,,მე და ღამე“ გალაკტიონ ტაბიძის ერთ-ერთი გამორჩეული ლექსია. ის 1913 წელს დაიწერა.
არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული ლექსი დაიწერა შემდეგი ამბის საფუძველზე: 1912 წელს გალაკტიონისთვის ქუთაისის საგუბერნიო ციხეში მჯდარ ახლო მეგობარ რევოლუციონერს ფანჯრიდან პურის ცომისგან მოზელილ გუნდაში ჩადებული წერილი გადმოუგდია, რომლითაც პატიმარი ციხეში იარაღის შეგზავნას ითხოვდა. ეს ამბავი კი პოეტს საიდუმლოდ შეუნახავს და დაუწერია ლექსი „მე და ღამე“. თუმცა, თუ ლექსს კარგად ჩავუღრმავდებით, ალბათ მივხვდებით, რომ ეს ამბავი ნაკლებად შეესაბამება რეალობას.
„მე და ღამე“ ერთ-ერთია იმ ნაწარმოებებს შორის, რომელშიც მკაფიოდ ვლინდება გალაკტიონის სულიერი ობლობა. ნაწარმოები მხატვრული სახეების კონტექსტში წარმოაჩენს სასოწარმკვეთ მარტოსულობას, რაც, განსაკუთრებით, შუაღამის და სიჩუმის ფონზე უფრო მძაფრად ვლინდება. ლექსში ღამე პოეტის სულს მალამოდ ედება და მეგობარივით მისდგომია მის სარკმელს. ღამის საიდუმლოება, ღამის სიმშვიდე მის აფორიქებულ და დაღლილ სულს მხსნელივით ევლინება.
ლექსში არა რეალური, არამედ სულიერი პეიზაჟები მოჩანს, რაც თვალწარმტაცი და მიმზიდველია მკითხველისთვის. ეს პეიზაჟები კითხვის დროს თითქოს ცოცხლდება. ნაწარმოებში ვხვდებით ექსპოზიციას, ანუ ნაწარმოების ძირითადი მოქმედების წინარე ვითარების აღწერას. ჩვენთვის ცნობილია ლექსის დაწერის დრო და ვითარება, შუაღამეს თავისი სახლის სარკმელთან მჯდომი გალაკტიონი, რომელსაც ბუნება უღვიძებს და უფრო უმძაფრებს პიროვნულ შეგრძნებებს .
პოეტს ერთადერთი საიდუმლო აქვს, რომლის შესახებაც იცის მხოლოდ ღამემ _ მარტოსული პოეტის ერთადერთმა მეგობარმა. მთლიანი ლექსი ეხმიანება მხოლოდ და მხოლოდ პიროვნულ მარტოობასა და სულიერ ობლობას. ამიტომ ძნელია იმის თქმა, თითქოს ის გალაკტიონმა ციხეში მყოფ თავის რევოლუციონერ მეგობართან დაკავშირებულ საიდუმლოს მიუძღვნა.
გალაკტიონ ტაბიძეს ბევრი რამ აახლოვებს ნიკოლოზ ბარათაშვილთან. არ უნდა დაგვავიწდეს, რომ „მე და ღამე“ სულიერი განწყობილებით სწორედ მსგავსია ბარათაშვილის ლექსის „სული ობოლი“. მსგავსად ამ ლექსის გმირისა, გალაკტიონ ტაბიძის პოეტური ინდივიდუალურობაც აღბეჭდილია მარტოობისა და მიუსაფრობის ნიშნით.
გალაკტიონმა ამ ლექსით ახალ საფეხურზე აიყვანა 1910-იანი წლების დასაწყისის ქართული პოეზია. მისი ლექსები იდუმალებითაა მოცული და მუდამ აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, ყოველი თაობა მას განსხვავებულად კითხულობს და აღიქვამს.
ნინო აბჟანდაძე – ახალთერჯოლის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე