კლასიციზმი (ლათ. classicus _ სამაგალითო, სანიმუშო) — XVII საუკუნის საფრანგეთში წარმოშობილი სახელოვნებო მიმდინარეობაა.
კლასიციზმი აბსოლუტური მონარქიის იდეოლოგიის ფონზე წარმოიშვა. მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ანტიკურ ხელოვნების ნიმუშთა იდეალურ-ესთეტიკურ ეტალონებად, ნორმებად გამოცხადება. ამ მიმდინარეობას საფუძვლად უდევს რაციონალიზმი. კლასიციზმის ესთეტიკაში შემდეგი პრინციპები გაირჩევა:
⇒ გონება უპირისპირდება გრძნობას და მთავარ ადგილს იკავებს.
⇒ არსებობს აბსოლუტური იდეალი, რომელთან მიახლოვებაც არის ხელოვნების მიზანი.
⇒ ბუნების მხატვრული გარდაქმნა ამავე დროს მისი წვდომაცაა. ამდენად, ხელოვნებას ეკისრება სამყაროს იდეალური კანონზომიერებების გამოაშკარავების ფუნქცია. კლასიციზმის ესთეტიკა მხოლოდ მარადიულს აფასებს.
⇒ კლასიციზმი ეძებს არა რეალობას ან გამოგონილს, არამედ დამაჯერებლობას, შესაძლებელს, მისაღებს. გამორიცხულია ყველაფერი ექსტრავაგანტური და არაბუნებრივი. დაუშვებელია პუბლიკის შოკირება.
⇒ კლასიციზმში შემოქმედს მხოლოდ შთაგონება არ ჰყოფნის, შთაგონებას და წარმოსახვას უნდა აკონტროლებდეს გონება.
⇒ სტილზე მუშაობისას ხელოვანმა უნდა მიბაძოს ანტიკურ ავტორებს, რადგან ისინი ეტალონებად მიიჩნევიან.
კლასიციზმი, როგორ დასრულებული ლიტერატურული მიმდინარეობა, ჩამოყალიბდა საფრანგეთში. მისი დებულებები 1674 წელს ნიკოლა ბუალომ წარმოადგინა თავის პოეტურ ტრაქტატში „პოეტური ხელოვნება“. კლასიციზმმა ლიტერატურული ჟანრები დაყო მაღალ და დაბალ ჟანრებად. მაღალ ჟანრებში შედიოდა ტრაგედია, ეპიკური პოემა, ოდა, ჰიმნი. დაბალ ჟანრებად კი მოიაზრებოდა კომედია, იგავ-არაკი, ზღაპარი. ჟანრების ურთიერთშერევა იკრძალებოდა. შემოფარგლული იყო პერსონაჟებიც: მაღალი ჟანრების მოქმედი პირები უნდა ყოფილიყვნენ ღმერთები, მეფეები და გმირის დონეზე ასული არისტოკრატები. ბურჟუაზიის და დაბალი ფენების წარმოდგენა მხოლოდ დაბალ ჟანრებში შეიძლებოდა.
კლასიციზმმა ტრაგედიისთვის დაადგინა ე.წ. სამი ერთიანობის კანონი: დროის, ადგილის, მოქმედების.
ფრანგული კლასიცისტური ლიტერატურა ბუალოს, რასინის, კორნელის, მადამ დე ლაფაიეტის, ლა ფონტენის, მოლიერის შემოქმედებითაა წარმოდგენილი.
ბუალოს მიერ შემუშავებული თეორიის ღირსება უმთავრესად ის იყო, რომ იგი მწერლებისაგან სიმართლის თქმასა და სინამდვილის ასახვას მოითხოვდა. კლასიციზმის მიმდევარმა მწერლებმა მართლაც შესძლეს მათი ეპოქის სინამდვილის ზოგიერთი საინტერესო მხარის ასახვა (როგორც მაგალითი, შეგვიძლია დავასახელოთ მოლიერი, რომელმაც ახალი კომედიის კლასიკური ნიმუშები შექმნა). ამ მხრივ ფრანგული კლასიციზმი რეალიზმის სახეობად გვევლინება, მაგრამ ამ ღირსებასთან ერთად მათ ჰქონდათ გამომუშავებული ისეთი ნორმები, რომლებიც ხელს უშლიდა სინამდვილის ასახვის სიღრმესა და სისწორეს.
სასცენო ნაწარმოებისათვის კლასიციზმის მიმდევრები სავალდებულოდ თვლიდნენ ზევით ხსენებულ, ანტიკური ტრაგედიისათვის დამახასიათებელ, სამი ერთიანობის კანონის დაცვას.
დროის ერთიანობა იმაში მდგომარეობდა, რომ პიესაში ნაჩვენები ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში უნდა მომხდარიყო.
ადგილის ერთიანობის კანონი მოითხოვდა, რომ პიესაში მოქმედება მხოლოდ ერთ გარკვეულ ადგილზე წარმოებულიყო. სადაც დაიწყებოდა მოქმედება, იქვე გაგრძელებულიყო და დამთავრებულიყო.
მოქმედების ერთიანობის კანონის მიხედვით, მხატვრულ ნაწარმოებში მთავარი მოქმედება არ უნდა დაჩრდილულიყო პარალელური მოქმედებითა და ეპიზოდებით. მასში მხოლოდ მოქმედებათა ერთი კვანძი უნდა ყოფილიყო.
კლასიციზმმა, როგორც ლიტერატურულმა მიმართულებამ, რომელიც დამახასიათებელი იყო ლიტერატურის განვითარების განსაზღვრული საფეხურისათვის, ყველა კულტურულ ქვეყანაში ჰპოვა გამოვლინება. ქართული ლიტერატურის ისტორიაში კლასიციზმი საუკეთესოდ გამოვლინდა XVII-XVIII საუკუნეებში. მართალია, ეს გამოვლინება თავისებური იყო, მაგრამ იგი აერთიანებდა კლასიციზმის ყველა ძირითად თვისებას.აღსანიშნავია, რომ თვით ევროპელი კლასიცისტებიც კი ვერ „ეტეოდნენ“ ზოგჯერ იმ „კანონებში“, რაზეც თავად საუბრობდნენ.
ერთი მხრივ, არსებობდა კლასიკური პერიოდი ქართული ლიტერატურისა, რომელსაც რუსთაველის ბრწყინვალე პოეტური ნიმუში აგვირგვინებდა, მეორე მხრივ, განსაკუთრებით გურამიშვილის პოეზიის სახით, ქართული კლასიციზმის პერიოდის ლიტერატურა გამოსახვის მთავარ საგნად იღებდა ისტორიული ეპოქის სინამდვილეს (ამიტომ ზოგი მას ნაადრევ რეალიზმსაც უწოდებს). აქვე დავამატებთ, რომ ქართულ მწერლობაში ბუალოსეული (ან ზოგადად, კლასიცისტური) ტრაქტატის სრული დაცვა არ ხერხდება, რაც შემოქმედებითი იდენტურობით აიხსნება.
თეკლე მესხი – თბილისის 179-ე საჯარო სკოლის მოსწავლე