პერსონაჟი ანუ ნაწარმოების მოქმედი გმირი ეპიკური და დრამატული ნაწარმოებებისათვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხშირად თავად ნაწარმოები ატარებს გამორჩეული პერსონაჟის სახელს და სათაურადაა არჩეული ავტორის მიერ (ეპიკური ნაწარმოებები: „გველისმჭამელი“ – მინდია, „დონ კიხოტი“ – დონ კიხოტი, „ვეფხისტყაოსანი“ – ვეფხისტყაოსანი, იგივე ტარიელი, „შუშანიკის წამება“ – შუშანიკი მთავარი პერსონაჟია; დრამატული ნაწარმოებები: „ჰამლეტი“ – ჰამლეტი, „ოტელო“ – ოტელო, „ოიდიპოსი“ – ოიდიპოსი…).
მთავარსა და არამთავარ პერსონაჟებს ახასიათებენ ქცევებით, მოტივაციებით, შინაგანი სამყაროთი, დამოკიდებულებებით, პიროვნული თვისებებით, ემოციებით, მეტყველებით, წარმომავლობით და ა.შ.
მხატვრულ ნაწარმოებში პერსონაჟს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. წარმოვიდგინოთ ერთი წუთით, თუ რა დარჩებოდა რუსთაველის პოემიდან ავთანდილის, ფატმანის, შერმადინის, როსტევანის გარეშე? აქვე დავამატოთ ისიც, რომ პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ: ილია ჭავჭავაძის ცნობილი მოთხრობის გამოქვეყნების მერე თითქმის აღარავინ არქმევდა შვილს ლუარსაბს, „დონ კიხოტის“ გამოქვეყნების მერე შეწყდა სარაინდო ნაწარმოებების წერა, ზოგიერთმა პერსონაჟმა ერთგვარ მიმდინარეობებს დაუდო საფუძველი („ყვარყვარე თუთაბერი“ – ყვარყვარიზმი, „კვაჭი კვაჭანტირაძე“ – კვაჭიზმი…).
პერსონაჟი ეპოქის სახეა. გრიგოლ ხანძთელი მე-9 საუკუნის ეპოქის იდეალურ-ჰაგიოგრაფიული სახეა, ავთანდილი – პატრონყმური პერიოდისა, შერმადინი ყმის ეპოქალური სახეა, უსამ-უსენ-ფატმანი – ვაჭართა ფენისა. შესაძლოა, პერსონაჟმა რადიკალურად სხვა, წინააღმდეგობით სავსე სახე გვიჩვენოს ეპოქისადმი მიმართებაში, მაგრამ ესეც კოლორიტული, მეტაფორული აღწერაა. ასეთი რამ ძირითადად ლირიკულ გმირებს ახასიათებთ.
თვალი გავადევნოთ პერსონაჟის განვითარების ეტაპებს ქართული მწერლობის მაგალითზე.
„შუშანიკის წამება“
ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის პირველი დადასტურებული ძეგლი არის V საუკუნის II ნახევარში დაწერილი ,,შუშანიკის წამება“. როგორც ტექსტიდან ჩანს, ნაწარმოების ავტორია იაკობი, საპიტიახშოს კარის მღვდელი. იგი თვითმხილველია მოვლენებისა, რომლებიც ასე დამაჯერებლადაა ჩვენამდე მოღწეული ნაწარმოების საშუალებით.
ეს ნაწარმოები, როგორც სათაურშივეა მინიშნებული, სომეხთა სარდლის ასულის, შუშანიკის მოწამეობრივ ცხოვრებას შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ შუშანიკი დედოფალია, წარმომავლობაც არისტოკრატიული აქვს (ის იყო სომეხთა კათალიკოსის, საჰაკ დიდის შვილიშვილი და სომეხთა მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანის ასული), მაგრამ მისი პორტრეტი საერთოდ არ აქვს იაკობ ხუცესს აღწერილი. მიუხედავად ამისა, შუშანიკი წარმოჩენილია იდეალურ პერსონაჟად და გარეგნობის აღწერის მიუხედავად, მკითხველთა შეფასება ქვეცნობიერით დადებითია. გამოკითხულთა უმეტესობა იტყვის, რომ შუშანიკი „ლამაზი ქალი იქნებოდა“.
„აბოს წამება“
იოანე საბანისძის ოთხთავიანი ნაწარმოები „აბოს წამება“ უფრო მეტ მხატვრულ ხერხსა და სიმბოლიკას იყენებს მკითხველზე გავლენის მოსახდენად, ვიდრე საბანისძის წინამორბედი ავტორები. „აბოს წამების“ დაწერის თარიღი ზუსტად არაა ცნობილი, მაგრამ ფიქრობენ რომ იგი უნდა დაწერილიყო 786-790 წლებში. მერვე საუკუნის ბოლოსაც ჰაგიოგრაფიის მკაცრი კანონები ზემოქმედებს მწერალზე და მხოლოდ სულიერ სიკეთეზე აპელირებს, თუმცა, ნაწარმოებს უკვე ეტყობა მკითხველის მოთხოვნა მხატვრულობაზე. სხვაგვარად, ამდენი სიმბოლიკური სახე ღვთისა, არ გადმოიცემოდა ნაწარმოებში. იქნებ ეს უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ „აბოს წამებაში“ მხატვრულობის ელემენტების მოჭარბებით ერთგვარი საფუძველი შემზადდა ქართული ნაწარმოებებში პერსონაჟის კოლორიტულად წარმოსაჩენად?
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ავტორი არის გიორგი მერჩულე, რომელსაც ეს ნაწარმოები დაუწერია გრიგოლის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ (951 წელს). გრიგოლი „ხოლო იყო ხილვითა დიდ, ხორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოვლად კეთილ, სრულიად გვამითა მრთელ და სულითა უბიწო“, – ამბობს გიორგი მერჩულე. უკვე მე-10 საუკუნის ქართულ მწერლობაში ჰაგიოგრაფიამ დაუშვა პრეცედენტი: სულიერი უბიწოების პარალელურად ხორციელი მშვენიერებაც ახსენა. შუშანიკისა და აბოს შემდეგ ეს მართლა რევოლუციური სახე-პერსონაჟია ქართულ მწერლობაში.
„ვეფხისტყაოსანი“
„ვეფხისტყსაოსნის“ გმირების უმეტესობა დადებითი და ყოველმხრივ შემკულია. არნახული ფიზიკური და სულიერი სილამაზე ახასიათებთ რუსთაველის მთავარ პერსონაჟებს. ერთხმად აცხადებენ მკითხველები, რომ პოემა ტარიელის სახელს ატარებს, თუმცა, ავთანდილი ყველაზე მეტადაა გამორჩეული. მისი განათლება, გარეგნობა, გონიერება, ლავირების უნარი, ემპათიურობა, სხვადასხვაგვარი ნიჭი (სიმღერისა, ბრძოლისა, დათმობისა…) რენესანსულია. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი მას ჰიპერბოლიზებულად ხატავს, მკითხველს არ უჩნდება პროტესტის გრძნობა. ავთანდილის სახე მსოფლიო პერსონაჟთა კლუბში, უდავოდ, გამორჩეულია.
„ვეფხისტყაოსნის“ შემდგომი პერიოდის მწერლობის პერსონაჟები
ქართული მწერლობის ისტორია უამრავ პერსონაჟს გვამცნობს. მათი სხვაობა-მსგავსება ფართო მსჯელობის საგნად შეიძლება ვაქციოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში შევჩერდეთ ისევ ზემოთ ნათქვამზე: პერსონაჟი ეპოქის ანარეკლია. ხელოვნება კარგი საშუალებაა აკრძალული სიმართლის სათქმელად, მანკიერებათა საჩვენებლად, სიკეთეთა დემონსტრირებისთვის. დავფიქრდეთ მცირედ თუნდაც, რაოდენ კოლოსალური პერსონაჟები არიან ჯაყო ჯივაშვილი, იგი, დიდოსტატი კონსტანტინე, ციციკორე, სამანიშვილები…
თეკლა მორჩილაძე – აკეთის საჯარო სკოლის x კლასის მოსწავლე