წინასაახალწლოდ, ალბათ, უფრო სასურველი იქნებოდა მხოლოდ დადებით ემოციებზე აგებული თემის ინიცირება, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, საგანგებოდ საახალწლო განწყობის შექნას, ვამჯობინე, ორი სიტყვით იმ რეალობას შევეხო, რომელშიც დღეს მასწავლებელსა და მოსწავლეს უწევს ყოფნა და ეს რეალობა არის თავსატეხად ქცეული ონლაინ გაკვეთილები, რომელიც ბევრი მოსწავლისთვის უბრალოდ ხელმისაწვდომი არ არის – მიზეზი ინტერნეტის და ტექნიკური მოწყობილობის არქონაა. ბევრისთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ მხოლოდ ხელმისაწვდომობა რომ ხარისხიანი განათლებისთვის საკმარისი არ არის, ეს ცხადზე ცხადია. ხარისხიანი განათლება იქით იყოს და, ზოგადად, სისტემა რომ მასწავლებლების მხრებზე დგას, ეს კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა კოვიდ პანდემიამ. დღეს, როგორც არასდროს, განათლების სისტემის ყველაზე ძლიერ და წამყვან ძალად მასწავლებელი გამოიკვეთა, რომელსაც, ახლა, კიდევ ერთი საზრუნავი დაემატა – როგორმე გადაარჩინოს საკუთარი მოსწავლე ან მოსწავლეები განათლების მიღმა დარჩენას და მეტიც, გადაარჩინოს სისტემა! მერე რა, რომ ამას ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასადაც კი სთხოვენ, მერე რა, რომ მოსწავლეებისთვის მეგაბაიტების შესაძენად იებს ახარებს და მერე ყიდის… სამაგიეროდ, მან თავისი მოსწავლე უნდა ჩართოს სასწავლო პროცესში (მერედა როგორ გაუმართლა ამ მოსწავლეს/მოსწავლეებს ასეთი მასწავლებლის ხელში), სკოლა გადაარჩინოს, საბოლოო ჯამში კი, სისტემა უნდა გადაარჩინოს!
ამ რთული მისიის შესრულებაში თითოეულმა მასწავლებელმა და სკოლამ თქვენ გვერდით გვიგულეთ, მხოლოდ, როგორც ხედავთ და იცით, ხმაურიანი გვერდში დგომა ჩვენ არ გვჩვევია – მოჩვენებით და ხმაურის გამოსაწვევად დაწერილ თუნდაც ერთ „კრიტიკულ“ წერილს ვამჯობინებთ ჩვენი მკითხველის, პირველ რიგში კი, თქვენი, მასწავლებლების, საჭიროებებზე გულწრფელ და პროფესიონალურ რეაგირებას. 22-წლიანი ისტორიაც სწორედ ასეთმა, არ მომერიდება ამის თქმა, აკადემიურმა სტილმა განაპირობა და არა რეიტინგულმა ხმაურმა.
ბუნებრივია, ახალი წლის მილოცვისა და მადლობის გარეშე ვერც ეს წელი ჩაივლის. ჰოდა, მადლობას გიხდით ჩვენო ხელმომწერებო და მკითხველებო მრავალწლიანი ერთგულებისთვის, კიდევ ერთი წლის თანამშრომლობისთვის და დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!
ძალიან რთული წელიწადის მიუხედავად, რომელიც, უმეტესწილად, არატრადიციულ ფორმატში წარიმართა, ჩვენი თანამშრომლობა მაინც შედგა. ვაფასებთ, რომ გაგებით მოეკიდეთ ამ ყველაფერს და ბოდიშს გიხდით იმ შეფერხებისთვის, რაც ფორს-მაჟორულ სიტუაციას თან ახლდა. იმედია, ყველაფერი გადაივლის, ქვეყანა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ჩვენი ტრადიციული თანამშრომლობა კი, 2021 წელს კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი გახდება. ჩვენს მთავარ პრიორიტეტად, ბუნებრივია, ისევ დარჩება ქართული საგანმანათლებლო სივრცის პრობლემებისა და მიღწევების გაშუქება, პედაგოგების საჭიროებების გათვალისწინება, მოსწავლეებისა და სტუდენტების მხარდაჭერა. თქვენს პროფესიულ განვითარებაში შეტანილი წვლილი ჩვენთვის, დღემდე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. ასეთივე როლი გვინდა შევასრულოთ არაქართულენოვანი მასწავლებლების კარიერულ წინსვლაშიც, ეთნიკური უმცირესობების მასწავლებლებისთვის ერთადერთ წყაროდ ვრჩებით – მშობლიურ ენაზე მიიღონ და გამოაქვეყნონ მათთვის ძალიან საჭირო ინფორმაცია და მეთოდური წერილები კოლეგების დასახმარებლად.
ამ წლის ბოლო ნომერი 24 დეკემბერს გამოვა, 2021 წელს, ბევრი სიახლით დაგიბრუნდებით, სამომავლო გეგმებში კი, თქვენ უპირველესი ადგილი გიჭირავთ.
თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.
ბედნიერ წელს გისურვებთ!
„ახალი განათლების“ რედაქტორი ლალი ჯელაძე
საახალწლო მიმართვა ერთგულ მკითხველს