5 მაისი, კვირა, 2024

როცა კლასში კონფლიქტია…

spot_img

თეა სოფრომაძე

თბილისის №215 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

კონფლიქტი სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის გარდაუვალი მოვლენაა და მასში მოიაზრება როგორც თანატოლთა შორის, ისე მოსწავლესა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და მშობელს შორის კონფლიქტიც. დღეს ყურადღებას თანატოლთა კონფლიქტზე შევაჩერებ.

ჩემი სადამრიგებლო კლასი ახლა სწორედ იმ ასაკშია, როცა კონფლიქტმა ყველაზე მძაფრად შეიძლება იჩინოს თავი. მიზეზი, ძირითადად, მათი ასაკობრივი თავისებურებანია. ადვილად შეუძლიათ მტრობის , აგრესიის, დაცინვის გამოვლენა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჩაცმულობა, აკადემიური მოსწრება, შეკამათება, განსხვავებული აზრი და სხვა. თუმცა, არის შემთხვევა, როცა მასწავლებლის, როგორც დამკვირვებლის, როლი უკვე საკმარისი აღარაა და მოითხოვს პრევენციულ ღონისძიებათა ჩატარებას.

კონფლიქტის მოგვარება მარტივი საქმე არ არის, რადგან არ არსებობს ერთი რომელიმე უნიკალური სტრატეგია მის მოსაგვარებლად. საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რისთვისაც კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებზე მოგვიწევს დაფიქრება. მაგალითად, საჭიროა ვიცოდეთ, დაპირისპირება ხომ არ უკავშირდება რაიმე ტიპის კონკურენციას (შეჯიბრი, მუსიკალური გემოვნება, ჩაცმის სტილი და სხვა), პირად ინტერესს, ქცევის დადგენილი ნორმების დარღვევას, სხვადასხვა პიროვნულ თვისებას, ლიდერობის სურვილს, უპასუხო მეგობრულ გრძნობას, თვითდამკვიდრების სურვილს და სხვა.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, მასწავლებელმა ორივე მხარეს აჩვენოს კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობა. მხარეებმა უნდა გააანალიზონ და შემდეგ გამოხატონ თავისი შეხედულება არსებული პრობლემის შესახებ. კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო გზად მიიჩნევა მოლაპარაკება და დაპირისპირებული მხარეების კომპრომისზე წასვლა. პირველ რიგში, საჭიროა აგრესიის განეიტრალება, ვითარების განმუხტვა. ამის მიუხედავად, თუკი კონფლიქტი მწვავდება, მაშინ მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ შემდეგ საკითხებზე: ვინ არიან მონაწილეები? რას ველით მათგან? გვჭირდება თუ არა დამხმარე, აგრესიულ მხარეთა შესაჩერებლად? შევძლებთ თუ არა სიტუაციის განმუხტვას ისე, რომ არც ერთის ღირსება არ შეილახოს?

არსებული სიტუაციის გასამკლავებლად აუცილებელია, კონფლიქტის მონაწილეები გავარიდოთ სხვებს. კატეგორიულად მოვითხოვოთ მათგან ხმის დაწევა და ტონის შეცვლა. ამ დროს, მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ მოსწავლეს, როგორ ვცდილობთ მომხდარის მისი თვალით დანახვას და მის დგილას ყოფნას. ჩვენი გულწრფელობა ნამდვილად უბიძგებს მათ ჩვენთან თანამშრომლობისკენ. ვინ იცის, ამ კონფლიქტის გარდა, რა პრობლემების მოგვარებაში სჭირდებათ მათ ჩვენი დახმარება.

კონფლიქტის მოგვარება არ გულისხმობს რომელიმე მხარის გამარჯვებას, არამედ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, სადაც ორივე მხარე მოგებული დარჩება. ამიტომ მოსწავლეები, სჯობს, ვასაუბროთ საკუთარ თავზე – რა ეწყინათ, რა განიცადეს, ისე, რომ არ გააწყვეტინონ ერთმანეთს საუბარი. შეგვიძლია, მხარეებს კონფლიქტის მოგვარების რამდენიმე ვარიანტი შევთავაზოთ და თავად აირჩიონ რომელიმე.

მასწავლებელი, სასურველია, მოგვევლინოს მედიატორის როლში. ის მოლაპარაკების პროცესს არეგულირებს. არ არის მიკერძოებული, მაგრამ თუ მოზარდები შეთანხმებას ვერ აღწევენ, მხოლოდ მაშინ სთავაზობს მედიატორი პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ გზას. ბოლოს კი, აუცილებელია, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ერთად მიიღეს და გავაკონტროლოთ, მომავალში, რამდენად ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტური სიტუაციის ამგვარი გზით გადაჭრა მოსწავლეებს ისეთი მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებაში ეხმარება, როგორებიცაა: საკუთარი და სხვისი ნააზრევის კრიტიკულად შეფასება, პრინციპების გადაფასება, კონფლიქტების ღირსეულად მოგვარება და სხვა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები