კვლევებით დადასტურდა, რომ ონლაინ სწავლების პერიოდმა საკმაოდ სერიოზული სასწავლო დანაკარგები გამოიწვია. მიზეზი მრავალგვარი იყო. როგორია სკოლებისა და მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეთა ჩამორჩენის აღმოფხვრის მცდელობა და რა აქტივობებს სთავაზობენ სასწავლო დანაკარგების ასანაზღაურებლად — ამის შესახებ საუბრობენ ჩვენი რესპონდენტები
⇒ ინა ბიწაძე
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი
პანდემიამ დიდი პრობლემების წინაშე დაგვაყენა, რის შედეგადაც მიღებული დანაკარგები, სიცოცხლის დამარცხებით გამოწვეული ტრაგედიის შემდეგ, ყველაზე მტკივნეულად განათლების სექტორზე აისახება. 2020 წლის გაზაფხულზე, მოულოდნელად, სრულ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა დიდი გამოწვევა იყო, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის. განსაკუთრებით კი მაღალმთიანი სოფლის სკოლისთვის, სადაც მოსწავლეთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა.
სკოლა, ამ პერიოდისთვის, ჩართული იყო პროგრამა „ახალი სკოლის მოდელში“ და მხარდამჭერი ჯგუფი — ექსპერტები, კურიკულუმის დანერგვის, ტექნოლოგიებისა და ლიდერობის მიმართულებებით, აქტიურად მუშაობდნენ სკოლაში, რამაც განაპირობა გარკვეული მზაობა დისტანციური სწავლებისთვის. პედაგოგები უკვე იცნობდნენ Microsoft Office 365-ის პროგრამებს, ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს უკვე გააქტიურებული ჰქონდა საკუთარი ანგარიში თიმსის პლატფორმის გამოსაყენებლად, მასწავლებელთა უმრავლესობა ფლობდა ტექნიკასთან მუშაობის საბაზისო უნარებს, თუმცა ეს არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ იმავე ხარისხის გაკვეთილი ჩაეტარებინათ, როგორიც საკლასო ოთახში — პირისპირ სწავლებისას. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს აისახა მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე.
ჩემს გუნდთან ერთად, შევიმუშავე კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, სადაც გათვალისწინებული იყო, პირველ რიგში, უსაფრთხო გარემოს შექმნა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა. განსაკუთრებით გააქტიურდა მოსწავლეთა ტექნოლოგიების კლუბი „მომავლის ციფრული თაობა“, რომელსაც ექსპერტი ნინო ჭიპაშვილი კურატორობდა. ამ დროისათვის, კლუბში, მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლები და მშობლებიც კი გაწევრიანდნენ. კლუბის მიზანი სწორედ იმ გამოწვევების დაძლევა იყო, რომლის წინაშეც დავდექით. კლუბის წევრები, საჭიროებიდან გამომდინარე, წერდნენ ვიდეოინსტრუქციებს და ავრცელებდნენ სასკოლო თემში. ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეები ეხმარებოდნენ მასწავლებლებს ტექნიკურ საკითხებში.
კრიზისის დაძლევის გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მშობლების ჩართულობას სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობაში. შეიძლება ითქვას, რომ მათთან კომუნიკაცია ასეთი აქტიური არასოდეს ყოფილა. მათი აქტიური ჩართულობით, შევიმუშავეთ მათთან კომუნიკაციის ერთწლიანი გეგმა, რომელიც ძალიან გვეხმარება სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული მიზნების მიღწევაში. როდესაც სკოლაში, პირისპირ, მშობელთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრების შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენი მუშაობა უფრო პროდუქტიული გახდა.
დისტანციური სწავლების პერიოდი, მიუხედავად დიდი სირთულეებისა, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და განვითარების ეტაპიც იყო ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში. შევძელით მოსწავლეთათვის შეგვეთავაზებინა საკლუბო მუშაობა რამდენიმე მიმართულებით. ბევრი საინტერესო ელექტრონული რესურსი შეიქმნა ჩვენი პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ ლიტერატურული, სამოქალაქო განათლების, ტექნოლოგიების, პროგრამირება-ინჟინერიისა თუ ეკოკლუბის მიერ. სწრაფად მოვახერხეთ მიმდინარე სასკოლო პროექტების აქტივობების მოდიფიცირება ონლაინ მუშაობისთვის. ამას ემატებოდა მოსწავლეთა ჩართულობა ქვეყნის მასშტაბით გააქტიურებულ საგანმანათლებლო ონლაინ პროექტებსა თუ სემინარებში, რამაც მათ მნიშვნელოვანი უნარები და ცოდნა შესძინა.
მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა არ დაგვიკლია, რემედიაციის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, რომ კონკრეტულ საგნებში, ზოგიერთ მოსწავლესთან აკადემიური შედეგები რეგრესისაკენ წავიდა. ზოგიერთი საგნის მასწავლებელმა ვერ შეძლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხების სრულყოფილად გავლა. ამ მხრივ, საინტერესოა ჩვენი სკოლის ფიზიკის მასწავლებლის, ელზა ხარშილაძის გამოცდილება. მოგეხსენებათ, რამდენად რთულია ამ საგანში მაღალი მოტივაციის შექმნა მოსწავლეთათვის, მით უმეტეს — დისტანციურად. სასწავლო დანაკარგების აღმოსაფხვრელად, მან აქტიურად გამოიყენა დისტანციური კლუბური მუშაობა, არაერთი მიმართულებით. თიმსის პლატფორმაზე შექმნა ჯგუფები e Twinning-ის პროგრამაში, ფიზიკის კლუბსა და ეკოკლუბში სამუშაოდ. კლუბურ მუშაობაში იყენებდა მრავალფეროვან ინტერნეტ რესურსებს. ვინაიდან დროში შეზღუდული არ იყო, მოსწავლეებს თავისუფლად შეეძლოთ შეესრულებინათ მრავალფეროვანი სავარჯიშოები, აქტივობები. ფიზიკის კლუბში, ძირითადად, მუშაობდა პროგრამირებასა და ვირტუალური სქემების აწყობაზე, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა, საინტერესოდ და სახალისოდ აეხსნა ფიზიკის საკითხები. ძალიან დაეხმარა პროფესორ დავით სონღულაშვილის მიერ შექმნილი რეალურ-ვირტუალური ლაბორატორია, რომელიც დისტანციური სწავლებისას ნამდვილად არაჩვეულებრივი რესურსია.
რაც შეეხება მოსწავლეებს, რომლებიც ვერ ახერხებდნენ დისტანციურ სწავლებაში სრულფასოვან ჩართვას, სკოლაში მისვლის შემდეგ, რემედიაციის პროგრამით, სასწავლო დანაკარგების აღმოფხვრის მიზნით, გაკვეთილების შემდეგ, მათთან დამატებით მუშაობდა, მოუხდა სასწავლო გეგმის მოდიფიცირება და შესასწავლი საკითხების ისეთი აქტივობებით გავლა, როგორიცაა დეკოდირება, გააზრებული კითხვის ტექნიკები; მუშაობდა ამოცანების ამოხსნაზე რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით, ატარებდა სადემონსტრაციო ცდებს. მოსწავლეებთან, არდადეგების პერიოდში, დამატებით იმუშავეს მათემატიკის, ქიმია-ბიოლოგიისა და დაწყებითი კლასების პედაგოგებმაც, რისთვისაც სკოლის დირექცია საჯაროდ უცხადებს მათ მადლობას.
გამოწვევების დაძლევაში ძალიან დაგვეხმარა „ახალი სკოლის მოდელი“. კომპლექსური დავალებები შევიტანეთ როგორც დაწყებით და საბაზო, ისე საშუალო საფეხურზე. ჯერ კიდევ ზაფხულში შევიმუშავეთ 2021-2022 სასწავლო წლის კურიკულუმი ყველა საგნობრივი მიმართულებით, განვსაზღვრეთ არაფორმალური განათლების პრიორიტეტები. დავწერეთ პროექტის გეგმა — „სანერგე მეურნეობის მოწყობა სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე“, რომელიც 2021-2022 სასწავლო წელს „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განხორციელდება.
გასულ სასწავლო წელს, ჩვენ მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტი „ჰაერის სეზონური დაბინძურება სოფლად, ძალზე მნიშვნელოვანი იყო სასკოლო საზოგადოებისთვის.
ჩემი გამოცდილებით, მინდა ყველას ვუთხრა: არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, პოზიტიური თანამშრომლობითა და გუნდურობით ყველა პრობლემა დაძლევადია, ოღონდ ეს სასკოლო თემის ყველა რგოლმა უნდა გააცნობიეროს და ძალიან მოინდომოს. განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანის პასიურობა დანაშაულია მომავალი თაობის წინაშე. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში მომავალს ყოველთვის იმედიანად უყურებენ, რადგან ვისწავლეთ როგორ ვაქციოთ გამოწვევები და საფრთხეები ახალ შესაძლებლობებად!
⇒ მარიტა გოტიაშვილი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენის მიზეზები სხვადასხვაა, თუმცა უმეტესად ტექნოლოგიისა და ინტერნეტის არქონა სახელდება. სამწუხაროდ, ინტერნეტის მოწოდება სოფელში ხარისხიანად ვერ ხერხდება და არც ინტერნეტ პაკეტების შეძენაა ხელმისაწვდომი. საბედნიეროდ, შარშან, მთელი წელი, გვქონდა პირისპირ სწავლების შესაძლებლობა, რაც თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურად მუშაობის საშუალებას მაძლევდა.
ონლაინ სწავლებისას იყო შემთხვევები, როცა ინტერნეტის ან სათანადო ტექნიკის არქონის გამო, დისტანციურად, სასწავლო პროცესში ვერ ერთვებოდა მოსწავლე და მას ტელეფონით ვუკავშირდებოდი. სატელეფონო სწავლება პირველ კლასში, რა თქმა უნდა, არ იყო ეფექტური, რადგან ანბანს ვუხსნიდი და ბავშვებს ძალიან უჭირდათ გაგება. თუმცა გამიმართლა, რადგან მშობლები მეხმარებოდნენ და გარკვეულ შედეგზეც გავედით. მაღალი კლასის მოსწავლეებთან, რომლებმაც კითხვა იცოდნენ, ვცდილობდი მობილურით დაკავშირებას, რათა მათ მუდმივად ჰქონოდათ სასწავლო პროცესში ჩართულობის განცდა. თუმცა, სატელეფონო სწავლებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო ისევე, როგორც ონლაინ სწავლებამ. ბავშვები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ დისტანციურ სწავლებაში, როცა საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ, აღმოჩნდა, რომ გაცილებით უფრო წინ იყვნენ და უფრო მეტი იცოდნენ ინგლისურ ენაში, ვიდრე იმ ბავშვებმა, რომლებსაც მხოლოდ ტელეფონით ვუკავშირდებოდი.
ჩვენს სკოლაში, სულ 14 მოსწავლე სწავლობს, რაც ინდივიდუალური მუშაობის შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ, დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთვის, შევიმუშავე ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და გაკვეთილის შემდეგ, დამატებით, ვეხმარებოდი და ვუხსნიდი მოსწავლეს. ამ პროცესში მშობლებიც იყვნენ ჩართულნი. სკოლაც დამეხმარა, რათა დამატებითი რესურსები მიგვეწოდებინა მოსწავლეებისთვის, ბეჭდური სახით. სახლში აქტიურად მუშაობდნენ და ასრულებდნენ დავალებებს. ამ მოსწავლეებმა, სამ თვეში, შეძლეს აკადემიური ჩამორჩენის დაძლევა.
ძირითადად, ჩამორჩენა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით და სოფელში ინტერნეტის არარსებობით იყო გამოწვეული და დაძლევა თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. მოსწავლეები და მასწავლებლები მობილურ ინტერნეტზე არიან დამოკიდებულნი, 2021 წლის იანვრამდე ინტერნეტ პაკეტები საკმაოდ ძვირი იყო. იანვარში, 5 თვით, ამოქმედდა შეღავათიანი ფასი დისტანციური სწავლებისთვის. თუმცა, სოფელში მაცხოვრებელი მშობლისთვის, რომელმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა ან ანაზღაურება შეუმცირდა, შვილის სათანადო ტექნოლოგიებითა და ინტერნეტით აღჭურვა, საკმაოდ რთული გამოწვევაა.
ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში, მთლიანი სასკოლო საზოგადოება აქტიურად ვცდილობდით, პრევენციული ზომები მიგვეღო კოვიდის წინააღმდეგ და მაქსიმალური სიფრთხილით ვიცავდით დაწესებულ რეგულაციებს. შედეგიც ნაყოფიერი აღმოჩნდა — მთელი სასწავლო წელი სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა, უსაფრთხო გარემოში.
დანაკლისი განსაკუთრებით შესამჩნევი იყო დაწყებით კლასებში. როდესაც ბავშვი წერა-კითხვას სწავლობს, მისთვის აუცილებელია მასწავლებლის დახმარება, კლასელებთან ინტერაქცია და დასწავლის მეთოდების გაზიარება. ვფიქრობ, როგორც დისტანციურ სწავლებაში ჩართული, ასევე დისტანციური სწავლების მიღმა დარჩენილი მოსწავლეებისთვის, თამაშის, აზრთა გაცვლის და სოციალური ინტერაქციის არარსებობა იყო კიდევ ერთი დანაკლისი.
აკადემიური ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად, ვფიქრობ, საჭიროა ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, გნებავთ, რემედიაციის პროგრამა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ბავშვის მხრიდან სოციალიზაციის და თანატოლებთან ინტეგრაციის მოთხოვნილება. ინდივიდუალურმა სასწავლო გეგმამ არ უნდა გამოყოს და არ უნდა განასხვავოს ბავშვი სხვებისგან. ეს უნდა მოხდეს მის ინტერესზე ფოკუსირებით, მაქსიმალურად დიპლომატიურად და სახალისო მეთოდებით. ბავშვი ჩართული უნდა იყოს მიმდინარე სასწავლო პროცესშიც.
მოსწავლეებისთვის, რომლებიც დისტანციური სწავლების მიღმა აღმოჩნდნენ 2020 წლის მარტიდან ივნისამდე, იმავე წლის სექტემბრიდან, შევიმუშავე ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სასკოლო საზოგადოებასთან შეთანხმებით და ჰარმონიული მოქმედებით. თუმცა, მოსწავლე ჩართული იყო მიმდინარე სასწავლო პროცესშიც. ვცდილობდი, დატვირთვა მაქსიმალურად მსუბუქი ყოფილიყო. გარდა ამისა, პანდემიით გამოწვეული იზოლაციის გამო, შევქმენი სახალისო ანიმაციების საზაფხულო ბანაკი, ასევე ფილმების კლუბი, სახალისო ინგლისურის და სამოქალაქო განათლების კლუბები, რომელთა ფარგლებშიც ჩემი სკოლის მოსწავლეები დავაკავშირე თანატოლებს სხვადასხვა სკოლებიდან, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან. კლუბების შექმნისას, არაფორმალური განათლების მიზნებთან ერთად, დიდი სურვილი მქონდა, ბავშვებს სხვა სკოლის მოსწავლეებთან დამეგობრების შესაძლებლობა ჰქონოდათ.
ვცდილობ, კლასგარეშე აქტივობა მაქსიმალურად იყოს მოსწავლის ინტერესების მიხედვით დაგეგმილი. ორკვირიანი საზაფხულო ბანაკი, ანიმაციების კლუბიც ბავშვების ინტერესების მიხედვით დაიგეგმა. ჩემს მთავარ მიზანს წარმოადგენდა ბავშვების სოციალიზაცია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ინტერაქცია. 3-5-წუთიანი ანიმაციების ნახვის შემდეგ, ისინი აფიქსირებდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებს და გამოხატავდნენ ემოციებს. ანიმაციების თემები იყო: მოგზაურობა, სახალისო შემთხვევითობები, მეგობრობა, ცხოველების სიყვარული, სიკეთე და ა.შ. ანიმაციების ბანაკში მონაწილეობდნენ ბავშვები საქართველოს ყველა კუთხიდან. პროექტი საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა და პანდემიით გაუფერულებული დღეები გაამრავალფეროვნა.
ვფიქრობ, თიმსის პროგრამაში, მოსწავლეთა კი არა, მასწავლებელთა ჩართულობაც პრობლემაა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. საკმაოდ ხშირად მიმდინარეობს პროგრამული ცვლილებები, ორი წელია ყოველდღე იცვლება თიმსის ფუნქციები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს გამართულ და ხარისხიან მუშაობას. გარდა ამისა, თიმსის მოთხოვნებს ვერ უმკლავდება ვერც მოსწავლეთა ბუკი და ვერც სხვა სუსტი მონაცემების მქონე მოწყობილობა, რადგან საჭიროა მაღალი სიხშირის ინტერნეტი, გამართული, ძლიერი მოწყობილობა, სათადარიგო შემთხვევაში — ძლიერი სმარტფონი. თუმცა, შეიძლება ტექნოლოგიებით კბილებამდე შეიარაღებულიც „გაიჭედოთ“ თიმსში, რადგან პროგრამისტები ხშირად ამატებენ ახალ ფუნქციონალს, რაც სისტემას, მინიმუმ, ორი საათით „ყინავს“. ამიტომ, ვცდილობ, კლასგარეშე ონლაინ აქტივობები ზუმის გამოყენებით დავგეგმო.
⇒ აზა მემანიშვილი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლის „მზეკაბანი 2007“ ხარისხის მენეჯერი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
პანდემიამ მთელი სამყარო თავდაყირა დააყენა, ეს ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის — განათლებასაც. სასწავლო პროცესის მოულოდნელად და სრული დატვირთვით დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას ბევრი სირთულე მოჰყვა… უმთავრესია მოსწავლეების აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც თითქმის ყველა სკოლის „აქილევსის ქუსლია“. ეს პრობლემა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისთანავე კარგად გავიაზრეთ… მოსწავლეთა კონტინგენტი რომ შეგვენარჩუნებინა და ფიზიკურად გადავრჩენილიყავით, დავიწყეთ ზრუნვა დამატებითი ინდივიდუალური პროგრამების დანერგვასა და ეფექტური მეთოდების გამოყენებაზე. სკოლა მცირეკონტინგენტიანია (148 მოსწავლე გვყავს), კლასებში, საშუალოდ, 12-14 მოსწავლეა, რაც პრობლემის მოგვარებას აადვილებს.
ჩვენს სკოლაში მოსწავლეთა გარკვეული ნაწილის ჩამორჩენა, ზოგადად, განაპირობა ტექნიკურმა პრობლემებმა — ინტერნეტის ხარვეზი, ციფრული ტექნოლოგიების არქონა, ზოგ შემთხვევაში კი, მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ კომპიუტერული ტექნოლოგიების ნაკლებად ფლობის უნარმაც.
პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლებისას ჩამორჩენა, ძირითადად, შეიმჩნეოდა სწავლების დაწყებით საფეხურზე, უფრო მეტად უცხო ენასა (ინგლისური, რუსული) და მათემატიკაში. ჩამორჩენის უმთავრესი მიზეზი იყო დისტანციურ გაკვეთილებზე მოსწავლეთა ერთი ნაწილის არასტაბილური დასწრება, გაცდენები…
გასულ სასწავლო წელს, პირველ კლასში ორი მოსწავლე გვყავდა, მეორე კლასში ასეთივე პრობლემა ერთ მოსწავლესთან გვქონდა, მესამე კლასში — 3 მოსწავლესთან. ბავშვებს განსაკუთრებით მათემატიკა და უცხო ენა გაუჭირდათ. აკადემიური ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად, დავიწყეთ ინდივიდუალური პროგრამების გამოყენება და ვფიქრობთ, მსგავსი ტიპის მეთოდი ძალზე ეფექტურია ზემოაღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. დისტანციური სწავლის პერიოდში, ტელეფონით (დარეკვით) და Zoom-ის პროგრამის გამოყენებით, უკავშირდებოდნენ მასწავლებლები აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებს და მათთან ინდივიდუალურად მუშაობდნენ, ხოლო როცა ჩვენს რაიონში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ (2020 და 2021 წლების ივნისის მეორე ნახევარში, ზოგჯერ — ივლისის პირველ ნახევრამდე და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდეც, 25 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე) მათემატიკის პედაგოგები — ხათუნა კლდიაშვილი და ინგა გაბრიჭიძე, ინგლისურის პედაგოგი ნანა სვანიძე ინდივიდუალური პროგრამებით მუშაობდნენ და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს.
ინდივიდუალური მიდგომები გვაქვს, ასევე, სკოლაში ახლად გადმოსული მოსწავლეების მიმართ, თუკი დიაგნოსტიკური ტესტირებისას, რომელიმე მათგანს ამის საჭიროება აქვს. არ გაგვჭირვებია რემედიაციის პროგრამის გამოყენებაც, რადგან სკოლას, დაარსებიდანვე, ერთ-ერთ პრიორიტეტად ყოველთვის მიაჩნდა ინდივიდუალური მუშაობა აკადემიურად ჩამორჩენილ მოსწავლეებთან. ალბათ, ამიტომაცაა, რომ დისტანციური სწავლების პირობებშიც კი სკოლას აქვს მიღწევები.
⇒ თემო სუყაშვილი
მარნეულის №2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მენტორი მასწავლებელი
არაერთმა კვლევამ ცხადჰყო, რომ პანდემიის შემდეგ გვაქვს სერიოზული სასწავლო დანაკარგები. ჩამორჩენა არა მხოლოდ პროგრამული ხასიათისაა, არამედ მკვეთრად გამოიხატა სოციალიზაციისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების დაქვეითებაც. სწორედ ამიტომ, ქალაქ მარნეულის №2 საჯარო სკოლის ბაზაზე, ზაფხულში, მოვაწყვეთ ორკვირიანი ინტენსიური საზაფხულო სკოლა, სახელწოდებით — „საოცნებო სკოლა“, სადაც თავი მოვუყარეთ 50-მდე მოსწავლეს. საზაფხულო სკოლის მონაწილე ბავშვების ნაწილი, გასულ სასწავლო წელს, ახერხებდა ონლაინ სწავლებაში ჩართვას, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ვერ ახერხებდნენ. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ ვიყავით ფოკუსირებული მაინცდამაინც იმაზე, ერთვებოდნენ თუ არა ისინი სასწავლო პორცესში. მით უმეტეს, ძალიან ცოტა მოსწავლემ ვერ შეძლო ონლაინ გაკვეთილებში ჩართვა.
ამის გარდა, საზაფხულო სკოლაში, დამატებით, მარნეულის კიდევ სამი სკოლის მოსწავლეებს მივეცით შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ ორკვირიანი „სკოლის“ მონაწილეები. შერეული ჯგუფი გამოგვივიდა ეთნიკური თვალსაზრისითაც, ჩვენი ბენეფიციარები იყვნენ ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები. მიზანი იყო, როგორმე დაგვეძლია პრობლემები, რომელიც ონლაინ სწავლებამ არაფორმალური განათლების მიმართულებით შექმნა. ჩვენი სკოლის პედაგოგების გარდა, გვყავდნენ მოწვეული სტუმრები, რომლებიც ძალიან სიღრმისეულ ტრენინგებს ატარებდნენ შერჩეულ თემატიკებზე, მაგალითად, გენდერის, მეორადი ნივთებისგან ხელნაკეთი ნივთების დამზადება, ასევე, ლიდერობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ა.შ. ამ საზაფხულო სკოლის მენეჯერი მე ვიყავი და ჩავრთე სასკოლო საზოგადოება — სკოლის მასწავლებლები ბავშვებს სემინარებს უტარებდნენ, ოღონდ ეს იყო ხანგრძლივი სემინარები და ასწავლიდნენ მათ ესეს წერის კულტურას, კრიტიკული აზრის გამოხატვას, მსჯელობას. რამდენიმე სემინარი პროექტის წერის მიმართულებასაც დაეთმო. ძალიან საინტერესო აქტივობებს ვთავაზობდით მოსწავლეებს, მაგალითად, კრეატიული ვიდეოების გადაღების ხელოვნება — როგორ შეიძლება რამდენიმე ადამიანმა საინტერესო ვიდეო გადაიღოს. რეალურად, საზაფხულო სკოლაში მთავარი აქცენტი გადავიტანეთ არა პროგრამულ ჩამორჩენაზე, არამედ იმ საჭიროებებზე, რომელიც ამ ჩამორჩენამ გამოკვეთა. ხელი შევუწყვეთ მოსწავლეთა რესოციალიზაციას. მნიშნელოვანია ისიც, რომ საზაფხულო სკოლა პირისპირ ფორმატში წარიმართა, ცხადია, ყველა რეგულაციის დაცვით. ამით შევეცადეთ, შეგვემცირებინა ის გაუცხოება, რომელიც ბავშვებში დისტანციურმა სწავლებამ გააჩინა.
50 ბავშვი დავყავით ჯგუფებად, ერთ ჯგუფს ლიდერობის სესია უტარდებოდა, მეორეს ესეს წერის ტექნიკას ასწავლიდნენ და ა.შ. შემდეგ მასწავლებელი ჯგუფებს ცვლიდა და აგრძელებდა სემინარს მათთვის სასურველ თემატიკაზე. იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ დილის 9 საათზე მოსულ ბავშვს 6 საათზეც აღარ უნდოდა სახლში წასვლა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოხალისეობრივ დონეზე განხორციელდა, ჩვენი შიდა რესურსებით.
ორკვირიანმა პროექტმა, 50 მოსწავლეს, თითქოს, ხელახალი სუნთქვა შთაბერა, ეს იგრძნობოდა მათ შეფასებებსა და დამოკიდებულებაშიც. ჩვენი უცხოელი სტუმრები გაოცებული იყვნენ, ასეთ სიცხეში როგორ ახერხებენ ასეთი მოტივაციის შენარჩუნებასო.
ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ სკოლა არ არის მხოლოდ პროგრამული მასალის შესასწავლი ადგილი, მხოლოდ სტანდარტული საგაკვეთილო სივრცე, სკოლა ასევე არის ადგილი, სადაც ბავშვების სოციალიზაცია ხდება, სადაც სწავლობენ ცხოვრებისთვის საჭირო და აუცილებელ უნარ-ჩვევებს. რეალურად, ჩვენ მათ ხომ მომავალი ცხოვრებისთვის ვამზადებთ, ამიტომ არის აუცილებელი, ფორმალურ განათლებასთან ერთად, არაფორმალური განათლების ელემენტებიც შევთავაზოთ. პანდემიის პერიოდში ამის განსაკუთრებული აუცილებლობა გამოიკვეთა. ბუნებრივია, საგანმანათლებლო დანაკარგების აღმოფხვრას ხელს შევუწყობთ. თუ მოსწავლემ რომელიმე კონტინენტი კარგად ვერ შეისწავლა, ეს არ არის ტრაგედია, მომავალში აუცილებლად მოახერხებს შესწავლას, მაგრამ, თუკი მას დააკლდა სითბო, სიყვარული, ადმიანებთან ურთიერთობები და მოხდა მისი გაუცხოვება, ამის გამოსწორებას წლები დასჭირდება.
რაც მთავარია, მინდა კოლეგებს ვუთხრა, რომ ჩვენ, მასწავლებლები, არ უნდა დაველოდოთ ინსტრუქციას — ზემოდან ქვემოთ ბრძანებას. ვფიქრობ, სამყარო ქვემოდან წამოსულმა ინიციატივებმა უნდა შეცვალოს უკეთესობისკენ, მათ შორის, სკოლებიც.