24 ნოემბერი, კვირა, 2024

ლეგენდა

spot_img

ლეგენდა არის ზღაპრული ხასიათის, მოკლე მხატვრული გადმოცემა რომელიმე ისტორიული პირის ან რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ.

ტერმინი „ლეგენდა“ ლათინურად ნიშნავს აუცილებელ წასაკითხს, ე.ი. იმას, რაც ქრისტიანული ეკლესიის ხელმძღვანელთა მითითებით უნდა წაკითხულიყო ღვთისმსახურების დროს. ლეგენდარული გადმოცემები ქრისტიანობამდელ პერიოდშიც არსებობდა და ზღაპრული, სასაწაულებრივი ან ფანტასტიკური ფაბულა გააჩნდა. ლეგენდაში შეიძლება ასახული იყოს წარსული, აწმყო და მომავალიც. თემატურად არის ისტორიული, რელიგიური, გეოგრაფიული, საყოფაცხოვრებო ლეგენდები, მათში შემეცნებითი და ზნეობრივი ფუნქცია ყოველთვის წინაა წამოწეული.

ქართულ ზეპირსიტყვიერებას აქვს შემონახული ლეგენდები, რომლებშიც ასახულია როგორც წარმართული, ასევე ქრისტიანული შეხედულებები.

ისტორიული ხასიათისაა ცნობილი ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ.

შუა საუკუნეებში პოპულარობით სარგებლობდა ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებშიც წმინდანების ლეგენდარული ცხოვრება იყო ასახული. რელიგიური ლეგენდები მხოლოდ ქრისტიანული არ არის.

გეოგრაფიული ლეგენდები ზღაპრული სიუჟეტით გადმოგვცემს გეოგრაფიული ობიექტების შესახებ ინფორმაციებს.

საყოფაცხოვრებო შინაარსის ლეგენდებიც ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება.

თანამედროვე გაგებით, ლეგენდას უწოდებენ ნაწარმოებს, განურჩევლად ჟანრისა, რომელშიც მხატვრული გამონაგონი ემყარება ჰეროიკულ და ფანტასტიკურ ამბებს.

წარმოგიდგენთ ხუთ საინტერესო ლეგენდას, რომელიც საქართველოს უკავშირდება:

  1. ლეგენდა ვარძიაზე

კლდეში ნაკვეთი ქალაქის, ვარძიის სახელწოდება თამარ მეფეს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, ვარძიის მახლობლად სანადიროდ წასულმა ბიძამ თამარი, მეთვალყურესთან ერთად, კლდესთან დატოვა. უკან დაბრუნებულს ბავშვი ადგილზე არ დახვდა და ძახილით დაუწყო ძებნა. პატარა თამარი გამოეხმაურა: აქა ვარ, ძია! როდესაც მეფე გახდა, თამარმა კლდოვანი მასივი ქალაქად გამოაკვეთინა და მას ვარძია უწოდა.

2. სვანური ლეგენდა კლდეზე მიჯაჭვულ ამირანზე

სვანეთში არსებობს პატარა მთა, რომელსაც ქვევრის ფორმა აქვს. ლეგენდის მიხედვით, ამირანი სწორედ ამ მთაზეა მიჯაჭვული. კლდე ადრე ყოფილა ღვინის ქვევრი და თურმე მუდამ ღვინით იყო სავსე. მიჯაჭვული ამირანი სწორედ ამ ქვევრ-კლდიდან გამოსული ღვინის წვეთებით საზრდოობდა.

  1. ლეგენდა საფარის ტაძარზე

საფარაში ცხოვრობდა ორი ძმა, მათ გადაწყვიტეს საფარის მონასტრის აშენება. მათგან უფროსი ოსტატი იყო, უმცროსი კი – შეგირდი. შეგირდი ქვებს თლიდა და ხარს  ატანდა ოსტატთან, ოსტატი კი მონასტერს აშენებდა. შენების დამთავრებამდე ერთი ქვაღა იყო დარჩენილი. ამ დროს, ოსტატმა მოინდომა შეგირდის გამოცდა და უთხრა, რომ ქვა აღარ იყო საჭირო, რადგან მშენებლობა უკვე დასრულებული ჰქონდა. შეგირდმა შეხედა ეკლესიას და უთხრა ოსტატს, რომ დასრულებამდე ერთი ქვა აკლდა ტაძარს. შეშინდა ოსტატი, რომ ძმა ჭკუით აჯობებდა და მასზე უკეთესი მშენებელი დადგებოდა. მან ძმას უთხრა, რომ ბოლო ქვა მას დაედო სახურავზე. უმცროს ძმას გაუხარდა, ავიდა კიბით სახურავზე და დადო ქვა, უკან რომ მოიხედა, არც კიბე დახვდა და არც უფროსი ძმა. ტაძრის სახურავიდან ის პირდაპირ კლდეზე გადავარდა (ხარი ინდუშას გამოსახულება შეგხვდებათ ტაძრის შესასვლელთან, ერთ-ერთ ქვაზე).

  1. ლეგენდა სურამის ციხეზე

სურამის ციხეზე მოგვითხრობს დანიელ ჭონქაძე. მისი თქმით, სურამის ციხის კედლები უძლეველია, ამის მიზეზი კი ისაა, ციხის კედლებში ცოცხლად არის ჩაყოლებული დედისერთა ვაჟი. ლეგენდის თანახმად, ვინმე დედისერთა ზურაბის ჩადუღაბების გარეშე ციხე ვერ აშენდებოდა.

ამბობენ, რომ იმ ადგილას, სადაც ზურაბია ჩაყოლებული, წვეთ-წვეთად მოდის მისი დედის ცრემლები, ასევე ამბობენ, რომ სავსემთვარეობისას სურამის ციხეზე იხილავთ შავებში ჩაცმული მგლოვიარე ქალის აჩრდილს.

  1. ლეგენდა საქართველოზე

დედამიწის შექმნის შემდეგ ღმერთმა დაიწყო ქვეყნების განაწილება სხვადასხვა ერზე. ამ დროს ქართველები ღმერთის სადღეგრძელოს სვამდნენ და შეკრებაზე დააგვიანეს. როცა დათქმულ ადგილას მივიდნენ, ქვეყნები უკვე განაწილებული იყო. ქართველებმა ღმერთს დაგვიანების  მიზეზი რომ უთხრეს, ღმერთმა მათ თავისთვის გადანახული პატარა ქვეყანა მისცა.

დამატებით, წარმოგიდგენთ ვერნების საჯარო სკოლის მასწავლებლის, ქალბატონ მადონა სურმანიძის მიერ მოწოდებულ ვრცელ ლეგენდას, რომელიც გეოგრაფიულ, საყოფაცხოვრებო და რელიგიურ შინაარსს მოიცავს:

სოფელი ვერნები ხიხანის ხეობის ერთ-ერთი ისტორიული სოფელია.                                                                                                                                                                          მრავალი წლის წინათ სოფლის შემოგარენი სულ ბაღნარით იყო შემოსილი. ბუნებას ისე უხვად დაეჯილდოვებინა აქაურობა, რომ ადამიანის თვალი უკეთესს ვერაფერს ინატრებდა. ბაღ-ბოსტნებსა და ვარდნარებს იქეთ ატეხილი ჭალები იწყებოდა… სოფლის გასადევარზე, ერთ ვრცელ ტაფობზე, ცრემლივით გამჭვირვალე, წმინდა ტბა იყო, რომელსაც ფერდობიდან ჩამონადენი წყლები კვებავდა. წყალი ყინულივით ცივი ყოფილა და ზაფხულობით კოპწია სოფელს დასიცხულ შუბლს უგრილებდა, ნათესებს კი წყურვილს უკლავდა. იმ ტბაში თურმე ერთი უცნაური ცხოველი ბინადრობდა. სიდიდით შინაური ბუღის (ხარის) ტოლა ყოფილა, გარეგნობითაც მას ჰგავდა და ამიტომ სოფლელებმაც „წყლის ბუღა“ შეარქვეს. საძოვარზე შებინდებისას გამოდიოდა და იცისკრებდა თუ არა, ისევ თავის სამყოფელს უბრუნდებოდა.

სანამ ის იყო, სოფელი განცხრომითა და ფუფუნებით ცხოვრობდა. შიში რა იყო, არ იცოდა ხალხმა. ნათქვამია: ათას ბრძენში ერთი სულელი მაინც გამოერევაო და, აი, ასეთი სულელი სოფელში გამოჩენილა, ვინმე ზაურბეგი.

ზაურბეგი ტანადი და მოხდენილი ახალგაზრდა ყოფილა. ის სიამოვნებით ისმენდა მოხუცი მონადირეების საოცარ თავგადასავლებსა და ისტორიულ, საგმირო საქმეებს. ნატრობდა, მალე გაზრდილიყო, რომ თვითონაც იმ მონადირეებს გატოლებოდა. გაფრენილი წლების შემდეგ ეს ნანატრი დღეც დაუდგა ზაურბეგს და შესანიშნავი მონადირე გახდა. იარაღს მარჯვედ ხმარობდა. მისი ნასროლი იშვიათად  გაცუდდებოდა.

ერთ ზაფხულს ზაურბეგი იალაღებზე წავიდა და რამდენიმე დღის შემდეგ სოფელში ნაიალაღარი ბუღა ჩამოიყვანა.

– ეგ პირუტყვი რატომ მოგიყვანია, შვილო? – გაიკვირვა თურმე მამამ.

– ჯერ გაასუქე და მერე გაიგებ! – მოკლედ მოუჭრა შვილმა.

– ამას თუ კიდევ სიმსუქნე აკლია, აღარ ყოფილა საშველი და ეგაა.

– შენ რასაც გეუბნებიან, ის გააკეთე! – შეუღრენია ზაურბეგს.

მოხუცი მამა იმთავითვე შვილის მორჩილი ყოფილა და არაფერი უთქვამს. მთელი ერთი თვე ბაგაზე ჰყავდათ პირუტყვი. კარგად კვებავდნენ. დღის სინათლეს თითქმის გადააჩვიეს.

ერთ დღეს ზაურბეგმა სოფელს ჩამოუარა და თავისი საიდუმლო განზრახვა თანასოფლელებს გაანდო. ახალგაზრდებმა მოუწონეს, მოხუცებმა  უარის ნიშნად თავები გააქნიეს და დაუშალეს, მაგრამ ჯიუტმა ზაურბეგმა თავისი მაინც გაიტანა. დაღამდა. ცა ვარსკვლავებით მოიკენჭა. მალე თვალშუქიანი მთვარეც ამოვიდა და ქვეყანა რძისფერი სინათლით აავსო.

ზაურბეგმა თავისი საგულდაგულოდ მოვლილი ხარისთვის მჭედელს რკინის რქები გამოაჭედვინა და ხარს გაუკეთა, შემდეგ წაიყვანა ტბის ხართან საჭიდაოდ. ხუთი ვაჟკაცი ძლივს იოკებდა სინათლეს დანატრებულ, გავეშებულ პირუტყვს, ბნელ ორღობეებს ურჩევდნენ, სახეზე ხვითქად გადასდიოდათ ოფლი. მერე სათიბები დაიწყო და სიარულიც გაადვილდა.

ტბასთან წყლის ბუღა ბალახობდა. საფრთხის მოახლოება რომ იგრძნო, შეშფოთდა, თავის საყვარელ სავანეს მიაშურა, მაგრამ გვიანღა იყო – გზა მოჭრილი დახვდა.

ახალგაზრდებმა შინაურ ბუღას ხელი უშვეს და გაერიდნენ.  დიდხანს გრძელდებოდა ხარების ბრძოლა. ორთაბრძოლამ შუაღამემდე გასტანა. გახელებული ცხოველების ფლოქვებიდან ბელტებად მოცვიოდა კორდი. ბოლოს სოფლის ხარმა სძლია წყლის ბუღას. დაჭრილი ტბის ხარი წყალში შევიდა, ტბა მთლიანად გაწითლდა. სულთმობრძავი მეტოქე მალე ტბის კამკამა ზედაპირზე ატივტივდა, შემდეგ ტბა გასკდა და სოფლის სანახები წალეკა.

სოფელმა იმ ღამეს გვიან დაიძინა. დილით კი საშინელი სანახაობა გადაეშალათ თვალწინ. ერთიანად მოოხრებულიყო ტბის ქვემოთ მდებარე სოფლის ნაწილი: ბაღ-ბოსტნები, ატეხილი ყანები და აყვავებული ჭალები უდაბნოდ ქცეულიყო. დაქცეულ ტბას ყველაფერი ერთიან უდაბნოდ ექცია. სადღა იყო ბუნების ის მშვენიერება, თვალკამკამა ტბა, ჩუხჩუხა წყაროები, რომელიც ტბას კვებავდნენ. უკვალოდ გამქრალიყო კეთილნაშენი ეკლესიაც. ყველაფერი ერთ ღამეში იავარქნილიყო.

განრისხებულმა სოფლელებმა ზაურბეგი აკაფეს და ნატბევარში ნაჭერ-ნაჭერ გადაყარეს. სოფლის უხუცესობამ კი გავერანებულ სოფელს ვერნები დაარქვა. მანამდე კი, ჩემს სოფელს ტბიყელი ერქვა.

ნინო ქაჯაია, თბილისის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები