24 ნოემბერი, კვირა, 2024

პარონიმები

spot_img

ზუსტი სიტყვათგამოყენებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პარონიმიის ცოდნას. უცხო სიტყვათა  ლექსიკონში ის ასეა  განმარტებული: სიტყვები, რომლებიც გარეგნულად, ნაწილობრივ ჰგვანან ერთმანეთს და ეს მსგავსება შემთხვევითია. მაგ: „მაისი“ და „დაისი“ , „პენალი“ და „პენალტი“.

სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული შეხედულებების მიხედვით, პარონიმიის არსი შეიძლება ასე გამოიხატოს:

  1. პარონიმები ეწოდება ბგერობრივად მსგავს სიტყვებს, რომლებიც ერთმანეთისგან შინაარსობრივად განსხვავდება (შეიძლება ფუძის მიხედვით ეს სიტყვები ერთნაირი არ იყოს).
  2. პარონიმები ჰქვია ერთი და იმავე ძირისაგან ნაწარმოებ სიტყვებს, რომლებიც წარმოთქმით ერთმანეთის მსგავსია და შინაარსობრივად ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ ორი განმარტებიდან პარონიმიის უფრო ფართო გაგებას შეიცავს პირველი, ამდენად სიტყვათა ზუსტი გამოყენების თვალსაზრისით გ ა რ ე გ ნ უ ლ მ ს გ ა ვ ს ე ბ ა ს  არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან სიტყვების აღრევის მეტი შესაძლებლობა იქმნება.

გარეგნულად მსგავსი სიტყვების აღრევის საფუძველი მათი ლექსიკური მნიშვნელობის უცოდინარობაა. ეს ნათლად ჩანს, როცა პარონიმები უცხო სიტყვებია, ხოლო, როცა ქართული ენის ლექსიკურ მნიშვნელობათა დიფერენციაცია ჭირს, ალბათ იმიტომ, რომ ერთი ხმოვნის შეცვლა  მეორით თითქოს ბუნებრივად აღიქმება ან შესაძლოა სიტყვების სემანტიკური სხვაობის შემჩნევა მოუბარს ან დამწერს უჭირს.დავასახელოთ სათანადო მაგალითები:

დ ი პ ლ ო მ ა ტ ი –  თანამდებობის პირი,რომელიც დიპლომატიურ მოღვაწეობას ეწევა.

დ ი პ ლ ო მ ა ნ ტ ი – სტუდენტი, რომელიც სადიპლომო შრომას ამზადებს.

ა ფ  ე ქ ტ ი – ძლიერი განცდის გამოვლენა.

ე ფ ე ქ ტ ი – ძლიერი შთაბეჭდილება, რასაც ვინმეზე ახდენს რამე (ან ვინმე):  ხერხი, საშუალება, რომლის მიზანია შთაბეჭდილების  მოხდენა; რაიმე მოქმედების, მოღვაწეობის შედეგი.

ე ქ ს პ ო ნ ა ტ ი – საგანი, რომელიც გამოფენილია მუზეუმში ან გამოფენაზე.

ე ქ ს პ ო ნ ე ნ ტ ი –  პირი ან ორგანიზაცია, რომელმაც გამოფენაზე გამოიტანა თავის მიერ შექმნილი ან თავისი საკუთარი საგანი (ექსპონანტი).

ვ ე ტ ე რ ა ნ ი – დიდხანს ნამსახური, ომგადახდილი მებრძოლი; ძველი, ამსახურებული მუშაკი, მოღვაწე.

ვ ე ტ ე რ ი ნ ა რ ი –  ვეტერინარიის სპეციალისტი; საქონლის ექიმი.

ი ნ ტ ე რ ვ ი უ ე რ ი – ჟურნალისტი ან სხვა სპეციალობის ადამიანი,  რომელიც ინტერვიუს იღებს.

ი ნ ტ ე რ ი ე რ ი – შენობის შიგნითა ნაწილი; ნახატი, რომელზედაც ასახულია შენობის შიგნითა ნაწილი.

კ ო ნ ი ე ქ ტ უ რ ა –  ტექსტის დამახინჯებული ადგილის გასწორება ინტუიციით ან ისეთი ტექსტის გაშიფვრა, რომელიც არ იკითხება.

კ ო ნ ი უ ნ ქ ტ უ რ ა – შექმნილი ვითარება, მდგომარეობა; იმ ნიშან-თვისება და ერთობლიობა, რომლებიც ახასიათებს სასაქონლო მეურნეობას.

ჩამოთვლილი სიტყვები წარმომავლობით უცხოურია და მათმა არაზუსტად გამოყენებამ, შესაძლოა, გაუგებრობა გამოიწვიოს. ქართულ სამეცნიერო   ლიტერატურაში იკვლევენ პარონომაზიის ფაქტებს და საგანგებოდ მიგვანიშნებენ, რომ ენაში არსებული პარონიმი სიტყვების გამოვლენა  ადვილი არ არის. თუ სიტყვათა პარონიმული ხმარების ფაქტი არ არის შენიშნული, ისე მათს პარონიმიაზე საუბარი და პარონიმი სიტყვების გამოყოფა გაჭირდება. ეს თვალსაზრისი უსათუოდ გასათვალისწინებელია.

საინტერესოა, ყურადღება მივაქციოთ ქართული პარონიმების გამოყენებაზე მოხმობილ მასალებს:

ა ღ ქ მ ა – ფსიქოლოგიური ტერმინია და ცნობიერებაში ობიექტური სინამდვილის ფაქტების  (საგნების, მოვლენების) ასახვის პროცესს აღნიშნავს.

ა ღ თ ქ მ ა – სახელია, ნიშნავს დაპირებას, სიტყვის, პირობის მიცემას, დანაპირებს.

ასევე პარონიმული აღრევის შემთხვევები შეინიშნება სიტყვებში: სწავლა და სწავლება, თარგმნა და თარგმანი, გონებრივი და გონივრული, პასუხისმგებელი და პასუხსაგები, სწორედ და სწორად, თითქოს და თითქმის, იწყებს და იწყობს  და მისთანანი.

ცალკე უნდა გამოვყოთ პარონომაზია, როგორც სტილისტიკური ხერხი. ერთმანეთთან მნიშვნელობით ახლო მდგომი სიტყვები გამოიყენება აზრის გასაძლიერებლად, ნათქვამის ხაზგასასმელად, მაგ:  თქმით კი ვთქვი, წამოძახებით კი წამოვიძახე, შეტევით შეუტია, გაძლებით გაუძლო და სხვ.

პარონომაზია ფართოდაა  გავრცელებული როგორც სასაუბრო, ისე მხატვრულ მეტყველებაში.

მაგალითად:   ჩვენ, ქართველებს საყოველთაო რა გვაქვს, რომ  მწერალმა ფრთა გაშალოს და იმაზედ  განაღვლოს საყოველთაო ნაღვლითა, ანუ გალხინოს საყოველთაო  ლხინითა?  (ილია)

ლუკა კვეტენაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლის X  კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები