ევროპელი და არა მარტო ევროპელი რომანტიკოსებისთვის, ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობდნენ, მიუღებელი იყო და მისგან მუდამ თავის დაღწევას ცდილობდნენ, ამიტომაც ისინი ხშირად წარსულის განდიდების სურვილით იყვნენ შეპყრობილნი. საბოლოოდ მაინც დადგა ის დრო, როდესაც ადამიანებმა გაიაზრეს, რომ აუცილებელია თუნდაც ყველაზე საშინელი ცხოვრების და ურთიერთოებების ნათელი გონებით შეფასება და მიღება. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ახალი მხატვრული სტილი, რომელიც რეალიზმის სახელითაა ჩვენთვის ცნობილი.
რეალიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა, XIX საუკუნის 30-იან წლებში ყალიბდება, მთელი ამ საუკუნის განმავლობაში ვითარდება და მომდევნო საუკუნეშიც გადადის. რეალისტებმა მიზნად დაისახეს თავიანთ ნაწარმოებებში გარე სამყარო აღწერა, გამოკვლევა, რათა ამით ხელი შეეწყოთ ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.
რეალისტურ ნაწარმოებებს ახასიათებს არა მარტო სინამდვილის ასახვა, არამედ მისი გაანალიზება, მიზეზშედეგობრივი კავშირის ძიება. ამ მიმდინარეობის მწერლებისთვის დიდად დამახასიათებელია ისეთი ნაწარმოებების შექმნა, რომელიც რეალური ცხოვრების ნაწილია, რათა შეგვიქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს ამბავი მართლაც მოხდა. ამ რეალობის ამოცნობა კი მკითხველს უდიდეს სიხარულს ანიჭებს.
რეალისტები აღწერდნენ იმ ცხოვრებას, რომელიც დადგა დასავლეთ ევროპაში საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ. სიყვარულის, მეგობრობის, ადამიანური ღირსებისა და სინდისის დეფიციტი – ეს იყო სამყაროს მაშინდელი მახასიათებლები. კაცობრიობას, ძირითადად, ძალაუფლება და ფული განაგებდა.
ლიტერატურაში რეალიზმის წარმომადგენლები მრავალრიცხოვანია. ყველაზე ცნობილი და გამორჩეული მწერლები არიან სტენდალი, ონორე დე ბალზაკი, ლევ ტოლსტოი, მარკ ტვენი, ფიოდორ დოსტოევსკი და მრავალი სხვა. რეალიზმი გასული საუკუნის დასაწყისში დარჩა ფართომასშტაბიან და გავლენიან ლიტერატურულ მოძრაობად. საკმარისია ითქვას, რომ ლ. ტოლსტოი და ა. ჩეხოვი ჯერ კიდევ 1900-იან წლებში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. ზოგჯერ მწერლების შემოქმედება, უნებლიედ, რეალისტური მიმდინარეობისა ხდებოდა. ამბობენ, რომ ანრი ბეილს ეგონა, რომ დაწერა რომანტიკული ნაწარმოები და რეალისტური აღმოჩნდა (ანრი ბეილი, იგივე სტენდალია, მისი „წითელი და შავი“ გვაქვს მხედველობაში).
საქართველოში კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლებმა უმთავრესი როლი ადამიანის ზნეობრივ აღზრდას დააკისრეს, ზნეობრივ აღმზრდელად კი XIX საუკუნის ბევრ გამოჩენილ რეალისტ მწერალს ქართული რელიგია ესახებოდა. ქართველი რეალისტები ჩვენთვის „თერგდალეულების“, ანუ სამოციანელთა სახელით არიან ცნობილი. „თერგდალეულები“ იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, სერგეი მესხი და სხვები. საერთო მიზანი საქართველოს საზოგადოებრივი ყოფის შეცვლა და განახლება იყო. სამოციანელები საზოგადოებრივი მოძრაობის, შემოქმედების არსს სწორედ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი თხზულებანი გამოხატავდნენ. ქართველ რეალისტებს ქართული ლიტერატურის რეფორმატორებსაც უწოდებდნენ.
ნინო აბჟანდაძე – ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე