19 მაისი, კვირა, 2024

რუტინების დაწესება

spot_img

ვერა ქარელი
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ტყვიავის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

კლასის მართვის შესახებ უამრავი სტატია დაწერილა და ალბათ კიდევ ბევრი დაიწერება, რადგან ეს საკითხი ყველა დროში აქტუალური თემაა. ყველა მასწავლებელი ცდილობს შეიძინოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა კლასის მართვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არ არსებობს საერთო აზრი იმის შესახებ, კლასის მართვის რომელი სტრატეგიაა განსაკუთრებით ეფექტური, თუმცა არსებობს ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი სტრატეგიები, რომელიც ხელს უწყობს კლასში მზრუნველი გარემოს ჩამოყალიბებას. ერთ-ერთი და, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ვიტყოდი, საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა „რუტინების დაწესება“. რუტინების ჩამოყალიბება კლასის ეფექტური მართვის მნიშვნელოვანი ელემენტია, მოსწავლეები თავად შეიმუშავებენ და ამკვიდრებენ ქცევის წესებს პოზიტიური, მხარდამჭერი და ღირსეული საკლასო ურთიერთობისთვის. ამ წესების წარმატებით დანერგვა განპირობებულია იმით, თუ როგორ ასრულებენ მოსწავლეები თავიანთ მოვალეობებს.

ნაბიჯი 1

მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, როგორ საკლასო გარემოში ისურვებდნენ სწავლას. მასწავლებლის გეზის მიმცემი კითხვების დახმარებით, მოსწავლეები ისურვებენ უსაფრთხო, მზრუნველი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ გარემოს, სადაც განსხვავებულს პატივისცემით ეპყრობიან, კარგად სწავლობენ, პატივს სცემენ ერთმანეთის მოსაზრებას… მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ ასეთი საკლასო ურთიერთობისთვის საჭირო ქცევები (მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს ყველა ქცევას). შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ და დაასახელონ რამდენიმე ქცევა, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი იქნება სასურველი საკლასო გარემოს შესაქმნელად. მთელი კლასი მსჯელობს, რომელი წესები შეიტანონ კლასის „კონსტიტუციაში“. შერჩეულ შეთანხმებებს მოსწავლეები განიხილავენ არჩევითი პრინციპით. ჩამონათვალი უნდა იყოს მკაფიო და მოსწავლისთვის გასაგები. მაგალითად: „მოისმინე ყურადღებით, როცა ვინმე საუბრობს“, „შეაქე კარგად გაკეთებული საქმისთვის“, „დავაცადოთ ერთმანეთს საუბარი“… საკლასო შეთანხმებას ხელმოწერით ადასტურებენ მოსწავლეები და მასწავლებლები, გამოაკრავენ საკლასო ოთახში.

მასწავლებელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს წესები უნდა დაიცვან როგორც კლასში, ასევე ოჯახსა და საზოგადოებაში.

ნაბიჯი 2

მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს „კლასის კონსტიტუციაში“ შეტანილი ქცევის წესების შეხსენებით, ავტომატურად დამახსოვრებამდე. მაგალითად: მოსწავლე ყოველდღიურად ასახელებს აქტივობებს, რომელიც ხელს შეუწყობს ერთმანეთის პატივისცემას, ხდება პროცედურების შემუშავება თითოეული აქტივობის შესასრულებლად. ეს პროცედურები უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს და დავაკვირდეთ, როგორ ასრულებენ პრაქტიკაში, მაგალითად: დავაცადოთ მასწავლებელს და თანაკლასელს საუბარი, მოვუსმინოთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის აზრს… შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსწავლეს დააფიქრებს იმაზე, რომ გაცილებით მეტის სწავლა შეიძლება საკუთარი შეცდომების შედეგებზე დაკვირვებით, ვიდრე დასჯით. მასწავლებელი ცალკე განიხილავს ძნელად შესასრულებელ შეთანხმებებს. წესების უგულებელყოფის შემთხვევაში, ახსენებს მათ მოსწავლეებს; ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ყველა მიიღებს მონაწილეობას და მხარს დაუჭერს წესების შესრულების აუცილებლობას. მოსწავლეებს, რომელთაც უჭირთ წესების დაცვა, განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ. მაგალითად: მათ დაევალოთ მასწავლებლის დახმარება რაიმე საკითხში (მაგალითად, რვეულების დარიგება, რესურსების გაკვრა დაფაზე…). მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მოზარდები მგრძნობიარენი არიან, სხვისი თანდასწრებით მათი გაკრიტიკების მიმართ.

რუტინების ჩამოყალიბება კლასის ეფექტური მართვის მნიშვნელოვანი ელემენტია. მოსწავლეები კარგად რეაგირებენ სწორად სტრუქტურირებულ რუტინებზე, რადგან ეს ამცირებს გაუგებრობას, ქმნის უსაფრთხოების განცდას, მკაფიოდ წარმოაჩენს მოლოდინებს მოსწავლეთა მიმართ და ხელს უწყობს მათი დამოუკიდებელი ქმედებების ფორმირებას.

პრაქტიკული ნაბიჯები რუტინების დასაწესებლად

 

შედეგი:

მოსწავლეები მოქნილად გადადიან აქტივობიდან აქტივობაზე, იზრდება მათ შორის პოზიციური ინტერაქცია, გაცილებით ეფექტური ხდება სწავლებისა და ფასილიტაციის პროცესი.

 საკლასო შეთანხმებების დამკვიდრება და დაცვა ხელს უწყობს ყოველი მოსწავლის მონაწილეობას სასკოლო ცხოვრებაში. ამგვარი დამოკიდებულება ქმნის უსაფრთხო სასკოლო გარემოს, სადაც ყველას შეუძლია სწავლა დ განვითარება. ცვლილებების საჭიროების დასადგენად, პერიოდულად, საჭიროა შეთანხმებების გადახედვა, წესების შეცვლა, დამატება ან ამოღება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები