ლექსიკოლოგია ენათმეცნიერების დარგია, რომელიც შეისწავლის ენის ლექსიკურ ფონდს, მის შემადგენლობას, ფუნქციონირებასა და ცვალებადობას.
ლექსიკოლოგია იძლევა ამა თუ იმ ენის სიტყვათა მარაგის დახასიათებას (მდიდარია თუ ღარიბი ენის ლექსიკა), აანალიზებს ლექსიკის შემადგენლობას, გამოყოფს სიტყვათა სხვადასხვა შინაარსობრივ ჯგუფს, არკვევს, თუ რა ადგილი უკავია მათ ენის ლექსიკაში, შეისწავლის იმას, თუ როგორ ვითარდება ლექსიკა და ა.შ.
ენათმეცნიერებაში არსებობს რამდენიმე დარგი იმ მეცნიერებების აღსანიშნავად, რომელიც ენაში არსებულ ლექსიკას შეისწავლიან. ესენია: სემასიოლოგია, სემანტიკა, ონომასიოლოგია, ეტიმოლოგია, ლექსიკოგრაფია.
ძირითადი ლექსიკური ფონდი არის ენის ლექსიკური ბაზა, რომელშიც შესულია ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი, საყოველთაოდ გამოყენებული და ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული საგანების, მოვლენების, პროცესების დასახელებები. ძირითადი ლექსიკური ფონდი ხასიათდება მნიშვნელოვანი მდგრადობით, მაგრამ დროთა განმავლობაში, საზოგადოების განვითარებასთან ერთად, განიცდის გარკვეულ ცვლილებებს: ნაწილი სიტყვებისა იკარგება, კიდევ უფრო დიდი რაოდენობა სიტყვებისა ავსებს მას.
ენა შედგება სრული მნიშვნელობის მქონე და დამხმარე სიტყვებისგან.
ყველა სიტყვასა და სიტყვათა ფორმალურ გაერთიანებებს თავისი გამორჩეული ფუნქცია გააჩნია, ე.ი. ფუნქციონირებს საჭიროებისამებრ.
სიტყვა არის ბგერათშეერთება, რომელსაც ლექსიკური მნიშვნელობა აქვს. სიტყვა დამოუკიდებელი ენობრივი ერთეულია და ენაში მას ბგერის, ან მარცვლისაგან განსხვავებით (ერთი ან რამდენიმე) დამოუკიდებელი მნიშვნელობა გააჩნია.
სიტყვა გვხვდება როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ასეთ სიტყვებს პოლისემიური (მრავალმნიშვნელობიანი) ეწოდება.
სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობა მისი მთავარი ლექსიკური მნიშვნელობაა. იგი პირდაპირ მიმართულია დანიშნულ ობიექტზე, ფენომენზე, მოქმედებაზე, მახასიათებელზე, დაუყოვნებლივ იწვევს აკუსტიკურ ან ვიზუალურ აღქმით იდეას და ყველაზე ნაკლებად არის დამოკიდებული კონტექსტზე. სიტყვები ყველაზე ხშირად პირდაპირი მნიშვნელობით გვხვდება.
ძირითადი ლექსიკური მნიშვნელობა შეიძლება გახდეს სხვა, მეორეული მნიშვნელობების ჩამოყალიბების საფუძველი. ასეთ ღირებულებებს ეწოდება ფიგურალური ღირებულებები და აძლევს სულ სხვა მნიშვნელობას. სიტყვის განსხვავებული გაგებით გამოყენების საფუძველია ერთი საგნის მსგავსება მეორისადმი, ან საერთო ნიშნები, ან მოქმედებებია განმაპირობებელი.
ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლის პროცესში ხშირად გვეძლევა საშუალება, ვისაუბროთ სიტყვათა გარეგნულ ცვლილებებზე, შინაარსობრივ განვითარებასა და ისტორიულ ცვალებადობაზე.
ეს უკანასკნელი ენობრივ-ლექსიკური პროცესი, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ძველ ქართულ ლიტერატურულ ტექსტებში გამოყენებული უამრავი სიტყვა დღეს სულ სხვა მნიშვნელობით იხმარება. ამ ცვლილებებს, ძირითადად, ორი მიზეზი განაპირობებს: სიტყვას ან უვიწროვდება მნიშვნელობა (ფართო მნიშვნელობა ჰქონდა და უფრო ვიწრო მნიშვნელობა მიიღო. მაგალითად, ადრე „სოფელი“ სამყაროს აღნიშნავდა, დღეს მხოლოდ დასახლებული პუნქტის აღმნიშვნელია) ან პირიქით, უფართოვდება (ვიწრო მნიშვნელობა ჰქონდა და უფრო ფართო მნიშვნელობა მიიღო. მაგალითად, „ლიმონათი“ ადრე ერქვა ლიმონის წვენით დამზადებულ შუშხუნა სასმელს, დღეს ლიმონათი ბევრნაირი ხილის წვენით დამზადებულ გამაგრილებელ სასმელს ეწოდება).
ლექსიკოლოგიის ინტერესის სფეროა: სინონიმები, ანტონიმები, ომონიმები, პარონიმები, პოლისემიური სიტყვები, ფრაზეოლოგიზმები…
სინონიმები არის იდენტური ან მსგავსი მნიშვნელობის სიტყვები. სინონიმები შეიძლება იყოს აბსოლუტური (იდენტური) და მსგავსი (რელატიური). აბსოლუტურია: პაპა და ბაბუა, თუთა და ბჟოლა, არმაღანი, მუქაფა და საჩუქარი… რელატიურია: ტურფა, ლამაზი, მშვენიერი…
ანტონიმები საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებია. მაგალითად, ცხელი და ცივი, შავი და თეთრი, ბეჯითი და ზარმაცი…
ომონიმები ეწოდება ბგერითი შედგენილობით ერთნაირ სიტყვებს, რომელნიც მნიშვნელობითა და წარმომავლობით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. სიტყვა „ბარი“ ორ წინადადებაში განსხვავებულ მნიშვნელობას წარმოგვიდგენს: გადათეთრდა ბარი (დაბლობი) და გამიტყდა ბარი (სასოფლო-სამეურნეო იარაღი).
პარონიმები არის სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვები, რომლებიც წარმოთქმისას ჰგავს ერთმანეთს. მაგალითად, მცნება და ცნება.
პოლისემიურია (მრავალმნიშვნელობიანია) სიტყვა, რომელსაც სხვადასხვა კონტექსტში მნიშვნელობები განსხვავებული აქვს. „თვალი“ შეიძლება იყოს ორგანო, სამკაულისა და ურმის შემადგენელი ნაწილი.
ფრაზეოლოგიზმი არის სიტყვათა მყარი შესიტყვება, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ ენისათვის. ფრაზეოლოგიზმის შემადგენელი სიტყვები ისე არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ გაიგება მთელი ფრაზის მნიშვნელობა და არა მისი შემადგენელი სიტყვების მნიშვნელობა ცალ-ცალკე ან მათი ჯამი. მაგალითად, გული მოუვიდა – გაბრაზდა, თვალში არ მოსდის – არ მოსწონს…
ნინო ქაჯაია, თბილისის N2 საჯარო სკოლა
ვაკო ვარსემაშვილი, თბილისის N99 საჯარო სკოლა