რას გულისხმობს სასკოლო მზაობა, ტრანზიციის ეტაპი და რა უნარები უნდა ჰქონდეს განვითარებული ბავშვს ამ ეტაპისთვის – გვესაუბრებიან ნინო ალელიშვილი, ფსიქოლოგი, ადრეული განათლების სპეციალისტი და ნანა სამუშია, თბილისის 30-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ნანა სამუშია: დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ – პირველკლასელთა მზაობა. რას გულისხმობს სასკოლო მზაობა და რა უნარები უნდა ჰქონდეს განვითარებული ბავშვს ამ ეტაპისთვის?
ნინო ალელიშვილი: ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ადამიანი ისაუბრებს ამ თემაზე, მით უფრო გასაგები იქნება მშობლებისთვის რას გულისხმობს სასკოლო მზაობა, რას გულისხმობს ტრანზიციის ეტაპი. მოდი, ჯერ სასკოლო მზაობაზე ვისაუბროთ. შენთვისაც კარგად არის ნაცნობი ეს თემა, რადგან შეხება გაქვს მუდმივად მოსწავლეებთან და იცი რამდენად მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში და მნიშვნელოვანი ეტაპია მშობლისთვის. ჩვენს საზოგადოებაში სასკოლო მზაობა აღიქმება უფრო როგორც აკადემიური და შემეცნებითი უნარების ერთიანობა. ითვლება, რომ თუ ბავშვმა იცის ლექსები, სიმღერები, ის მზად არის სკოლისთვის. დიდი ხანია, მოგვყვება ასეთი სტერეოტიპული შეხედულება სასკოლო მზაობასთან დაკავშირებით. არადა, რეალურად, თანამედროვე კვლევები გვეუბნება და გვაჩვენებს, რომ სასკოლო მზაობა, უფრო მეტად, სოციალურ-ემოციური მზაობაა ბავშვისა იმისათვის, რომ ის გადავიდეს შემდეგ ეტაპზე, მივიდეს სკოლაში და დაიწყოს სწავლა. ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ განვითარების ყველა სფეროს, ჰოლისტურ განვითარებას. რას გულისხმობს ჰოლისტური განვითარება? რომ განვითარების ყველა სფერო თანაბრად ვითარდება, ბავშვის შემთხვევაში, დაბადებიდან (0 წლიდან) 6 წლამდე. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა 5-6-წლიანთა განვითარება სხვადასხვა მიმართულებით, რაც არის სასკოლო მზაობის ეტაპები.
სასკოლო მზაობის ეტაპზე, მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ბავშვების განვითარებას მეტყველების კუთხით, კომუნიკაციისა და ენის განვითარების, მოტორიკის (როგორც მსხვილი მოტორიკის, ისე ნატიფი, წვრილი მოტორიკის), შემეცნებითი განვითარების კუთხით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სოციალურ-ემოციური კუთხით. არის რაღაც ნიშნულები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და ვიცოდეთ, რომ დადგა უკვე მზაობა და ბავშვი მზად არის, წავიდეს სკოლაში. იმავე მოტორიკის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ კოორდინაციას. მსხვილი მოტორიკის შემთხვევაში, ეს არის მსხვილი კუნთების კოორდინაცია; ნატიფი მოტორიკის შემთხვევაში – წვრილი კუნთების კოორდინაცია. უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა შეუძლია ბავშვს ნატიფი მოტორიკის მიმართულებით, მაგალითად, მარტივი ფიგურების გამოჭრა, გეომეტრიული ფიგურების გადმოხატვა; მსხვილი მოტორიკის შემთხვევაში, ეს ნიშნულია, დავუშვათ, დარბის ისე, რომ სხვადასხვა წინააღმდეგობებს არ ეჯახება, ატარებს სამბორბლიან ველოსიპედს და უხვევს კარგად, შეუძლია შორი მანძილიდან ნასროლი დიდი ზომის ბურთის დაჭერა… ეს ნიშნულები, მოტორიკის მიმართულებით, უკვე მაჩვენებელია იმისა, რომ ბავშვს აქვს გარკვეული მზაობა იმისთვის, რომ წავიდეს სკოლაში. იგივე ხდება შემეცნებითი განვითარებისა და მეტყველების განვითარების მიმართულებით, აქაც გვაქვს გარკვეული მანიშნებლები, ასე ვთქვათ, რომ ბავშვი მზად არის სკოლაში წასასვლელად.
ნ.ს.: რა მანიშნებლებია ეს?
ნ.ა.: მეტყველების მიმართულებით არის ის, რომ ბავშვი იყენებს ენას იმისათვის, რომ გამოხატოს თავისი ემოციები. უკვე შეუძლია სახელდება, შეუძლია რთული სიუჟეტის მოყოლა – თხრობის დაწყება, სხვადასხვა გმირების დახასიათება, შემდგომ ამბის დასრულება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია შემეცნებითი განვითარება. მარტო ისე რომ არ შევხედოთ, თითქოს მზაობა მხოლოდ რაღაცის დასწავლას გულისხმობს. შემეცნებითი განვითარების მიმართულებით, მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა, რომ ბავშვი წავაქეზოთ, დასვას სხვადასხვა შეკითხვა, დაამყაროს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. თუ ის უკვე მსჯელობს, ვთქვათ, „დღეს ღრუბლიანი ამინდია, ალბათ წვიმა წამოვა“, ეს უკვე მანიშნებელია იმისა, რომ შეუძლია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება და მისი შემეცნებითი უნარები უკვე განვითარებულია და მზად არის იმისთვის, რომ სკოლაში დაძლიოს სიახლეები.
ნ.ს.: უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ სოციალურ-ემოციურ უნარებზე. რა უნარებია განსაკუთრებით ყურადსაღები სასკოლო მზაობის ეტაპზე და როგორ შევუწყოთ ხელი მათ განვითარებას? თქვენ ისაუბრეთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგრამ მაინც სოციალურ-ემოციურ უნარებზე რომ გავამახვილოთ ყურადღება.
ნ.ა.: როგორც ჩემი საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა და მნიშვნელოვანია, რომ მის განვითარებას მშობლებმა, მეურვეებმა განსაკუთრებულად დიდი ყურადღება დაუთმონ და, თავისთავად, დიდი ყურადღება უნდა ეთმობოდეს ამას სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში, თუ ბავშვი დადის ბაღში.
ემოციური განვითარება, ზოგადად, დიდი გამოწვევაა ჩვენს საზოგადოებაში, არა მარტო სასკოლო მზაობის ეტაპისთვის. ბავშვს უნდა შეეძლოს ემოციების სახელდება, თქმა, რომ ცუდ ხასიათზეა, ცუდ განწყობაზეა, რის გამოა ასე და ა.შ. ეს, თითქოს, ერთი შეხედვით, მარტივი დებულება, ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანი უნარია და საკმაოდ რთულად მისაღწევი ბავშვებთან.
რაც შეეხება სოციალურ უნარებს, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს შეეძლოს სხვადასხვა კონფლიქტების გადაჭრა, სხვადასხვა ტიპის თამაშებში ჩართვა, სხვადასხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვა, დაწყება და დასრულება; იმავე კონცენტრაციის უნარი, რიგითობის დაცვის უნარი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ, ხელი შევუწყოთ ამ უნარების განვითარებას სხვადასხვა თამაშით. ეს უნარები ძალიან მნიშვნელოვანია და შემდგომ ძალიან ადგება ბავშვებს იმისათვის, რომ პირველი კლასის პროგრამა დაძლიონ, რომ ადაპტაციის ეტაპი უმტკივნეულოდ გაიარონ და ეს საფეხური — ტრანზაციის, გადასვლის — მათთვის სასიამოვნო და მარტივი იყოს.
ნ.ს.: ტრანზიცია ახსენეთ, უფრო დეტალურად რომ განუმარტოთ ჩვენს მკითხველს რა არის ტრანზიცია, მისი არსი და ამ ეტაპზე, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ნ.ა.: „ტრანზიცია“ – თვითონ სიტყვაც გვეუბნება, რომ ეს არის ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლის პროცესი. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ სკოლაში შესვლის პროცესზე. რაც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, ეს არის ინდივიდუალიზაცია და ის, რომ ყველა ბავშვი განსხვავებულია. ეს არის ნამდვილად ამოსავალი პრინციპი. ზემოთ ჩვენ ვისაუბრეთ განვითარების სფეროებზე, ახლა ტრანზიციაზე ვსაუბრობთ, ყველა ბავშვთან ეს არის ძალიან ინდივიდუალური და ვერ ვიტყვით, რომ, დავუშვათ, ვიღაცასთან ტრანზიცია გრძელდება სამი თვე და ვიღაცასთან ერთი კვირა. ძალიან ინდივიდუალური პროცესია.
იმისათვის, რომ ტრანზიცია იყოს უმტკივნეულო და სასიამოვნო, ამ პროცესსაც უნდა შევხედოთ, როგორც კომპლექსურ წრეს. ამოსავალი წერტილი არის ბავშვი, ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს სკოლას, მშობელს. მშობელიც და სკოლაც უნდა იყოს ბავშვის სკოლაში წასვლისთვის მზად, ჰქონდეთ გარკვეული მზაობა იმისთვის, რომ ეს ეტაპი ბავშვისთვის სახალისო იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ტრანზიციის ეტაპი სრულფასოვნად გავატაროთ ბავშვს, რომ შემდგომ სირთულეებს არ წავაწყდეთ. ძალიან ხშირად არის, რომ მშობლები სკოლაში შეყვანას იმდენად არ აქცევენ ყურადღებას, თვლიან, რომ, რა მოხდა, იტირებს, ცოტა ხანი და გაჩერდება. არადა, განვითარების შემდეგ ეტაპებზე, იმავე გარდატეხის ასაკში, ძალიან დიდ პრობლემებს აწყდებიან იმიტომ, რომ ტრანზიციის საფეხური იყო სტრესული როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის და თავისი კვალი დატოვა ბავშვის განვითარებაზე.
ნ.ს.: კონკრეტულად რა პრობლემებს გულისხმობთ და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს სასკოლო საზოგადოება, მშობელი. ბოლოს ალბათ ჩამოვაყალიბებთ რეკომენდაციების სახით რჩევებს მშობლებისთვის, სასკოლო საზოგადოებისთვის, მაგრამ რა კონკრეტულ სირთულეებზე საუბრობთ. თქვენ ამბობთ, რომ მნიშვნელოვანია ეს საწყისი ეტაპი და პრობლემები, რაც შეიძლება გაჩნდეს საწყის ეტაპზე, დაწყებით საფეხურზე, მერე, გარდატეხის ასაკში ვლინდება. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ ამ პრობლემებზე.
ნ.ა.: მე ვახსენე სკოლის ჩართულობა და სკოლის მზაობა ტრანზიციის ეტაპისათვის და ასევე, მშობლის ჩართულობა და მზაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლას თავიდანვე ჰქონდეს შექმნილი წარმოდგენა იმ ბავშვებზე, რომლებიც მიდიან პირველ კლასში, იმისათვის, რომ არ იყოს შემდგომ პრობლემატური, ამ ბავშვებთან სხვადასხვა ტიპის აქტივობების დაგეგმვა. რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, უკვე სკოლამ უნდა იზრუნოს აუცილებლად იმაზე, რომ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს მშობლებისგან ამ ბავშვების შესახებ, რომ შემდგომ შესაბამისი აქტივობები დაგეგმოს, თუნდაც იმისათვის, რომ ტრანზიციის პერიოდი იყოს სახალისო. სამწუხაროდ, ხშირად, ამის უგულებელყოფა ხდება ხოლმე და პირდაპირ გადავდივართ, ასე ვთქვათ, გაკვეთილების ჩატარებაზე. არადა, რეალურად, დასაწყისისთვის, ერთი თვე მაინც უნდა იყოს უშუალოდ ტრანზიციისთვის მიძღვნილი, ეს უნდა იყოს სახალისო აქტივობები, როდესაც ბავშვი ეგუება სკოლას და ეცნობა სკოლას, ათვალიერებს ინფრასტრუქტურას, სადაც უნდა ისწავლოს 12 წელი, იცნობს თანატოლებს… აი, თუ ეს აქტივობები განხორციელდა უმტკივნეულოდ, შემდგომ უკვე მარტივად შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ სწავლის პროცესზე და აკადემიურ გაკვეთილებზე იმისათვის, რომ ბავშვს არ გაუჩნდეს დამატებითი შეკითხვები, დამატებითი შფოთვები, შიშები, რომლებიც, როგორც წესი, უკავშირდება გაურკვევლობას, როდესაც ჩვენ არ ვიცით სად ვართ, რა არის ეს ფიზიკური გარემო, როგორ მივაგნოთ, თუნდაც, საპირფარეშოს… ძალიან მარტივია, ერთი შეხედვით, მაგრამ ესეც სოციალური უნარია და ამასაც სჭირდება განვითარება. ამიტომ, მსგავსი მარტივი საფეხურები სკოლამაც უნდა დაგეგმოს ბავშვებისთვის და, თავის მხრივ, ბუნებრივია, მშობლებსაც უნდა ჰქონდეთ, გარკვეულწილად, მზაობა იმისათვის, რომ დაეხმარონ ბავშვებს ტრანზიციის პერიოდში.
ნ.ს.: ანუ, როგორც მე მივხვდი, საწყის ეტაპზე, აკადემიური უნარების განვითარებაზე მეტად, სოციალური უნარების განვითარებაზე უნდა ვიმუშაოთ, გავაცნოთ თანატოლები, სასკოლო გარემო. ძალიან საინტერესოდ ისაუბრეთ ამ საკითხზე. მოდი, გადავიდეთ ზოგად რეკომენდაციებზე როგორც მშობლებისთვის, ასევე სასკოლო საზოგადოებისთვის, მასწავლებლებისთვის… როგორი იქნება ეს რეკომენდაციები
ნ.ა.: თავიდანვე ვთქვათ, რომ ტრანზიცია არ არის უშუალოდ სკოლაში წასვლის წინა პერიოდი, სკოლამდე ერთი კვირით ადრე არ იწყება ტრანზიცია. იდეალურ შემთხვევაში, ეს ერთწლიანი პერიოდია, როდესაც ბავშვი გახდა 5 ან 6 წლის და ერთ წელიწადში უნდა წავიდეს სკოლაში. მშობელი უკვე იწყებს ზრუნვას იმაზე, რომ ბავშვი სკოლისთვის, გარდამავალი პერიოდისთვის მოამზადოს. რაც შეეხება მშობლებს, ძალიან ხშირად, მათ შემთხვევაშიც, შვილის სკოლაში წასვლა უკავშირდება შფოთვას, ნერვიულობას, როგორ შეეჩვევა შვილი სკოლას, რამდენად გაართმევს თავს, რამდენად დაუჭერს სკოლა მას მხარს, ძალიან ბევრი შეკითხვა ტრიალებს მშობლის თავში. ამიტომ, მშობელი, როგორც მთავარი როლური მოდელი ბავშვისთვის, პირველ რიგში, უნდა იყოს მშვიდად და დაძლეული ჰქონდეს ეს შფოთვები იმისათვის, რომ ბავშვი, შემდგომ, წყნარად წავიდეს სკოლაში. ამიტომ, აუცილებელია, რომ მშობელი კარგად გაეცნოს სკოლას, საწყისი ეტაპისთვის, მივიდეს სკოლაში, გაიცნოს დამრიგებელი, სხვა მშობლები. შეიძლება მან ინიცირება გააკეთოს, სხვა მშობლებთან ერთად, რომ რამდენიმე ბავშვი წინასწარ გააცნონ ერთმანეთს, სანამ სკოლაში წავლენ. 2-3 ბავშვს თუ შეახვედრებთ თქვენს შვილს, ძალიან მარტივი იქნება შემდგომ მისთვის სკოლის პერიოდი იმიტომ, რომ მას წინასწარ 2-3 მეგობარი, შეიძლება მეგობარი არა, მაგრამ ნაცნობი უკვე ეყოლება, რაც ძალიან კარგი იქნება. ესეც კონკრეტული ტექნიკაა, რომელიც შეუძლია მშობელმა გამოიყენოს და ბავშვს არ გაუჭირდება ადაპტაცია.
მნიშვნელოვანია, ასევე, მშობელმა სკოლას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ბავშვის შესახებ და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაცია, არამედ ინფორმაცია ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, მისი ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ. მსგავსი ინფორმაცია ძალიან დაეხმარება სკოლას, რომ ხელი შეუწყოს ბავშვის ადაპტაციას და მშობელიც მშვიდად და, ასე ვთქვათ, მყარად იქნება, ეცოდინება, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს სკოლისთვის გადაცემული.
ნ.ს.: თქვენ რეკომენდაციები გაეცით მშობლებისთვის, როგორ უნდა მიუდგეს მშობელი ბავშვს, როგორ იურთიერთოს სასკოლო საზოგადოებასთან, ეს საინტერესო იყო, მშობელთა ჩართულობის თვალსაზრისით, მაგრამ სანამ სკოლაში მიიყვანს ბავშვს, რა მიდგომა გამოიყენოს შვილთან?
ნ.ა.: ერთი, უპირველესი, რაც არის, მშობელსაც უნდა ახსოვდეს, რომ ყველა ბავშვის განვითარება ძალიან ინდივიდუალურია და არ უნდა ჩავსვათ ბავშვები რაღაც მოჭრილ კვადრატში და არ უნდა ვთქვათ, რომ, აი, ვიღაც რაღაცას აკეთებს, ჩემი შვილი ვერ აკეთებს და ამის გამო ვინერვიულოთ… უნდა გვახსოვდეს, რომ განვითარების ტემპი ინდივიდუალურია.
მეორე – ძალზე მნიშვნელოვანია, რაზეც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ, რომ განვითარების ყველა სფეროს მიექცეს ყურადღება თანაბრად და მშობელმა თამაშით (უნდა გვახსოვდეს, რომ თამაშია წამყვანი ქცევა 0-დან 6 წლამდე) უნდა შეძლოს, ბავშვში განავითაროს სხვადასხვა ტიპის უნარები. ძალიან კარგი იქნება, თუ ბავშვი, ბოლო წელს მაინც, ივლის სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში, ბაღში (5-6 წელს ვგულისხმობ), იმიტომ, რომ სწორედ იქ ხდება კარგად სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება, ბავშვის სოციალიზაცია. ასეთ ბავშვებს მეტად უადვილდებათ შემდგომ სკოლაში დარჩენაც, ნაკლებად აქვთ მიჯაჭვულობის პრობლემა მშობელთან. თუ მოხერხდება, რომ მშობელმა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაინც ატაროს ბავშვი ბაღში, იქნება მნიშვნელოვანი.
ასევე ძალიან სასარგებლო იქნება, რომ მშობელი ესაუბროს ბავშვს სკოლაზე, გაარკვიოს რა მოლოდინები აქვს მას, დაუსვას კითხვები: რას ელოდები სკოლისგან? როგორი წარმოგიდგენია სკოლა? ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმა თავისი პოზიტიური გამოცდილება გაუზიაროს ბავშვს სკოლასთან დაკავშირებით, მოუყვეს რომელი საგნები უყვარდა, რომელი არ უყვარდა. მნიშვნელოვანია, ეს გაზიარება იყოს რეალისტური და არა იდეალისტური.
ნ.ს.: როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ საკმარისი არ არის არც მისი და არც პედაგოგის ძალისხმევა, არც სასკოლო საზოგადოების და უნდა მიმართოს სპეციალისტს?
ნ.ა.: მშობელი უნდა დააკვირდეს, პირველ რიგში, რამდენად ვითარდება სხვადასხვა სფეროებში სხვადასხვა უნარები. არსებობს ასეთი სტანდარტი — ადრეული განვითარების სტანდარტი, რომელსაც შეიძლება, გაეცნოს მშობელი იმისათვის, რომ გარკვეული დასკვნები გააკეთოს, რამდენად მიყვება ამ სტანდარტს ბავშვის განვითარება. ეს ძალიან ლმობიერი დოკუმენტია და თუ ნახავს, რომ ესა თუ ის უნარი არ არის განვითარებული და ბავშვის განვითარება, მისი აზრით, შეფერხებულია, შეუძლია მიმართოს სპეციალისტს იმისათვის, რომ, დავუშვათ, ბავშვი უფრო მყარად იყოს მომზადებული სკოლისთვის.
ნ.ს.: დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ნინო.