ვაჟა-ფშაველას ხედვები ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ყოველთვის ჰუმანურობითა და ლიბერალიზმის მაღალი დონითაა გამსჭვალული. მისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხისადმი, ნათლად წარმოაჩენს სწრაფვას თანამედროვეობისკენ. ვაჟა პუბლიცისტის მაღალგანვითარებულ უნარებს ავლენს პუბლიკაციურ ნაშრომში „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“.
XIX-XX საუკუნეების ხედვაში ყოველთვის არსებობდა სტერეოტიპი, რომ კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ყალიბდებოდა აზროვნება, რომლის თანახმადაც ადამიანი არ არის იდენტიფიცირებული ერთ ერთან. ადამიანებმა უნდა შექმნან ერთიანი ბედნიერი სამყარო, სადაც ყველა კოსმოპოლიტია და არა პატრიოტი. ვაჟა-ფშაველა პირველია იმ პუბლიცისტთა შორის, რომლებმაც აღიარეს კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის თანაარსებობა. მეტიც ვაჟამ დაამტკიცა, რომ „ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია.“
საზოგადოების ხედვა კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის ურთიერთდაპირისპირებაზე მუდმივად არსებობდა. ალბათ ეს განპირობებილი იყო ამ ორი ცნების არცოდნით, ან არასწორად ცოდნით. უცხო სიტყვათა ლექსიკონში კოსმოპოლიტიზმი განმარტებულია, როგორც მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც ადამიანი მთელი მსოფლიოს მოქალაქე უნდა იყოს (ბერძნული სიტყვაა: კოსმოსი – სამყარო; პოლისი – ქალაქი, სახელმწიფო). კოსმოპოლიტიზმი უარყოფს ეროვნულ სუვერენიტეტს, ქადაგებს ეროვნული კულტურისადმი გულგრილობას და აყენებს „მსოფლიო სახელმწიფოს“ შექმნის, „მსოფლიო მოქალაქეობის“ დაწესების იდეას. პატრიოტიზმი კი არის სამშობლოს, სახელმწიფოსა და თავისი ხალხის სიყვარული, მისწრაფება და ქმედება მათი ინტერესების დასაცავად. რეალურად არ არსებობს კოსმოპოლიტიზმი პატრიოტიზმის გარეშე და პირიქით.
ვაჟა-ფშაველა ამ მოცემულობას ყველაზე სწორად გადმოგვცემს. იმის აღქმა, რომ ყველა გენიოსი ნაციონალურმა ნიადაგმა აღზარდა და ჩამოაყალიბა, მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურაში დიდი მიღწევაა. მწერლის აზრით „პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.“ მოცემული მონაკვეთი პუბლიკაციიდან, ნათელი პასუხია იმ საზოგადოებისადმი, ვინც კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის თანაარსებობას გამორიცხავს. სინამდვილეში ამ ორის კოლაბორაცია ქმნის სრულყოფილ სამყაროს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაჟასეული ხედვა მკითხველისთვის არა მომაბეზრებელი, არამედ სულშიჩამწვდომია. იგი არაერთი ფაქტით ადასტურებს თავისი აზრის სისწორეს. ამ აზრის წინაშე კი ნებისმიერი კონტრარგუმენტი მდარეა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ლიტერატურაში „პუბლიცისტიკის მამად“ ილია ჭავჭავაძეა ცნობილი, ვაჟას „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ არის მაგალითი პუბლიცისტური აზრის გამართულად ჩამოყალიბებისა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, როგორც მწერლის გენიალურობას, ასევე აზრობრივად მაღალგანვითარებას.
მარიამ ჩაჩანიძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე