23 ნოემბერი, შაბათი, 2024

მეტაფორა „ვეფხვისტყაოსანში“

spot_img

„თუ სათქმელი შედგება მეტაფორისგან, ის გამოცანაა“ (არისტოტელე)

ტერმინი  მეტაფორა მომდინარეობის ბერძნული სიტყვიდან methaphora, რაც  ითარგმნება როგორც „გადატანა“. მეტაფორა სიტყვა ან გამოთქმაა, რომელსაც გადატანითი მნიშვნელობა აქვს და ემყარება მსგავსებას, შედარებას, ანალოგიას. ის ტროპის ყველაზე გავრცელებული სახეა. ზოგიერთი მას მოკლე შედარებადაც მოიხსენიებს. მეტაფორა ისეთი ტროპია, რომელიც ერთ მოვლენას გვიხატავს მასზე მეორე მოვლენის თვისებების გადატანის საშუალებით.

განვიხილოთ მაგალითი: როდესაც მოდის გაზაფხული, ან თენდება, ჩვენ ვამბობთ „ბუნებამ გაიღვიძა“. სიტყვას „გაიღვიძა“ ვიყენებთ იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ მსგავსებას ბუნებასა და ცოცხალ ადამიანს შორის, ადამიანის ეს თვისება გადაგვაქვს ბუნებაზე. მეტაფორის ნიმუშებია: ტყემ გამიტაცა, მთაწმინდა ჩაფიქრებულა, ღამემ იცის ჩემი საიდუმლო, მზე ჩაესვენა, ვარსკვლავები ფერხულს უვლიან, ხეთ სამკაული მოიხსნეს შიშით…

შოთა რუსთაველის „ვეფხვისტყაოსანში” იმდენად უხვადაა მეტაფორა გამოყენებული, რომ ის პოემის მხატრული ენის სტილის განმსაზღვრელადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. მკვლევარები ფიქრობენ, რომ რუსთაველისეული მეტაფორები ხელს უწყობს აზრის ემოციურად, სწორად და ლაკონიურად ჩამოყალიბებას, ანუ ,,ვეფხისტყაოსანში“ მეტაფორები არ აბუნდოვნებს ტექტსტის შინაარს. ეს პოემა მეტაფორული აზროვნების პიკია ქართულ მწერლობაში.

პროლოგში რუსთაველი ამბობს:

,,ვის ჰშვენის, – ლომსა, – ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,

მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბადახშ,თმა-გიშერისა. “

პირველ ტაეპში იგულისხმება, რომ ადამიანს, რომელსაც ხმლის, ფარის და საბრძოლო იარაღის გამოყენება ჰშვენის, ის ლომია. ამ შემთხვევაში „ლომი“ მოხმობილია არა როგორც გარეული ცხოველი, არამედ მეტაფორულად ეს სიტყვაა აღნიშნავს  მეფეს, თამარის  მეუღლე დავით სოსლანს. მეორე ტაეპში ავტორი უკვე აქებს თამარ მეფეს, რომელიც გაიგივებულია მზესთან: „მეფისა მზის თამარისა“, მაგრამ ეს შედარებაა არა. აქ სიტყვა „მზე“ მეტაფორულად  თამარის აღმნიშველია. რუსთავალეს რომ ეთქვა ასე: მზის მსგავსი თამარ მეფე, მაშინ ამ ტროპულ სახეს უყოყმანოდ ჩავთვლიდით შედარებად.

მოვიხმოთ კონკრეტული მაგალითები „ვეფხისტყაოსნიდან“:

„მელნად ვიმხმარე გიშრის ტბა…“

აქ „გიშრის ტბა“ თამარის თვალების მეტაფორაა, ამით ავტორმა ყურადღება გაამახვილა თამარის თვალების სილამაზესა და ფერზე.

„რა  ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,

იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.

მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთავროსა.“

როდესაც არაბეთის მეფე როსტევანმა მოიხმო ვეზირები, სწორედ ამ სიტყვებით მიმართა მათ. მან ამით ხაზი გაუსვა თავის ხანდაზმულობას, რომ ახალგაზრდობის მზე თანდათან მიდის, სიცოცხლე ქრება და ემსგავსება უთვარო ღამეს. ის ფიქრობს, რომ სიკვდილისკენ მიექანება. ვარდის ყვავილის გახმობა და სხვა ყვავილის მოსვლა თაობათა მონაცვლეობის აღმნიშველია.

„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც  ხვადია.“

ეს პოემის ერთ-ერთი გამორჩეული აფორიზმია, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ ლომის შვილი ძუ იქნება თუ ხვადი, ის მაინც ლომია.

„ავთანდილსა მიჰხვდა სიამე, ვსება სჭირს მის სოქალისა,

თქვა: „ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა,

ნუთუ  მით ვპოვო წამალი მე ჩემი ფერ-გამქრქალისა.“

როგორც ვიცით, ავთანდილი შეყვარებულია თინათინზე, მაგრამ ამ გრძნობას მალავს. როდესაც მეფემ ბრძანა თინათინის გამეფება, ავთანდილს მეტად ეამა, რადგან „ვსება სჭირს მის სოქალისა“. სოქალი ცეცხლის ალია, მაგრამ მეტაფორულად აქ იგულისხმება სიყვარულის სევდა, რომლის გაქარწყლებას „ბროლ-ფიქალის“ ნახვით შეძლებს. „ბროლ-ფიქალი“  კი თინათინის მშვენიერი სახისა და სხეულის მეტაფორაა.

„მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად.“

აქ „წვიმა ბროლისა“ ცრემლების მეტაფორაა, ხოლო „გიშრის ღარი“ –  შავი ფერის თვალების.

თეკლე მესხი179 საჯარო სკოლა თბილისი მეათე კლასი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები