კახა გალდავა
სამტრედიის №1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი,
საქველმოქმედო ფონდის „სიკეთის რევოლუცია“ დამფუძნებელი, დირექტორი
ა/ო პედაგოგთა კავშირის, განათლება და სამყარო სამშვიდობო განათლების ტრენერი
XXI საუკუნე ცვლილებების და ახალი გამოწვევების ხანაა. გამოწვევების წინაშე დადგა სასკოლო ცხოვრებაც, გართულდა მოსწავლეებთან ურთიერთობის პროცესი. რადგან სკოლაში ბიჰევიორისტული მიდგომები მყარად იყო ფესვგადგმული, დირექტიული სწავლება მოსწავლეს, სწავლის პროცესში, პასიურს ხდიდა, მასწავლებელი კი ძირითად აქცენტს ინფორმაციის გადაცემასა და სწავლებაზე აკეთებდა და არა სწავლაზე. თანამედროვე სამყაროში ასეთი მიდგომები დაიგმო და აქცენტი სწავლა სწავლების პროცესზე გაკეთდა, სადაც მასწავლებელი სასწავლო პროცესს პოზიტიურსა და სასიამოვნოს უნდა ხდიდეს. იგი მუდმივად უნდა ახალისებდეს მოსწავლეთა მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობას და უკუკავშირსაც ისეთი სიფრთხილით აძლევდეს, რომ მოსწავლის მიერ გამოვლენილი იოტისოდენა მოტივაციაც კი არ ჩააქროს. სწორედ აქ იჩინა თავი ქცევითი დარღვევებით გამოწვეულმა დეტალებმა. შესაბამისად, მასწავლებელი მოსწავლეთა ქცევას ვეღარ დაბლოკავს მკაცრი, მენტორული მიდგომებით. ამიტომ, საჭირო გახდა მისი მხრიდან ახალი მიდგომების შემუშავება.
მოსწავლეთა მხრიდან ქცევით დარღვევებს ხელი შეუწყო ქვეყანაში შექმნილმა გაუსაძლისმა სოციალურმა ვითარებამ. მოსწავლეთა საკმაოდ დიდ ნაწილს, ორივე თუ არა, ერთი მშობელი მაინც ჰყავს ემიგრაციაში. ბავშვებს, ძირითადად, ოჯახის უფროს წევრებთან, ბებია ბაბუასთან, მოუწიათ დარჩენა. გარდატეხის ასაკში კი, მშობლის გარეშე დარჩენილი ბავშვი მარტო ვერ ართმევს თავს რიგ პრობლემებს და პროტესტის ერთ-ერთი ფორმა, შესაძლოა, სწორედ არასასურველი ქცევა იყოს. ამ შემთხვევაში, ისევ მასწავლებლის აქტიური ჩარევის სააჭიროება იკვეთება – იგი, ერთდროულად, ხდება მასწავლებელი, მშობელი, დამრიგებელი, უფროსი მეგობარი და, გარკვეულ შემთხვევაში, მესაიდუმლეც კი.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ მოსწავლეთა მხრიდან გამოვლენილი არასასურველი ქცევის მიზეზი, გარდა სამედიცინო დარღვევებისა, თავისუფლად შეიძლება გახდეს ის გარემო, სადაც ბავშვებს დამოუკიდებლად უწევთ უამრავ სირთულესთან გამკლავება.
⇒ და მაინც, რა არის ქცევა?
ქცევა არის მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება. ქცევა არის ყველაფერი ის, რასაც ადამიანი აკეთებს, ასრულებს რაიმე მოქმედებას თუ ფიქრობს, გრძნობს თუ ამბობს. ნებისმიერ ქცევას აქვს მაპროვოცირებელი ფაქტორები, იგივე წინაპირობა.
ქცევის წინაპირობა – იგივე მაპროვოცირებელი ფაქტორი, ეს არის ისეთი ფაქტორები, რომლებიც რთულ ქცევას უშუალოდ ბიძგს აძლევს.
რთული ქცევის შემანარჩუნებელი ფაქტორები – ეს არის რთული ქცევის ისეთი შედეგი, რომელიც რთული ქცევის მოსწავლისთვის სასურველია, მაგ.: თუ მოსწავლე, გაკვეთილზე, გვერდით მჯდომ თანაკლასელს თმაში ექაჩება იმის გამო, რომ გარეთ გააძევონ. საკლასო სივრციდან გაძევება რთული ქცევის უშუალო შედეგია, ასეთი შედეგი ინარჩუნებს რთულ ქცევას, ანუ ხელს უწყობს შემდეგ მის აღმოცენებას, რადგან ამ შედეგით მოსწავლის მოთხოვნილება კმაყოფილდება.
რთული ქცევის დამბლოკავი ფაქტორები – ეს ის ფაქტორებია, რომლებიც რთულ ქცევას ბლოკავს და გამოვლენის საშუალებას არ აძლევს. ეს ფაქტორები ინდივიდუალურია ყოველი რთული ქცევისთვის, მაგ.: ერთ შემთხვევაში, შეიძლება მოსწავლის უნარებზე მორგებული გამარტივებული დავალება იყოს, რომელიც შესასრულებლად მცირე დროს მოითხოვს და ა.შ.
⇒ რთული ქცევის გამოვლენაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:
♦ გარდამავალი ასაკი;
♦ მშობელთა უყურადღებობა და ნაკლები ჩართულობა შვილის სასკოლო ცხოვრებაში (რაც, ხშირ შემთხვევაში, გამოწვეულია მშობლის ემიგრაციაში ყოფნით);
♦ მასწავლებლის მხრიდან რთული ქცევის შემანარჩუნებელი ფაქტორების გამოყენება (რაც გულისხმობს მოსწავლის გარეთ გაშვებას ან აკეთე ის, რაც გინდა, ოღონდ ხელი არ შემიშალო).
⇒ რთული ქცევის გამოსავლენად საჭიროა რამდენიმე საფეხურის დაკვირვებით გავლა:
♦ რთული ქცევის იდენტიფიცირება;
♦ სამიზნე რთული ქცევის ანალიზი, რომელიც მოიცავს რთული ქცევის მაპროვოცირებელი, შემანარჩუნებელი, დამბლოკავი ფაქტორების ეფექტურ გამოყენებას;
♦ რთულ ქცევაზე ჩარევის გეგმა-ინტერვენცია.
რთული ქცევის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია, განვსაზღვროთ მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგალითად:
საფეხური პირველი: რთული ქცევის იდენტიფიცირება
♦ ფონური/პირველადი დაკვირვების წარმოება რთულ ქცევაზე (ფონური დაკვირვების დროს ვაკვირდებით მოსწავლეს ყველა გაკვეთილზე);
♦ ფონური დაკვირვების საფუძველზე, მოსწავლის რთული ქცევების ჩამონათვალის შემუშავება (დაკვირვების პროცესში ვიწერთ მოსწავლის მიერ გამოვლენილ ყველა რთულ ქცევას), მაგალითად:
♦ რთული ქცევის ზემოხსენებული ჩამონათვლიდან, სამიზნე რთული ქცევის შერჩევა (რთული ქცევების ჩამონათვლიდან ვირჩევთ ერთ რთულ სამიზნე ქცევას), მაგალითად, მოსწავლე უნებართვოდ იღებს სხვის ნივთებს.
♦ შერჩეული სამიზნე ქცევის განმარტება, ანუ აღწერა მარტივი სიტყვებით. განმარტება არ შეიცავს შეფასების შემდეგ სიტყვებს, მაგ.: ყოჩაღი, ცუდი, აგრესიული და ა.შ. ქცევა უნდა იყოს დეტალურად აღწერილი, მაგ.: მოსწავლე უნებართვოდ იღებს სხვის ნივთებს…
♦ შერჩეული სამიზნე რთული ქცევისთვის კოდის მინიჭება (კოდირება), ანუ სამიზნე ქცევის რაიმე სიმბოლოთი აღნიშვნა (მაგ.: მოსწავლე უნებართვოდ იღებს სხვის ნივთებს, ვანიჭებთ სიმბოლოს x, გაკვეთილის მსვლელობის დროს გამოვლენილი რთული ქცევის შემთხვევაში, ვაკეთებთ ჩანაწერს მხოლოდ მინიჭებული სიმბოლოს სახით).
♦ სამიზნე რთულ ქცევაზე დასაკვირვებელი მახასიათებლის შერჩევა (აღნიშნულ შემთხვევაში, ვაკვირდებით ქცევის სიხშირეს — რამდენჯერ გამოვლინდა, ხანგრძლივობას — რამდენ ხანს მიმდინარეობს, ინტენსივობას — რამდენად ძლიერად და ლატენტობას — ქცევებს შორის დროის მონაკვეთს, ერთი ქცევის განხორციელებიდან მეორე ქცევის წარმოშობამდე დროს (იხ. მაგალითი):
ხელოვნება – 16
მათემატიკა – 10
ქართული – 5
ისტორია – 2
გეოგრაფია – 11
სამიზნე რთული ქცევის სიხშირეს უნდა დავაკვირდეთ, მინიმუმ, სამი სასწავლო დღის განმავლობაში, ქართულის, მათემატიკის, გეოგრაფიის, ხელოვნებისა და ისტორიის გაკვეთილებზე. შესაბამისად, მსგავსი ცხრილები უნდა გაკეთდეს სამივე დღეს.
პირველი საფეხურის გავლის შემდეგ, ჩვენ უკვე გვექნება გამოვლენილი ერთი ან რამდენიმე რთული ქცევა, რომელთაგან ვირჩევთ ერთ სასურველ რთულ ქცევას და ვაკეთებთ ანალიზს.
საფეხური მეორე: სამიზნე რთული ქცევის ანალიზი
♦ პირველ რიგში, ვწერთ რამდენი ხანი და რომელ გაკვეთილზე ვაკვირდებოდით სამიზნე რთულ ქცევას და თითო საგანს რამდენჯერ დავესწარით.
♦ შემდეგ ეტაპზე, იწერება გამოვლენილი სამიზნე რთული ქცევის სიხშირე (ამისთვის კი, აუცილებელია, შევადგინოთ ცხრილები, სადაც ცალკ-ცალკე იქნება მოცემული სიხშირის ცხრილები ყველა საგნისთვის და დაკვირვების ყველა სესიისთვის).
♦ ცხრილში წარმოდგენილი ქცევითი მონაცემების მიხედვით, ვაგებთ გრაფიკს, რომელიც ქმნის ერთგვარ სურათს.
♦ გრაფიკის ანალიზი უნდა მოხდეს ცალკეული საგნების მიხედვით. ანალიზის ამ საფეხურზე დაგვჭირდება წინაპირობა — შედეგების ცხრილი (წინაპირობა — შედეგები უნდა იყოს ბევრი და წარმოდგენილი ცალკ-ცალკე საგნების მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანალიზისთვის საკმარისი ინფორმაცია არ გვექნება და ვერც ქცევაზე ჩარევას დავგეგმავთ სწორად), მაგალითად:
წინაპირობა – შედეგების ცხრილი
ცალკეული საგნების მიხედვით რთული ქცევის გამოვლენის ანალიზს — კონტექსტის ანალიზს ებმის რთული ქცევის მაპროვოცირებელი, შემანარჩუნებელი და დამბლოკავი ფაქტორების ანალიზი.
საფეხური მესამე – რთულ ქცევაზე ჩარევის გეგმა – ინტერვენცია
♦ სასურველი და ჩამანაცვლებელი სიტყვები უნდა გამოიყოს და უნდა განვმარტოთ, ანუ აღვწეროთ მარტივი სიტყვებით, ყოველგვარი ინტერპრეტაციების გარეშე.
♦ განმამტკიცებლების მენიუ და სასურველი ქცევის განმტკიცების სტრატეგიები და პროცედურა (ვინ, როდის, სად მისცემს ამა თუ იმ განმამტკიცებელს, ასევე, რა შემთხვევაში შეუძლია მოსწავლეს განმამტკიცებლის მიღება და განმამტკიცებლის პროცედურის გამოხშირვა).
♦ ჩარევა რთული ქცევის წინაპირობაში (რთული ქცევის მაპროვოცირებელი ფაქტორების მოხსნა).
♦ ჩარევა რთულ ქცევაში (ანუ რთული ქცევის შედეგი უნდა შეიცვალოს).
♦ ჩარევის დროს ანალიზის შედეგად გამოვლენილი დამბლოკავი ფაქტორები უნდა გამოვიყენოთ და ეტაპობრივად გავაძლიეროთ.
⇑⇓ გაითვალისწინეთ, რომ რთულ ქცევაზე ინტერვენციის გეგმაში უნდა გამოიყენოთ რთული ქცევის ანალიზით მოპოვებული ინფორმაცია.
⇑⇓ ჩარევა იგეგმება რთული ქცევის მიზნის გათვალისწინებით. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეს, როგორ დაიკმაყოფილოს სოციალურად მისაღები სასურველი ქცევებით ის მოთხოვნილება, რომელსაც რთული ქცევით იკმაყოფილებს.
⇑⇓ მაქსიმალურად შევეცადოთ, მოვხსნათ რთული ქცევის მაპროვოცირებელი და შემანარჩუნებელი ფაქტორები, ასევე, გავაძლიეროთ რთული ქცევის დამბლოკავი ფაქტორები.
⇒ სურვილის შემთხვევაში, გთავაზობთ უფასო ონლაინ შეხვედრას დეტალური ინფორმაციის გაცნობის, დასმულ შეკითხვებზე პასუხის მიღებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.