი საშუალებით ავტორი გვიხატავს, როგორც ძლიერ, ისე სწორი ფილოსოფიური ხედვების მქონე ადამიანს.
სანათა „აფხოშური ქალია“. დედა, რომელმაც შვიდი ქართველი ვაჟკაცი აღზარდა და სამშობლოს შესწირა. პოემაში პერსონაჟის გამოჩენისთანავე, მკითხველს თვალწინ უდგას სახე ძლიერი და გამბედავი ქალისა. მას პირველად საჯარეში ვხვდებით. საჯარე ადგილია, სადაც ფშავური წესების თანახმად, ქალის შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. „საჯარეს დიაცს რა უნდა?“, თუმცა სანათა ხატს ემსახურება.
„მარტოს აუნთავ სანთლები
და ხატიც უდიდებია;
მარტოს დაუკლავ საკლავი,
თვითონვე უტყავებია;
მარტოდ-მარტოკას დიაცსა
ხატ-ღმერთი უხსენებია!“
„ქალი თავისი პიროვნებით, წარმოადგენს ზნეობრივ სანქციას“ – წერდა ვაჟა. სანათა მართლაც ის ქალია, რომელიც ზნეობრივად ზეგანვითარებულია. იგი თვლის რომ უკაცოდ დარჩენილ ფშავში, დედაკაცებმა უნდა იტვირთონ მამაკაცური სიმძიმეები. მიუხედავად მის ცხოვრებაში მომხდარი უდიდესი ტრაგედიისა, წესების აღსრულება სანთასთვის უმნიშვნელოვანესია.
„უკაცურთ კაცობა გვმართებს,
მანამ სული გვჩრავ პირშია.
ხატიც შაგვინდობს ცოდვასა,
რო გვნახავს გასაჭირშია.“
სანათა არ კარგავს სიცოცხლისუნარიანობას. იგი უფალსაა მინდობილი, მისი იმედით მოქმედებს და ცოცხლობს. ამით მართლაც წარმოადგენს ზნეობრივ სანქციას „ბახტრიონში“. მეუღლისა და შვიდი შვილის დამკარგავი ქალი, კვირიასა და მის თანამოაზრეებს აქეზებს ბრძოლაში ჩასართავად. ეს არ ხდება შურისძიებისა და ეგოიზმის გამოვლინებით. სანათა არაა ქალი, რომლისთვისაც პიროვნული გრძნობები და ტკივილებია მნიშვნელოვანი. მისი გული გაჟღენთილია ქვეყნის სიკეთისთვის „ნდომა-მისწრაფებით“.
„ეგებ ინებოს ბატონმა,
გაგმარჯვებიყოსთ მტერზედა;
თუ ამას გავიგონებდი,
არ ვიტირებდი მკვდრებზედა:“
მოცემულ მონაკვეთში უკვე ჩნდება ვაჟას „შემოქმედებითი ქურის“ კვალი. პერსონაჟი მზადაა უარი თქვას გლოვაზე და სამუდამო გულისტკივილზე. სამშობლოს გამარჯვება და თავისუფლება მისთვის პრიორიტეტადაა ქცეული. ჰუმანურობის ასეთი დონის გამოვლენა, მხოლოდ ვაჟას მიერ სულჩადგმულ პერსონაჟებს თუ შეუძლიათ.
პოემის ისტორიული საფუძვლებიდან გამომდინარე, სანათას პერსონაჟი ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი არის ქალი, რომელმაც საკუთარ ცხოვრებაში, სისუსტეს არ დაუტოვა ადგილი. გრძნობებს არ მისცა გონებაზე ზემოქმედების საშუალება და იქცა ძლიერების სიმბოლოდ.
მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე