ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას ინიციატივით, 2020 წლის სკოლის ლიდერობის კონკურსის გამარჯვებულ დირექტორს, ვარდენ ნიქაბაძეს, მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლაში საინჟინრო კლუბის განვითარებისთვის, სკოლის მოსწავლეებში პროგრამირებისა და ინჟინერიის მიმართულებით ინტერესის გაღვივებისთვის 10 სასწავლო დრონი გადაეცა.
სკოლის დირექტორმა, ჩვენთან საუბრისას, აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც დრონები მიიღო, კიდევ ერთხელ კარგად გაეცნო მათ შესაძლებლობებს და მისი წარმოდგენაც, ამ მიმართულებით, უფრო გამყარდა: „ეს რეალურად საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ კეთებით. ყველამ იცის, რომ, მაგალითად, პროგრამირება ძალიან მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში და ყველა მიმართულებით შეიძლება გამოვიყენოთ ისევე, როგორც, თავის დროზე, იყო ცნობილი (ახლაც ასეა), რომ მათემატიკა ბევრი მეცნიერების საფუძველი, ინსტრუმენტი და იარაღი იყო. ანალოგიურად, პროგრამირების მცოდნე ადამიანი ნებისმიერ სფეროში შეძლებს, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს. ჩვეულებრივ, მოსწავლეებისთვის პროგრამირების შესწავლის პროცესი ცოტა მოსაბეზრებელია, ძალიან გვიან იგებენ მის მნიშვნელობას და გვიან იღებენ სიამოვნებას ამ პროცესისგან. როდესაც დრონების საშუალებით დააპროგრამებენ რამეს (თუნდაც ეს არ იყოს ისეთი სერიოზული რამ, რაც პერსპექტივაში იგულისხმება) და შედეგს რეალურად დაინახავენ, ეს აუცილებლად გაუჩენს მათ ინტერესს, რომ უფრო მეტი ისწავლონ. გარდა ამისა, დრონების მეშვეობით, შესაძლებელია, სივრცითი გეოგრაფიული პროექტების განხორციელება, თუმცა კლასიკური საგაკვეთილო ფორმით დრონები არ გამოიყენება, მაგრამ თანამედროვე განათლებაში ძალიან დიდი როლი აქვს არაფორმალურ განათლებას და სწორედ არაფორმალური განათლების გამაძლიერებელი ფაქტორი იქნება ჩვენი საინჟინრო კლუბი სკოლისთვის.“
თუ აქამდე საინჟინრო კლუბს სკოლის დირექტორი ხელმძღვანელობდა, ახლა მათივე სკოლის ყოფილი მოსწავლე, აიტი მენეჯერი დავით ნარმანია გაუძღვება, მეთორმეტეკლასელ ირაკლი ფერცულიანთან ერთად, რომელმაც ამის სურვილი თავად გამოთქვა და ვარდენ ნიქაბაძეს სჯერა, რომ შეძლებს: „მართალია, მუშაობის პროცესში მეც ჩავერთვები, მაგრამ თანდათან ვეცდები, ახალგაზრდებს გადავაბარო. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცოდნა მოსწავლეებს გადაეცეთ. გვინდა, მეთორმეტეკლასელებიც ჩავრთოთ აქტიურად, ისეთები, ვინც თვითონ შეძლებენ სხვებისთვის ამ ცოდნის გაზიარებას, იქნებიან როგორც კლუბის აქტიური წევრები, ასევე მასწავლებლები-ქოუჩები. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი იყოს ამ ცოდნის გადამცემი.“
შესაძლოა, მომავალში, საინჟინრო კლუბის მომსახურებით არა მარტო ამ სკოლის, არამედ რაიონის სხვა სკოლების მოსწავლეებმაც ისარგებლონ. დირექტორი გვიყვება, რომ ჰქონდა ასეთი იდეა და სოფლის გამგებელსაც გაუზიარა: „ჩვენი სოფელი დიდია, 4 სკოლაა და თუ სურვილი ექნებათ, შეეძლებათ, ამ კლუბის ბაზაზე, გაიღრმავონ ცოდნა. რა თქმა უნდა, ტექნიკური თვალსაზრისით, კლუბს გაფართოება დასჭირდება, მაგრამ პერსპექტივაში, ვფიქრობ, რომ კარგი იქნება. საზოგადოდ სასწავლო და საგანმანათლებლო სისტემის გარდაქმნა ისე სწრაფად, როგორც სამყარო ვითარდება და როგორც ტექნოლოგიები ვითარდება, რა თქმა უნდა, არ ხდება, თუმცა, არაფორმალური სწავლების წილი და თავისუფალ გარემოში სწავლების წილი თანდათან ყველგან გაიზრდება, არა მარტო ჩვენთან.
არა მგონია, თანამედროვე ტექნოლოგიები სკოლებისთვის ფუფუნება იყოს. ახლა კორონა პერიოდია და ამის გამო სახსრების ეკონომიაა ყველა მიმართულებით, მაგრამ იმ დროს, როცა მსგავსი პრობლემები არ იყო, ძალიან ბევრ სკოლას ჰქონდა ბიუჯეტში იმდენი დანაზოგი, რომ ერთი წლის დანაზოგით თუ არა, ორი წლის დანაზოგით მაინც, ასეთი კლუბი, ტექნიკური თვალსაზრისით, გაემართა (დაახლოებით, 2000-მდე სკოლაა საქართველოში, აქედან 1000 სკოლას მაინც ექნებოდა ამის საშუალება). კარგი იქნება, უნივერსიტეტები თუ დაეხმარებიან სკოლებს და ამ მიმართულებით ტრენინგები ჩატარდება. ვფიქრობ, რომ ჩვენნაირი ეკონომიკური სიძლიერის ქვეყნისთვისაც არ არის არაფერი ხელმიუწვდომელი და ამაზე უკეთესი რა უნდა გაკეთდეს სკოლაში. არ მახსოვს, ჩემს მოსწავლეებს ასე რამე გახარებოდათ, როგორც 3D ბეჭდვის კლუბის ამუშავება სკოლაში, როცა დაინახეს, როგორ მიდიოდა ბეჭდვის პროცესი. 3D პრინტერის საშუალებით ვბეჭდავთ სხვადასხვა ფიგურებს, ბავშვები ინტერნეტში მოიძიებენ და გარდაქმნიან, საჭიროების მიხედვით, 3D ობიექტებს, სასკოლო თვალსაჩინოებებს და ა.შ.
ჩვენს კლუბს ადრე 3D ბეჭდვის კლუბი ერქვა და ახლა საინჟინრო კლუბად უნდა გარდავქმნათ. სარეგისტრაციო ბმული მოსწავლეებისთვის სკოლის ფეისბუქგვერდზე დავაგზავნეთ და დაიწყეს რეგისტრირება. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე, V-XII კლასების მოსწავლეებს დავარეგისტრირებთ, მერე, რა თქმა უნდა, როგორც ხდება ხოლმე, მოსწავლეების ნაწილი კლუბში ალბათ არ დარჩება, მაგრამ მგონია, 70-მდე წევრი მაინც გვეყოლება.“ — გვითხრა ვარდენ ნიქაბაძემ.
„დღეს უკვე ყველა სფეროში გამოიყენება დრონები, ბავშვებს შევასწავლით, დავაინტერესებთ პროგრამირებით და დრონების შესახებ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას მივაწვდით. ეს მომავლის ტექნოლოგიაა და ძალიან კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს მეტი ცოდნა ექნებათ ამის შესახებ.“ — ამბობს ინჟინერიის კლუბის წევრი ირაკლი ფერცულიანი.
სკოლა, შესაძლებლობის ფარგლებში, უკვე წლებია, ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მიმართულებების პოპულარიზაციის მიზნით, არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს. სწორედ ეს გახდა სკოლისთვის სპეციალური პრიზის დაწესების მოტივი. სკოლის ლიდერობის კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ განაცხადა, რომ მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლას საინჟინრო კლუბის განვითარებისთვის, დრონებს გადასცემდა.
ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების პოპულარიზაციისა და ინოვაციების მიმართულებით და ტექნოლოგიის სკოლის წარმომადგენლები ესტუმრნენ სკოლას, დრონები გადასცეს და საინჟინრო კლუბის წევრი მოსწავლეებისთვის დრონების შესახებ პირველი ვორკშოფიც ჩაატარეს, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ღია სივრცეში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ნანა დიხამინჯია ამბობს, რომ უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა და ამ მიმართულებით მოსწავლეების ინტერესის გაზრდა. „10 სასწავლო დრონი გადაეცა ფარცხანაყანევის სკოლას, ილიაუნის ტექნოლოგიების სკოლა მხარდაჭერას აღმოუჩენს სკოლას დრონების მოქმედების პრინციპებისა და დაპროგრამების შესწავლაში, ტექნოლოგიური და საინჟინრო კლუბების განვითარებაში.“ ამ მიზნით, სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეებისთვის არაერთ ვორკშოფსა თუ საჯარო ლექციას გამართავს.
ვარდენ ნიქაბაძეს მიაჩნია, რომ არაფორმალურ გარემოში ამ ფორმით და მიმართულებით სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. „უნივერსიტეტის ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია, ძალიან დიდ ბენეფიტს მოიტანს სკოლისთვის და ჩვენი მოსწავლეებისთვის მომავალში, საზოგადოდ, ახალი სასკოლო კულტურა დამკვიდრდება იმ მხრივ, რომ მოწინავე, ახალი, თანამედროვე დავნერგოთ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.“