✔️🟪 თეკლე მესხი
თბილისის 179-ე სკოლის მოსწავლე
ტერმინი მითი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან mythos, რაც ითარგმნება როგორც „ამბავი“. მსოფლიოში ყველაზე მეტად ცნობილია ძველბერძნული მითები და მათში საუბარია ღმერთებზე, ღვთაებრივ და დემონურ არსებებზე, ზებუნებრივ არსებებთან დაკავშირებულ გმირებზე, პირველ ადამიანებზე, სამყაროს შექმნაზე. რასაკვირველია, სხვა ენებზე არსებული მითებიც მსგავს საკითხებს ეხება.
ძალიან საინტერესოა მითოლოგია, როგორც მითების ერთობლიობა და მითების შემსწავლელი მეცნიერება. ამით იმის თქმა გვსურს, რომ მითოლოგიას ორგვარი გაგება აქვს. თუ მითოლოგიას განვიხილავთ მითების ნაკრებად, ერთობლიობად, მაშინ შინაარსობრივად ვღებულობთ ასეთ ფორმულირებას: მითები არის სამყაროს შესახებ ფანტასტიკური წარმოდგენების სისტემა. რაც შეეხება მითოლოგიას, როგორც მითების შემსწავლელ მეცნიერებას, მას აინტერესებს ლოგიკური აზროვნების საპირისპირო ცნობიერება. ეს ცნობიერება ეფუძნება მდიდარ ფანტაზიას, ემოციას, პოეტურ გააზრებას, მეტაფორულ გამომსახველობას.
მითებში ერთმანეთსაა ორგანულად შერწყმული ნამდვილი და არანამდვილი, ბუნებრივი და ღვთაებრივი, აზრი და გრძნობა, ცოდნა, რწმენა და ცრუ წარმოდგენა ისე, რომ პროტესტის გრძნობა არ გვიჩნდება მათი ფაქტობრივი შეუსაბამობის მიუხედავად.
მითები კლასიფიცირდება რამდენიმე ჯგუფად:
მითის სახეობა | მითის ზოგადი აღწერა |
კოსმოგონიური მითები | მითები, რომლებშიც ცხოველებისა და მცენარეების, მთებისა და ზღვების, ციური მნათობებისა და მეტეოროლოგიური მოვლენების, სოციალური და რელიგიური ინსტიტუტების, მეურნეობის დარგების, ცალკეული საგნების, ცეცხლის, სიკვდილის და სხვ. წარმოშობის მიზეზებია ახსნილი. |
ანთროპოგონიური მითები | მოგვითხრობენ კოსმოსისა და ერთიან სისტემაში შეკავშირებული მისი ნაწილების წარმოშობის თაობაზე. |
ასტრალური მითები | მითები ციურ სხეულებზე: ვარსკვლავებზე, თანავარსკვლავედებზე, პლანეტებზე, აგრეთვე, მზესა და მთვარეზე (ეს უკანასკნელნი სოლარულ და ლუნარულ მითებში ერთიანდებიან). |
ტოტემისტური მითები | ტოტემიზმი გულისხმობს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის (თემის, გვარის, ტომის და სხვა) ნათესაურ კავშირს ტოტემთან, რომელიც წარმოდგენილია უფრო ხშირად ცხოველის, იშვიათად მცენარის ან ბუნებრივ მოვლენის სახით. ტოტემი მოცემული ჯგუფის წინაპრად მიიჩნევა. ტოტემისტური მითები ძირითადად აფრიკელ ეთნოსებს მიეკუთვნება. |
კალენდარული მითები | მითები მითოლოგიის შედარებით არქაულ პლასტებს განეკუთვნება და წელიწადის სეზონთა ცვლას განიხილავს. მაგალითად, ეგვიპტური მითოლოგია მოგვითხრობს ოსირისზე. ოსირისის კულტი, მკვდარი და აღმდგარი ღვთაებისა, ბუნებას განასახიერებდა. |
საგმირო მითები | მითების ნაირსახეობა, რომელიც მოგვითხრობს ღვთაებათა და მოკვდავთა შვილებზე (მშობელთაგან ერთი ღვთაებაა, მეორე ადამიანი). საგმირო მითების ტიპიური მაგალითია გმირთა ეპიკური ბიოგრაფიებიც. |
ესქატოლოგიური მითები | მითები სამყაროს მოსალოდნელ მომავალზე, ან აღსასრულის შესახებ. |
ქართული მითოლოგია მეტწილად წარმოდგენილია ზეპირსიტყვიერი ფორმით და მისი მეცნიერული დოკუმენტირება საკმაოდ გვიან დაიწყო (XIX-XX საუკუნე), თუმცა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შესაძლებელია გარკვეული დოკუმენტური მასალის მოძიება, რაც საშუალებას გვაძლევს, უფრო სიღრმისეულად დავინახოთ ქართული მითოლოგიური სამყარო სპეციფიური, მკაფიოდ ინდივიდუალური და სხვა ერების მითოლოგიასთან სინთეზირებული ვარიაციებით. როგორც სხვა ეთნოსების, ისე ქართულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ქართული მითები ძირითადად ქართული ზღაპრებიდან თუ სხვა ლიტერატურიდან არის ცნობილი.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მითი, რომელიც ქართულ და ბერძნულ მითოლოგიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს, არის მითი ამირანზე (პრომეთეზე). ამირანსა და პრომეთეს შორის არის არსებითი სხვაობა და მსგავსებანი. ამირანი, როგორც მითოსური გმირი, სიმბოლური და ალუზიური დატვირთვით გვხვდება ყოველდღიურ საუბარსა (მაგალითად, „შენც ამირანი არ იყო!“) და მხატვრულ ლიტერატურაში („კავკასიის მაღალ ქედზე მიჯაჭვული ამირანი არის მთელი საქართველო, და მტრები კი ყვავ-ყორანი“).