მანანა ნადიბაიძე
ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი
⇒ რესურსცენტრის როლი ზოგადი განათლების რეფორმაში
რესურსცენტრი არის შუამავალი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის, სიახლეების დანერგვისა და რეფორმების ხელშეწყობის მიზნით. რესურსცენტრის როლია ზოგადი განათლების რეფორმების სკოლებში დანერგვისაა და განხორციელების ხელშეწყობა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების დანახვა, გამოკვეთა და ანალიზი.
⇒ რესურსცენტრის ფუნქცია – კონკრეტული მიმართულება
რესურსცენტრის ფუნქციაა სიახლეების, რეფორმების, ინფორმაციის, დოკუმენტაციის სწორად და სწრაფად მიწოდება, სკოლების პროგრამებში, პროექტებში ჩართულობის ხელშეწყობა, ხელის შემშლელი ტექნიკური ან სხვა ხარვეზის გამოსწორებისთვის შესაბამისი რეკომენდაციებით ღონისძიებების განხორციელება.
⇒ ხელის შემშლელი ფაქტორები, რის გაუმჯობესებას ისურვებდით
ხელის შემშლელი ფაქტორები ხშირად ტექნიკური ხასიათისაა – მუნიციპალიტეტის სოფლების სკოლებში არსებული მოძველებული ტექნოლოგიები და ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები. სწორედ ამ მიმართულებით ვისურვებდი მდგომარეობის გაუმჯობესებას. აუცილებელია რესურსცენტრისა და სკოლების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა (აქ მხოლოდ კომპიუტერები, ინტერნეტი და პრინტერები არ იგულისხმება).
⇒ რესურსცენტრის როლი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით რესურსცენტრი უზრუნველყოფს სსიპ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის პროექტების სკოლებში გავრცელებას. რესურსცენტრი ჩართულია მასწავლებელთა ტრენინგებზე რეგისტრაციის პროცესში, ასევე, სკოლების საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მიმართულებით უხდება ხოლმე ამა თუ იმ პრობლემაზე რეაგირება და ოპერატიულად მოქმედება.
⇒ ძირითადად, რა საჭიროებები იკვეთება სკოლებში
რესურსცენტრს სკოლებთან უწევს მუშაობა სხვადასხვა პრობლემაზე, თუმცა მასწავლებელთა მხრიდან ხშირად იკვეთება შესაბამისი ტექნოლოგიების სკოლებში არ არსებობის პრობლემა, რაც, ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში მოგვარდება.
⇒ ყველაზე ეფექტურად განხორციელებული აქტივობა ან მოგვარებული პრობლემა
2022 წლის 30 ივნისს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია, რომელიც წარმოადგენდა მოსამზადებელ ეტაპს ივლისში დაგეგმილი მასწავლებელთა ეროვნული კონფერენციისთვის. რაიონული კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის გუნდის მეილიდან info.nsm@mes.gov.ge შემოსული წერილობითი რეკომენდაციით დაორგანიზდა, ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ, ქოუჩებისა და კოორდინატორების დახმარებით, ზოგადი განათლების რეფორმის გუნდის წერილობითი რეკომენდაციისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
აღნიშნულ რაიონულ კონფერენციაზე საუკეთესო 20 კომპლექსური დავალება და 5 სასკოლო პროექტი იქნა წარდგენილი, აქედან 15 მომხსენებელი წარმატებით წარდგა რესპუბლიკურ კონფერენციაზე.
P.S. დებულებით მინიჭებული უფლება-მოვალეობების გარდა, რესურსცენტრი ყოველთვის ასრულებს სკოლების საჭიროებებიდან გამომდინარე სხვა დავალებებს სკოლების საკეთილდღეოდ. დასამატებელ ფუნქციას/ფუნქციებს ვერ გამოვყოფდი.