18 მაისი, შაბათი, 2024

მინისტრი განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში წარდგა. მინისტრმა განათლების სისტემის ყველა საფეხურზე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და მეცნიერების სფეროს განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

გიორგი ამილახვარმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლებისა და მეცნიერების სისტემის დაფინანსების ზრდის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს და სწორედ ამის ნათელი დასტურია განათლების სისტემის ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი.

როგორც მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება 2023 წელს 2 მილიარდ 77 მილიონ, 780 ათას ლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს ბიუჯეტი უპრეცედენტო ნიშნულს 2 მილიარდ 508 მილიონ ლარს მიაღწევს. 2012 წელთან შედარებით, როდესაც განათლების სფეროს დაფინანსებისთვის მხოლოდ 626.8 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2024 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ბიუჯეტი გაიზრდება 300%-ით.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. მისი თქმით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოები როგორც სასკოლო, ასევე პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით.

გიორგი ამილახვარი: „ჩვენი გუნდის უმთავრეს პრიორიტეტს სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით უკვე დაწყებულია 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც სკოლების მასშტაბურ მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს.

2022-2023 წლებში განხორციელდა ჯამში 71 საჯარო სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაციის სამუშაოები, ხოლო 200 საჯარო სკოლაში ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. დღეის მდგომარეობით, უკვე მიმდინარეობს 150 საჯარო სკოლის მშენებლობა რეაბილიტაციის სამუშაოები. 2024 წლის დასაწყისში დაგეგმილია კიდევ 75 საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოების დაწყება. ჯამში დაიხარჯება 700.0 მილიონი ლარი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის, განხორციელების შედეგად, 2027 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება‘‘.

მინისტრმა პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2023 წლისთვის დასრულდა 4 ახალი პროფესიული კოლეჯის და 3 ახალი სახელოსნოს მშენებლობა. სრული რეაბილიტაცია კი ჩაუტარდა 2 პროფესიულ კოლეჯს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4 ახალი პროფესიული კოლეჯის და 4 ახალი სახელოსნოს მშენებლობა. პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით 2022-2023 წლის ჯამურმა ბიუჯეტმა შეადგინა 36.0 მილიონ ლარზე მეტი.

მინისტრის თქმით, მასწავლებლობა ყოველთვის იყო და არის ყველაზე გამორჩეული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია პროფესიათა შორის და მას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება, რაც აუცილებლად აისახება ახალ სახელფასო პოლიტიკაში. დღეს სწორედ ეს არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტი და პედაგოგების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად გრძელდება ახალ ინიციატივებზე მუშაობა.

გიორგი ამილახვარი: „2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლებისთვის ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს – სრულ განაკვეთზე მომუშავე  მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.

2012 წლამდე, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1230 ლარს‘‘.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ ღვაწლმოსილ პედაგოგებს, ყოველწლიურად, გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. 2023 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიით 11 პედაგოგი დაჯილდოვდა.

პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით სისტემის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრომ შეიმუშავა ექვსი ძირითადი მიმართულება, რომლის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტს წარმოადგენს საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბება და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი განხორციელება.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც 2023 წელს სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო, ეს არის კერძო სექტორისთვის საჯარო შეთავაზება. აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამონაწილეობითი მართვის მოდელების დანერგვას და ამ ფორმით უნარების ეკოსისტემაში ბიზნესის შემოყვანას, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების უკეთ მორგებას კერძო სექტორის ინტერესებზე. შედეგად, გაუმჯობესდება სასწავლო პროცესის ხარისხი, გაიზრდება კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი და პროფესიულ განათლებაზე მოთხოვნა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბიზნეს ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატის განსაზღვრისა და მათი წინადადებების განხილვის მიზნით.

პროფესიული ხედვის მეორე მიმართულება გულისხმობს კოლეჯების დირექტორთა კვალიფიკაციის გაძლიერებას – პროფესიული განათლების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებით დამტკიცებული დირექტორის სტანდარტი სავალდებულო გახდება ყველა კოლეჯის დირექტორისთვის. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს დაეფუძნება დირექტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც. ახალი მიდგომა კი კოლეჯების მართვას გახდის უფრო ეფექტურს და აამაღლებს ახალი იდეებისა და ხედვების განხორციელების პოტენციალს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი ხედვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება პროფესიებისა და კვალიფიკაციების განახლებაზე. მისი თქმით, პროფესიული უნარების სააგენტოს კოორდინაციით, უკვე დაიწყო პროფესიებისა და კვალიფიკაციების განახლება და შრომის ბაზრის საჭიროების შესაბამისად ახალი კვალიფიკაციების განვითარებაც. პროცესი 2023 წლის ბოლომდე დასრულდება და მოხდება 30 კვალიფიკაციის განვითარება. ამასთან, 2024 წელს 55 კვალიფიკაციის, ხოლო 2025 წელს 40 კვალიფიკაციის განახლება განხორციელდება.  შედეგად, 2025 წლისთვის პროფესიული კვალიფიკაციები ყველა სექტორში უპასუხებს შრომის ბაზრის ადგილობრივ და საერთაშორისო საჭიროებებს.

გიორგი ამილახვარმა გამოყო ახალი ხედვის მეოთხე მიმართულება – პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის განახლება. მინისტრმა აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების რეფორმის გეგმის ნაწილია პროფესიული განათლების დაფინანსების ეფექტური სისტემის განვითარება. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერით მომზადებულია დაფინანსების ახალი მოდელის სამუშაო ვერსია. დაფინანსების ახალი მოდელის ძირითადი ხაზი იქნება დივერსიფიცირებული დაფინანსება პრიორიტეტებისა და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით. ასევე, იმისათვის, რომ წახალისდეს დაწესებულებების განვითარება და მოტივაცია, დაფინანსების ახალი მოდელი გაითვალისწინებს შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტს.

გიორგი ამილახვარმა სკოლებში პროფესიული განათლების ინტეგრაციის ხელშეწყობაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს სკოლებში პროფესიული განათლების დანერგვა. აზიის განვითარების ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა 30 საჯარო სკოლასთან, რის შედეგადაც, პროფესიული განათლების მიღება შესაძლებელი იქნება 29 მუნიციპალიტეტში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით, მომზადდა და გაძლიერდა შერჩეული სკოლები. ინიციატივა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, სკოლაშივე, სრული ზოგადი განათლების პარალელურად დაეუფლონ პროფესიას. უკვე შემუშავების ეტაპზეა ინიციატივის განხორციელების მექანიზმები, ხოლო უშუალოდ დანერგვის პროცესი 2024 წლის ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება.

ახალი ხედვის მეექვსე პუნქტს წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტით მასწავლებლის მომზადება. მინისტრის თქმით, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზებისა და მათი კვალიფიკაციების ამაღლების ხელშეწყობისთვის. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მასწავლებელთა მომზადება გახდება უფრო მასშტაბური და სისტემური. ამ მიზნით სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების ორგანიზების საკითხზე. შედეგად, 2024 წლისთვის საზღვარგარეთ პროფესიული განათლების 50 მასწავლებელი გადამზადდება.

გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია მოტივირებული, მშრომელი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა დაფასება და მათი წახალისება. მისი თქმით, ამ მიზნით, სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობას და სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობის შეთავაზებას.

გიორგი ამილახვარი: „მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 27 000 სტუდენტს, რომელთაც არსებული დავალიანება ჩამოეწერათ და სურვილის შემთხვევაში მათ სტატუსის აღდგენისა და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევათ

ასევე, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან გაორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად მიიღებენ 300-ლარიან სტიპენდიას. რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე, 2023-2024 სასწავლო წლიდან გაორმაგებულ სტიპენდიას 5 000 წარმატებული სტუდენტი მიიღებს‘‘.

გიორგი ამილახვარმა დეპუტატებს ახალი საგრანტო პროგრამა – „კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF)“ გააცნო, რომელიც ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად, საქართველოს უნივერსიტეტების დაფინანსებას გულისხმობს.

მინისტრის თქმით, ახალი პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით და ამასთან ის ხელს უწყობს უნივერსიტეტებში აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი საგრანტო პროგრამა „კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF)“ არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის კუთხით და არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ საქართველოში შევქმნათ რამდენიმე ათეული მაღალი ხარისხის ღირებული პროგრამა, რომელიც პირველ რიგში დამატებით ცოდნას მოუტანს სტუდენტებს.

აღსანიშნავია, რომ ერთობლივი პროგრამების განხორციელების პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართული დამსაქმებლებიც და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ფონდის საერთო ბიუჯეტი 4,2 მლნ აშშ დოლარია. უკვე გამოცხადდა 2 საგრანტო კონკურსი. პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 13 პროექტი. მეორე კონკურსი გამოცხადდა 2023 წლის სექტემბერში და მას განსხვავებული, ინტერნაციონალიზაციაზე ფოკუსირებული პრიორიტეტები აქვს. კერძოდ, ის მოიცავს ერთობლივი პროგრამების შექმნისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მხარდაჭერას,“ – განაცხადა გიორგი ამილახვარმა სიტყვით გამოსვლისას.

აღსანიშნავია, რომ პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შემუშავებას განათლებისა და მეცნიერების მენეჯმენტის მიმართულებით. ამ მიზნით, შეირჩა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსები, რომლებიც მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში ტარდება, მიზნად ისახავს აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზებასა და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებას. ამასთან, ხელს უწყობს უნივერსიტეტების სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სახელმწიფო პრიორიტეტებთან.

როგორც მინისტრმა განაცხადა, განათლების საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2014 წელს დაფუძნდა. მისი თქმით, ცენტრი, საქართველოს მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, განათლება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ.

გიორგი ამილახვარი: „განათლების საერთაშორისო ცენტრი საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 2014 წელს დაფუძნდა და ამ ეტაპზე უკვე 1200-მდე სტიპენდიატი ჰყავს. დაარსებიდან დღემდე ცენტრის სტიპენდიატები სწავლობდნენ ან სწავლობენ 30-ზე მეტი ქვეყნის ათეულობით წამყვან უმაღლეს სასწავლებელში.

აღსანიშნავია, რომ ცენტრის ბიუჯეტი ყოველ წელიწადს იზრდება და 2014-2023 წლების განმავლობაში სტუდენტებისათვის გამოყოფილმა დაფინანსებამ ჯამში 42 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ყოველწლიურად იზრდება სასტიპენდიო პროგრამების რიცხვი და ამჟამად ცენტრი, სახელმწიფო დაფინანსებითა და უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, 14 სასტიპენდიო/საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს‘‘.

მინისტრის თქმით, 2023 წელს განხორციელებული პროგრამების ფარგლებში დღეისათვის გაცემულია 179 სტიპენდია. აღნიშნული რაოდენობა წელს კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკურსი სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები