სიუზანნა აბელიანი
სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის ქიმიის და ინგლისური ენის მასწავლებელი, მეცხრე კლასის დამრიგებელი
♦ დამრიგებლის მთავარი ფუნქცია
კლასის დამრიგებელი არის მთავარი აღმზრდელობითი ფუნქციის მქონე ადამიანი და მას ევალება კლასის მართვა, თავის ჯგუფზე პასუხისმგებლობის აღება, ასევე, სასწავლო კურიკულუმის წარმოება და მოსწავლეებისთვის განმავითარებელი შეფასებების დაწერა. დამრიგებელი, პირველ რიგში, მჭიდრო კავშირში უნდა იყოს მოსწავლეების ოჯახის წევრებთან, რომ გაუმარტივდეს ნებისმიერ გამოწვევასთან გამკლავება.
მახსოვს ჩემს მოსწავლეს ძალიან უჭირდა ქიმია და ამაოდ ცდილობდა, დაწეოდა მასალას. ერთ დღეს, გაკვეთილების შემდეგ, მოვიდა და მითხრა, რომ აზრი არ ჰქონდა მის მცდელობებს, არანაირი იმედი აღარ ჰქონდა, რომ ამ საგანს წარმატებით ისწავლიდა. მე დავამშვიდე და ავუხსენი, რომ ის სულაც არ იყო ისეთი „ჩამორჩენილი“, როგორც თვითონ ხედავდა. ვუთხარი, რომ თუ გარკვეული თემები უჭირდა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ზოგადად საგანს ვერ ისწავლიდა. დავპირდი, ნაწილობრივ შესრულებულ დავალებასაც შევუფასებდი და კვირაში 2 დღე, გაკვეთილების შემდეგ, დამატებით ვამეცადინებდი. შედეგად, მან დაძლია არსებული სირთულეები და უმაღლეს ქულაზე დახურა სემესტრი.
♦ მშობელთა კრება
მშობელთა კრება ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების ოჯახებთან წარმატებული კომუნიკაციისთვის. მნიშნელოვანია გარკვეული პერიოდულობის დაცვა, უმჯობესია, თვეში ერთხელ იყოს ჩანიშნული შეხვედრა, რადგან განსახილველი საკითხები არ დაგროვდეს და დროულად მოგვარდეს. კრების მიმდინარეობისას კოლეგებმა უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და, პრობლემაზე საუბრისას, გამოიყენონ შესაბამისი დიპლომატიური ლექსიკონი, მათი საუბრის მიზანი მხოლოდ გამოწვევების მოგვარება უნდა იყოს.
ზოგადად, მშობლებთან ძალიან მჭიდრო კონტაქტი მაქვს. კრებების გარდა, ვურეკავ კიდეც მათ და ერთად ვაგვარებთ ხოლმე მნიშვნელოვან საკითხებს. მჯერა, რომ ასეთი ღია და თანმიმდევრული კომუნიკაცია მშობლებთან/მეურვეებთან აუცილებელია მოსწავლეების წარმატებისთვის. ვაყალიბებ რეგულარულ საკომუნიკაციო არხებს, როგორიცაა ბიულეტენი, მშობელთა კონფერენციები, რათა ისინი ინფორმირებული იყვნენ შვილების პროგრესის ან პრობლემების შესახებ.
♦ თანმდევი პრობლემები
ჩემი აზრით, ფსიქოლოგიური და მენტალური პრობლემები მწვავედ დგას სკოლებში, რის გამოც როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს სჭირდებათ ფსიქოლოგის ჩართულობა, რაც ბევრად უფრო ჯანსაღ გარემოს შექმნის. ზოგადად, ჩემთვის პრიორიტეტულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირება. მტკიცედ მჯერა დიფერენცირებული სწავლების ძალის, რომ დააკმაყოფილოს ჩემი მოსწავლეების მრავალფეროვანი საჭიროებები. ვიწყებ მოსწავლეების ინდივიდუალური სწავლის სტილის, ინტერესებისა და აკადემიური დონის შეფასებით. შემდეგ ვარგებ მეთოდებს, მასალებს და შეფასებებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა მოსწავლემ შეძლოს სრულფასოვნად ჩართვა სასწავლო პროცესშიც და არაფორმალურ გარემოშიც.
ისევე როგორც ნებისმიერი მასწავლებლისთვის, დამრიგებლისთვისაც საჭიროა თვითგანვითარება და ცოდნისა და ემოციური ინტელექტის პერიოდულად ამაღლება, საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგთან კონსულტაციები. ამიტომ, მიმაჩნია, რომ დამრიგებელი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს – ესწრებოდეს სხვადასხვა ტრენინგს, სემინარს და იმაღლებდეს კვალიფიკაციას. არაფორმალური განათლების კუთხით სხვადასხვა სასერტიფიკატო ტრენინგებსაც ვესწრები, რაც ძალიან სასარგებლოა ჩემთვის; ბავშვებს მუდმივად ვესაუბრები გუნდურობაზე და მის უპირატესობებზე. ასევე, ხშირად ვამუშავებ გუნდურად და კარგი მუშაობისთვის ვაქებ და ვახალისებ მოსწავლეებს.
ბავშვთა უფლებებს რაც შეეხება, დამრიგებელი ყოველთვის უნდა იყოს მიუკერძოებელი და სამართლიანი. უნდა ეცადოს, ყოველთვის სწორი რეაგირება მოახდინოს ბავშვთა უფლებების დარღვევაზე, მაგალითად, ბულინგის დროს.
ასე რომ, დამრიგებლობა ძალიან დიდ პასუხისმგებლობასა და შრომას მოითხოვს, ამიტომ მივესალმებოდი ხელფასის მომატებას.
♦ ინკლუზიური საკლასო გარემო
პოზიტიური და ინკლუზიური საკლასო გარემოს შექმნა ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დამრიგებელსაც ერთ-ერთი საკვანძო როლი აქვს ინკლუზიური განათლების პროცესში, ის მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო შეუქმნას ყველა მოსწავლეს და სასწავლო პროცესში მათი თანაბარი ჩართულობა უზრუნველყოს. აქედან გამომდინარე, მუდმივად ვუწყობ ხელს მოსწავლეებში თანაგრძნობისა და პატივისცემის უნარების განვითარებას ღია დისკუსიებითა და სხვადასხვა აქტივობებით. გარდა ამისა, მე ვამკვიდრებ საკლასო ნორმებს, რომლებიც აფასებს და პატივს სცემს ყველას წვლილს, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველა მოსწავლე თავს დაცულად და დაფასებულად გრძნობდეს.
მრავალფეროვან სტრატეგიებს ვიყენებ იმისთვის, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩავრთო სასწავლო პროცესში, მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო ოთახის შექმნით ვავითარებ ცნობისმოყვარეობას, კრიტიკულ აზროვნებას და სწავლის სიყვარულს.
♦ ჩვენ ერთად ვართ
კლასში ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვადგენ წესებს და ვამყარებ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ მოლოდინებს. მხოლოდ ერთობლივად, დისკუსიით მივდივართ საერთო გადაწყვეტილებამდე და ასე ვთანხმდებით, როგორ გამოიყურება პოზიტიური და პატივისცემის მქონე კლასი. ჩვენ ერთად ვართ.