23 ნოემბერი, შაბათი, 2024

რუსთაველი პოეზიის შესახებ

spot_img

შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანში“ ხაზგასმით საუბრობს შაირობაზე. შაირობა ანუ პოეზია, ერთდროულად, ადამიანისთვის არის სასარგებლო და შემეცნების საშუალება, ამავე დროს – სიამოვნების მიმნიჭებელიც. მე-12 სტროფში შევხვდებით აფორიზმს: „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი“. ამ ტაეპში რუსთაველი გულისხმობს: შაირის ღირსება ის არის, რომ პოეზიით შეიძლება შეკუმშულად გადმოიცეს სათქმელი.

რუსთაველი ამბობს, რომ ამბები/სათქმელთა წყება მოკლედ უნდა იქნეს გადმოცემული, მაგრამ ნაწარმოები მოცულობით დიდი უნდა იყოს. მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძლადო, – აცხადებს „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი მე-17 სტროფში.  ამ მომენტს მხოლოდ იმის გამო გამოვკვეთთ, რომ მე-12 და მე-17 სტროფებში გამოხატული მოსაზრებანი არ ჩავთვალოთ ერთმანეთის გამომრიცხავად.

თავად რუსთაველიც ამბებს ლაკონიურად გადმოგვცემს. ამით გრძელი „სიტყვის“ მოკლედ თქმის ხელოვნებას გვიჩვენებს და ასევე, მკითხველს უტოვებს ფანტაზიის გაშლის საშუალებას. ბუნებრივია, მკითხველმა უნდა იფიქროს და განავრცოს დეტალები მხატვრული ნაწარმოებიდან. რუსთაველს პოემა არ დაუწერია ახსნითი ტექსტის დანიშნულებით. დავაკვირდეთ ერთ-ერთ სტროფს და თვალსაჩინოდ დავინახავთ, თუ რაოდენ მოკლედაა გადმოცემული დიდი კოლიზია.

„ესე ქვაბნი უკაცურნი, ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს,

შემომებნეს, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს,

მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს.

საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს!“

ამ სტროფში გადმოცემულია ამბავი, თუ როგორ იპოვა ტარიელმა დევების  მიერ გამოკვეთილი გამოქვაბული, როგორ შეებრძოლა მათ, როგორ დაიღუპნენ ტარიელის თანმხლები პირები. ასევე, წუთისოფლის სამდურავიც გამოხატულია სტროფის ბოლოს.

შოთა რუსთაველს ყოველი ლექსის ავტორი სრულფასოვან პოეტად არ მიაჩნია. ავტორი გამოყოფს სამი ტიპის ლექსს.

რუსთაველისთვის მოსაწონია ისეთი ტიპის ნაწარმოები, სადაც გრძელი სიტყვა მოკლედ არის გამოთქმული და ამისთვის შაირი, ანუ პოეზია არის გამოყენებული. ასეთი ტიპის ნაწარმოებს ეპიკური ეწოდება. სწორედ ასეთ ლექსს ანიჭებს რუსთაველი პრივილეგიას და თავადაც ეპიკურ პოემას გვთავაზობს „ენით, გულით და ხელოვანებით“.

შოთა რუთაველს არაფრად მიაჩნია ისეთი მელექსეები, რომლებსაც არ ძალუძთ სრულფასოვანი ნაწარმოების შექმნა. ასეთი მოშაირეები, რომლებიც ერთი-ორი სიტყვით შემოიფარგლებიან და თავს გამოცდილ მელექსეებს უტოლებენ, არც თავიანთ ნაკლს აღიარებენ, „უცილობლობენ, ვითა ჯორი“.

მეორე ტიპის ლექსი არის ლირიკული ნაწარმოები. იგი ძირითადად ადამიანის განცდებს წარმოგვიდგენს. ლირიკოსებს, რუსთაველის აზრით, არ შეუძლიათ სულისშემძვრელი ნაწარმოების შექმნა. იგი ასეთი ტიპის მელექსეს ადარებს ყმაწვილ მონადირეებს, რომლებსაც დიდი ნადირის მოკვლა არ შეუძლიათ, მაგრამ მათი ხელობაა პატარა ნადირების ხოცვა. „მეორე ლექსი ცოტაი“ ეპიკურისგან განსხვავდება და შუა საუკუნეებში დიდად არ იყო დაფასებული, როგორც ჩანს.

რაც შეეხება მესამე ტიპის ლექსს, ეს არის სანადიმოდ, საარშიყოდ და სამხიარულოდ შექმნილი ნაწარმოები. შოთა რუსთაველი ამბობს, რომ ასეთი ტიპის ნაწარმოები, თუ კარგადაა შექმნილი, მაშინ „ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად“.

შოთა რუსთაველის აზრით, სრულყოფილი ნაწარმოების შესაქმნელად  პოეტს ესაჭიროება მუზა. რუსთაველს სწორედაც რომ ჰყავს თავისი მიჯნური და შეფარვით ახსენებს მას.

საბოლოოდ, რუსთველური შეხედულებით, არსებობს სამი კატეგორიის მელექსე.  ესენია: „გამოცდილი მელექსე“, ანუ ჭეშმარიტი პოეტი; იმგვარი მელექსე, რომელსაც „მოშაირე არა ჰქვიან“ და ე.წ. „მესამე ლექსის“ შემქმნელი პოეტები.

ნინო აბჟანდაძე  – ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

თაკო კეშელავა კოხნარის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

ზურა კაპანაძე ხალიფაურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები