25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა VII-XII კლასის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია

spot_img

2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 9 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულად ჩატარდება

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს.   ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ონლაინ ფორმატით ტარდება. ბმული და ასევე  დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge ოლიმპიადის ჩატარების დღეს გამოქვეყნდება.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ტარდება შემდეგ საგნებში:

9 დეკემბერს:

  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
  • ქართულში, როგორც მეორე ენაში (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის);
  • ფრანგულ ენაში.

10 დეკემბერს:

  • ისტორიაში;
  • ქიმიაში.

11 დეკემბერს:

  • ინგლისურ ენაში;
  • გერმანულ ენაში.

12 დეკემბერს:

  • მათემატიკაში;
  • ბიოლოგიაში.

13 დეკემბერს:

  • გეოგრაფიაში;
  • ფიზიკაში;
  • რუსულ ენაში.

პირები, რომელთაც სურთ სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნა,  ვალდებულნი არიან  2022 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრის 18:00 საათამდე ცენტრში წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა პირებმა, რომელთაც სურთ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება, ამავე ვადაში (2022 წლის 5 დეკემბრიდან 7 დეკემბრის 18:00 საათამდე) ცენტრში უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის თაობაზე.

განაცხადები მიიღება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართზე: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9) ან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში, რომელიც უზრუნველყოფს განაცხადის გამოგზავნას  სპეციალური პროგრამის (eflow) საშუალებით.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება და მასში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად მოხვდება შესაბამისი საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. მესამე ტურში გადასასვლელად მოსწავლემ 50%-იანი ზღვარი უნდა დაძლიოს და საუკეთესო შედეგების მქონე 50 მონაწილეს შორის უნდა მოხვდეს. გამარჯვებისათვის კი დასკვნით ტურში ტესტის მაქსიმალური ქულის მინიმუმ 60%-ის მიღება და ათეულში მოხვედრაა საჭირო. ოლიმპიადის მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებისათვის მოტივაციის ამაღლებაა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები