მრავლადაა ისეთი ნაწარმოები, რომელთა შინაარსის სიღრმისეულად გაგება-გააზრება სირთულეს წარმოადგენს. ხშირად ჩნდება მათი თანამედროვე ლიტერატურულ ენაზე გარდაქმნის, ანუ პარაფრაზირების საჭიროება.
პარაფრაზი რაიმეს აღწერა, თხრობა, საკუთარი სიტყვებით გადმოცემაა. უმჯობესია პარაფრაზირებული ვერსია ტექსტთან მიახლოებული იყოს მნიშვნელობითა და ლექსიკური ერთეულებით. უნდა გვახსოვდეს, რომ პარაფრაზირებისას არ უნდა შეიცვალოს ძირითადი ტექსტის მნიშვნელობა. იგი უნდა შეიცავდეს ყველა მნიშვნელოვან კონტენტს საწყისი წყაროდან (მოთხრობა, პოემა, ლექსი) და არა მხოლოდ მის გარკვეულ მონაკვეთებს. მნიშვნელოვანია, ტექსტის „გათანამედროვებისას“, შევინარჩუნოთ ობიექტურობა, არ გამოვავლინოთ ტენდენციურობა და დავიცვათ ავტორისეული ხედვა.
პარაფრაზირებისათვის საჭიროა რამდენიმე ეტაპის გავლა:
- ტექსტის ორიგინალი ვერსიის წაკითხვა და გაგება-გააზრება, შეძლებისდაგვარად;
- ნაწარმოების დაყოფა ძირითად და მეორეხარისხოვან კონტენტებად (მთავარი სათქმელი, მეორეხარისხოვანი პასაჟები);
- უცნობი ან იშვიათი ლექსიკური ერთეულების გამოყოფა და მათი თანამედროვე ლექსიკით ჩანაცვლება;
- ტექსტის თავისეურებები, რომელთა შენარჩუნებაც პარაფრაზში უმჯობესია;
- სტრუქტურული და ენობრივი ნორმების დაცვა.
არსებობს პარაფრაზის რამდენიმე სახე:
კონსტრუქციული პარაფრაზი: გულისხმობს ორიგინალური შინაარსის გადაწერას სხვადასხვა სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენებით, მაგრამ ისე, რომ არ შეიცვალოს პირველადი მნიშვნელობა. ამ ტიპის პარაფრაზირება მოითხოვს ტექსტის ღრმა გაგებას და იმავე აზრის უფრო მკაფიოდ, ხელმისაწვდომად, მკითხველისთვის გასაგებად გამოხატვის უნარს.
მაგალითად:
ორიგინალი ვერსია | კონსტრუქციული პარაფრაზი |
ფული არ არის ყველაფერი ამ ცხოვრებაში. | ბედნიერება მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობით არ მიიღწევა. |
უფალი ყველას მოჰკითხავს ცოდვებისთვის! | ცხოვრების მანძილზე ჩადენილ ცოდვებს უფალი ხედავს და ამისთვის საზღაურსაც ვიღებთ. |
დისკურსიული პარაფრაზი: გულისხმობს გრძელი ან რთული ტექსტის გარდაქმნას უფრო მოკლე და გასაგებ ტექსტად. ამ ტიპის პარაფრაზირება ორიგინალური ტექსტის ძირითადი იდეების იდენტიფიცირებას და მათ უფრო მკაფიოდ და მოკლედ გამოხატვას ემსახურება.
ორიგინალი ვერსია | დისკურსიული პარაფრაზი |
„ვითარცა ესმა ნეტარსა შუშანიკს, დავარდა იგი ქუეყანასა ზედა და თავსა დამართ სცემდა“ | როცა შუშანიკმა ეს ყველაფერი გაიგო, მიწაზე თავის ცემა დაიწყო. |
„ვითარ გეგულების, მითხარ მე, რაჲთა უწყოდი და აღვწერო შრომაჲ შენი“ | მომიყევი ყველაფერი, რათა შევძლო შენი ღვაწლის აღწერა. |
მექანიკური პარაფრაზირება: მოიცავს ორიგინალური ტექსტის სინტაქსური სტრუქტურის შეცვლას, მისი მნიშვნელობის შეცვლის გარეშე. მექანიკური პარაფრაზირების გავრცელებული ტექნიკაა: სიტყვების თანმიმდევრობის შეცვლა ან სხვადასხვა გრამატიკული კონსტრუქციის გამოყენება.
ორიგინალი ვერსია | მექანიკური პარაფრაზირება |
„მზემ აიწია ფეხის წვერებზე“ | მზემ ფეხის წვერებზე აიწია. |
„ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!“ | ველოდი ამ დღეს და მოვესწარი კიდეც! |
პარაფრაზირებული ტექსტი ავტონომიური ნაშრომია, იგი მკითხველის ინდივიდუალური ხედვის კუთხეს ასახავს.
მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე