7 მაისი, სამშაბათი, 2024

მასმედიის ზეგავლენა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში უცხო ენის შესწავლის პროცესში

spot_img

გვანცა ბერიაშვილი
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლისა და სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

მედია, კერძოდ ელექტრონული მედია, დიდ როლს ასრულებს ბავშვის გონებრივ განვითარებაში. ტექნოლოგიები ფართოდ გავრცელდა და შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, იმდენად აქტუალურ და საჭირო მოხმარების საგნად იქცა ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი და ტელევიზორი, რომ მათ გარეშე ადამიანებს ცხოვრება გვიძნელდება. მეტიც, მასზე დამოკიდებულნიც კი ვართ. კომპიუტერული ,,სენი“ მოედო მთელ მსოფლიოს. არაერთი კვლევა ჩატარდა მის დადებით და ურყოფით გამოვლინებებზე. მასზე დამოკიდებულ ადამიანთა ასაკი ვერ ექცევა ჩარჩოში. მას, შეიძლება ითქვას, საზომი საზღვრები არ გააჩნია, არც გამოყენებასა და არც საჭიროებაში. კვლევებმა ცხადყო, რომ არც სკოლა დარჩა გულგრილი ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების (ICT) მიმართ. ისინი, თითქმის, ყოველ გაკვეთილზე, სახლში კი – დავალებების შესრულების დროს, ხშირად გამოსაყენებელ ნივთებად და ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

უცხო ენის სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამედროვე ტექნოლოგიები თვითშესწავლის პროცესის უშუალო მონაწილეა. მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, აუცილებელია უცხო ტექსტის მოსმენა რამდენჯერმე. უცხო ენის შესწავლა მოითხოვს ოთხი უნარის ქონას ან გამომუშავებას, ესენია: წერის, კითხვის, ლაპარაკის და მოსმენის უნარი. თითოეულ გაკვეთილზე აქცენტი ოთხივე უნარზე კეთდება, სხვადასხვა აქტივობების გამოყენებით. მოსმენის უნარის გამომუშავება-გავარჯიშება უშუალოდ მოსასმენი საშუალებებით ხდება. მოსასმენი მასალა ეხმარება მოსწავლეს, სწორად დაიმახსოვროს, დასვას სწორი აქცენტი და სწორად გაიმეოროს ესა თუ ის სიტყვა ან ფრაზა.

უშუალოდ მასმედია დიდ როლს თამაშობს უცხო ენის დასწავლის პროცესში. თანამედროვე ცხოვრებაში ვხვდებით ბავშვებს, რომლებმაც კომპიუტერის საშუალებით ისწავლეს ინგლისური ან სხვა უცხო ენა. ტექსტის რამდენჯერმე მოსმენა ხელს უწყობს მის დამახსოვრებას. დღეს ინტერნეტსივრცეში მრავლად გვხვდება სხვადასხვა სახის ვიდეო თუ ფილმი, რომლის რამდენჯერმე მოსმენა და ყურება ეხმარება მოსწავლეს დასწავლაში, აჩვევს ყურს უცხო ენაზე საუბარს და აქვს დადებითი შედეგი. გარდა ვიდეოების და ფილმებისა, არის ვიდეოგაკვეთილები, რომლებიც უშუალოდ გათვლილია დასწავლის პროცესზე.

ინტერნეტზე და თანამედროვე ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობამ, თავის უარყოფით გამოვლინებებთან ერთად, სასიკეთო შედეგებიც მოგვცა – ხელი შეუწყო მოზარდთა განვითარებას, ინფორმირებულობას და ადვილად მისაღწევი გახადა უცხო ენის დასწავლა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები