18 მაისი, შაბათი, 2024

პროექტული სწავლება სკოლებში

spot_img

21-ე საუკუნის კრეატიული, კონკურენტუნარიანი, თავისუფალი მოქალაქის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. იგი პასუხობს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ახასიათებს 13 კრიტერიუმი:

  1. კავშირი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციასთან/კომპეტენციებთან;
  2. კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის სამიზნე ცნებასთან/ცნებებთან და მკვიდრ წარმოდგენებთან;
  3. კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან/თემებთან;
  4. ინტერდისციპლინური კავშირების გათვალისწინება;
  5. მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესზე ორიენტირება;
  6. პროექტის შედეგების ასახვა კომპლექსურ დავალებებში;
  7. სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან (კათედრები, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა და სხვა) თანამშრომლობა;
  8. სასკოლო თემის (მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, ტექნიკური პერსონალი და სხვა) ჩართულობა;
  9. თემთან/გარე სასკოლო საზოგადოებასთან (ადგილობრივი თვითმმართველობა, არასამთავრობო, სახელმწიფო ორგანიზაციები, ბიზნეს და სათემო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო ორგანიზაციები, პროფესიული და კულტურული გაერთიანებები და სხვა) თანამშრომლობა;
  10. კლასებს/საფეხურებს შორის კავშირების გათვალისწინება;
  11. როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების კომპონენტის გათვალისწინება;
  12. მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობის გათვალისწინება;
  13. პროექტის იდეისა და შედეგების კავშირი სკოლის განვითარებასთან.

„პროექტი“ ლათინური სიტყვაა და ქართულად წინ წამოწეულს ნიშნავს. მისი 2 სახეა საგანმანათლებლო და სოციალური. საგანმანათლებლო პროექტი შეიძლება იყოს საგნობრივი, საგანთაშორისი და პრიორიტეტული თემების შესახებ, როგორიცაა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; გარემოს დაცვა; ჯანსაღი ცხოვრება; სამოქალაქო უსაფრთხოება და სხვა. აღნიშნული პროექტი ეხება საკითხს, თემას, პრობლემას, რომლის გადაჭრა ერთი სასკოლო დისციპლინით შემოიფარგლება. ასევე, ემსახურება საგანთაშორისი ცოდნის გამთლიანებას. იგი ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას.

სოციალური პროექტი სცილდება სასწავლო პროგრამას და მიმართულია სოციალური გარემოს გაუმჯობესებისაკენ სოციუმში. იგი გულისხმობს მშობლების, თემის, სკოლის გარეშე დაწესებულებების ჩართვას მუშაობის პროცესში. სოციალური პროექტი მიმართულია გარემოს გაუმჯობესების, კონკრეტულ სოციუმში რეალური სოციალური საჭიროების შესწავლისა და სოციალური სიტუაციის გაუმჯობესებისაკენ.

რატომ ვახორციელებთ პროექტს?

პროექტში მონაწილეობა სახალისოა მოსწავლეებისთვის. ისინი პრობლემის მართვის აქტიური მონაწილეები არიან – მოიძიებენ ინფორმაციას, პასუხობენ შეკითხვებს; იყენებენ ტექნოლოგიებს, კვლევას, ანალიზს, თანამშრომლობას და კავშირს ამყარებენ მიღებულ ცოდნასა და სამყაროში მიმდინარე მოვლენებს შორის. სასკოლო პროექტები მორგებული უნდა იყოს მოზარდის გემოვნებას, ინტერესებს და მათთვის სასურველი ფორმატით იყოს წარმოდგენილი: ესეებით, პრეზენტაციებით, სქემებით, ბუკლეტებით, ვიდეორგოლებით, გამოფენებით.

ჩემთვის, როგორც აზერბაიჯანელი ბავშვების მასწავლებლისთვის, უმნიშვნელოვანესია პროექტული სწავლება, რადგან იგი ეხმარება ბავშვებს ენობრივი ბარიერის დაძლევაში. ისინი ხალისით ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში, იძენენ ახალ უნარებს. ბევრმა მათგანმა საკუთარ თავში ისეთი უნარი აღმოაჩინა, რომელზე ოცნებაც არ შეეძლო. ახდენენ შეძენილი ცოდნის ტრანსფერს, აანალიზებენ და პრაქტიკაში იყენებენ.

 

ნონა კუსიანი
ბოლნისის რაიონის სოფელ დაბა თამარისის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები