ლელა გობრონიძე
სსიპ ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლის მე-4 კლასის დამრიგებელი
∇ კლასის დამრიგებელი – მთავარი აღმზრდელობითი ფუნქციის მქონე ადამიანი სკოლაში
კლასის ხელმძღვანელობა ძალიან საპასუხისმგებლო და შრომატევადი სამუშაოა, რომელიც ძალიან დიდ ფიზიკურ და ემოციურ ენერგიას მოითხოვს.
თავდაპირველად, დამრიგებელმა უნდა შეძლოს თითოეული ბავშვის განვითარების თავისებურებების, ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის შესწავლა, მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე, ინტერესების, მიდრეკილებების, უნარების, შესაძლებლობების გარკვევა და მათთვის ისეთი საქმიანობის შეთავაზება, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და წარმატების მიღწევა შეძლონ. კლასში დამრიგებელმა ისეთი აქტივობების ორგანიზება უნდა უზრუნველყოს, რომელიც ხელსაყრელ ატმოსფეროს შექმნის თითოეული აღსაზრდელისთვის და ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ყოველმხრივ განვითარებას. მნიშვნელოვანია, დამრიგებელმა მუდმივად იზრუნოს მოსწავლის მოტივაციის გაძლიერებაზე, დაეხმაროს იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც იჩენს თავს პედაგოგებთან, თანატოლებთან, მშობლებთან დამოკიდებულებაში.
კლასის ხელმძღვანელი ვერ იმოქმედებს იზოლირებულად და ვერ გაუძღვება აღმზრდელობით პროცესს მარტო, პედაგოგებსა და მშობლებთან თანამშრომლობის გარეშე; ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებთან სათანადო კომუნიკაცია, მათი ჩართვა სასკოლო ცხოვრებასა და იქ მიმდინარე სასწავლო-აღმზრდელობით მუშაობაში.
∇ რთული ქცევის მართვა – ერთი მაგალითი
თითოეული მოსწავლე მუდმივად საჭიროებს ინტელექტუალურ, ფიზიკურ და სულიერ განვითარებაზე ზრუვნას. განსაკუთრებით იჩენს ხოლმე თავს ეს ყველაფერი, როცა პირველ კლასთან გვიწევს მუშაობა. ერთ კონკრეტულ მაგალითს გავიხსენებ: პირველი კლასის პირველივე დღეს, ძალიან მრავალრიცხოვან კლასში, სწორედ იმ დროს, როცა უკვე ყველა ბავშვთან თითქმის ბოლომდე „მოგვარებულია“ საქმე და ყველას სახეზე უკვე გულღია ღიმილია, თითქმის დაავიწყდათ გარეთ მომლოდინე დედიკოები, ერთმა ძალიან სიმპათიურმა ბიჭუნამ, მოულოდნელად, პროტესტის ნიშნად, ხმაურით, მთელი ძალით, დაყარა მაგიდაზე წიგნები და შეძვრა მერხის ქვემ, გაბრაზებული. აშკარა იყო საქმე საკმაოდ რთული ქცევის ბავშვთან მქონდა. სიტუაცია დაუყოვნებელ კონკრეტულ ქმედებას მოითხოვდა, რათა ეს ქცევა გადამდები არ ყოფილიყო სხვა ბავშვებისთვისაც. ღიმილით შევთავაზე, ჩემთან მოსულიყო, ვთხოვე კლასის გაცნობასა და გაკვეთილის ჩატარებაში დამხმარებოდა, ოღონდ ავუხსენი, რომ ეს იქნებოდა დროებით, რადგან შემდეგ იმავე როლს სხვა მოსწავლეებიც მოირგებდნენ. შევამჩნიე, რომ „მასწავლებლობანა“ ძალიან მოეწონა, თუმცა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გაჰყვა რთული ქცევა, რომლის მართვაც, საბოლოოდ, სხვადასხვა მეთოდითა და მიდგომით, წარმატებით შევძელი.
∇ კლასის რანჟირება
რანჟირებას რაც შეეხება, ძირითადად, კლასის შესახებ გარკვეული ინფორმაციის დახარისხების დროს ვიყენებ. რაც შეეხება უშუალოდ კლასთან მუშაობის პროცესს, იმ შემთხვევაში, თუ განსახორციელებელი პროექტი ან აქტივობა მოითხოვს.
მწვავე პრობლემა – ფსიქოლოგიური, ფიზიკური, მენტალური, სოციალური თუ კოგნიტური
ვფიქრობ, ჩამოთვლილთაგან, მეტნაკლებად ყველა აქტუალურია, რადგან თითოეული მათგანი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. თავდაპირველ პრობლემად, რომელიც დანარჩენების სხვადასხვა დოზით პროვოცირებას იწვევს, ფსიქოლოგიურ და სოციალურ პრობლემას დავასახელებდი. ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, მისი მართვა ეფექტური რომ იყოს, აუცილებელია, დროულად სწორი ტექნიკის შერჩევა და მართვა.
∇ თვითსოციალიზაცია, თვითგანვითარება და თვითრეალიზაცია
დამრიგებელმა, უპირველესად, ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. გაეცნოს ფსიქოლოგიურ ლიტერატურას, კონკრეტულ მაგალითებს სხვადასხვა სიტუაციებში. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებთან სათანადო კომუნიკაცია, კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის უნარი. მან უნდა შეძლოს თითოეულ მოსწავლესთან მისასვლელი იმ გზის პოვნა, რომელიც განსხვავებულია, ინდივიდუალური და კონკრეტულად სწორედ მასთან მიდის. ხაზგასმით აღვნიშნავდი მოთმინების უნარს, რომელიც ასე საჭირო და აუცილებელია, ზოგადად, პედაგოგისთვის.
∇ დამრიგებლის ანაზღაურების შესაბამისობა გაწეულ საქმიანობასთან
როგორც აღვნიშნე, ძალიან რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულება უწევს კლასის ხელმძღვანელს. ის იმდენად დიდ ენერგიას (როგორც ფიზიკურს, ასევე ფსიქოლოგიურს) ხარჯავს, შესაძლოა, კარგა ხანს ვერ შეძლოს მისი აღდგენა. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ არის საკმარისი და არანაირად არ შეესაბამება დამრიგებლის ანაზღაურება მის მიერ გაწეულ საქმიანობას.
∇ რა სჭირდება დამრიგებელს
გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, ძალიან მნიშვნელოვანია, დამრიგებელმა მუდმივად იზრუნოს თვითგანვითარებაზე, მუდმივ კომუნიკაციაში იყოს კოლეგებთან, მჭიდროდ ითანამშრომლოს მათთან, აუცილებლად გაიზიაროს და გაითვალისწინოს სხვათა გამოცდილება.
ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დამრიგებლისთვის მორალური მხარდაჭერა, მისი საქმიანობის სათანადოდ აღიარება და დაფასება.
∇ ერთი მაგალითი საკუთარი გამოცდილებიდან, რომელსაც კოლეგებს გაუზიარებთ
კლასის მოტივაცია ყველაზე მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესის დროს. ხანგრძლივი დროით იყოს კლასი ტონუსში, ჰქონდეს მუდმივი ინტერესი სწავლის პროცესის მიმართ და გაკვეთილები არ იქცეს რუტინად, ეს საკმაო დროსა და კიდევ უფრო დიდ ენერგიას მოითხოვს. ამიტომ, კლასს შევთავაზე, გაგვეკეთებინა პროექტი, რომელიც მათ სხვადასხვა უნარის განვითარებაში დაეხმარებოდა. მათი მონაწილეობით და ჩართულობით, პროექტს ძალიან საინტერესო ფორმა მივეცით. უპირველესად, ეს იყო მთელ სასწავლო წელზე გათვლილი პროექტი, სახელწოდებით „ჩვენ ჩვენი სკოლის ვარსკვლავები ვართ“ და ითვალისწინებდა, ყოველი თვის ბოლოს, კლასში სხვადასხვა მიმართულების „ვარსკვლავების“ აღმოჩენას. პროექტი ითვალისწინებდა სხვადასხვა ტურებს, რომლებიც გადანაწილებული იყო სასწავლო წლის თვეებზე. ესენი იყო: „კარგი მკითხველი“, „კარგი მთხრობელი“, „კარგი მხატვარი“, „ჩვენ და მათემატიკა“, „კარგი მომღერალი“, „კარგი მოცეკვავე“, „კლასის ხელგამრჯე ოსტატი“, „კარგი კალიგრაფი“, „ვის უფრო უყვარს ანდაზები და გამოცანები“. მოსწავლეებს, ყოველი თვის დასაწყისში, კონკრეტული ტურის დავალება ეძლეოდათ, რომელზე სამუშაოდაც დრო მთელი თვის განმავლობაში ჰქონდათ, თვის ბოლოს კი იყო პრეზენტაცია. რადგანაც პროექტი მოსწავლეებს შორის კონკურენციას გულისხმობდა, საჭირო გახდა იმის გათვალისწინება, რომ მათი ემოციური მდგომარეობა არ დაზიანებულიყო. თავიდანვე კონკრეტულად და მკაფიოდ განვუმარტე პროექტის მიზანი, ავუხსენი შედეგების მიღების მნიშვნელობა და ყველაზე მთავარი, შევთავაზე, კონკრეტული ტურის შემდეგ, ერთად, მთელ კლასს გვემსჯელა, მოგვეწყო დისკუსია და ისე მიგვეღო გადაწყვეტილება. წლის ბოლოსთვის კი, დავგეგმეთ შემაჯამებელი ინტელექტუალური, მხიარული და შემოქმედებითი პრეზენტაცია. ყოველი თვის ბოლოს, ერთობლივი გადაწყვეტილებით, სპეციალურ დაფაზე ვაგროვებდით კლასის „ვარსკვლავებს“ და წლის ბოლოს უკვე სერიოზული „ვარსკვლავთცვენა“ გვქონდა კლასში. პროექტმა ჯანსაღ კონკურენციაში ჩააყენა მოსწავლეები, დაეხმარა მათ მიმღებლობის, ინდივიდუალური და გუნდთან ერთად მუშაობის, შეფასების უნარების გამომუშავებაში. ბავშვები დიდი ინტერესით ელოდნენ ყოველ ახალ დავალებას. პროექტი იმდენად ხალისიანად და მონდომებით მიმდინარეობდა მთელი წლის მანძილზე, რომ სურვილი გამიჩნდა სხვა კლასებშიც განვახორციელო.
∇ არაფორმალური განათლება
ძალიან ხშირად ვიყენებ არაფორმალურ განათლებას კლასთან და ეს ძალიან მოსწონთ ბავშვებს. ჩემი სკოლის ინფრასტრუქტურა ამის სრულ შესაძლებლობას იძლევა. ხშირად ვაწყობთ ფილმების ჩვენებას, რომლის შემდეგაც გვაქვს განხილვა-დისკუსიები; ასევე ბუნებაში – გასვლით გაკვეთილებს, ამისთვის ვიყენებ სკოლის ეზოს და მის მიმდებარე ტერიტორიას; ვაწყობთ ექსკურსიებსა და ლაშქრობებს. თუმცა, პანდემიიდან გამოდინარე, ბოლო პერიოდი, არც ისე დატვირთული გვქონდა ამ კუთხით. ტრადიციად გვაქვს, წლის ბოლოს, ერთობლივი კლასის წიგნის გამოშვება-პრეზენტაცია, რომელშიც მხოლოდ ბავშვების მიერ შეთხზული პატარა ამბები, მოთხრობები, ზღაპრები და ლექსები შედის, თითოეულ მოსწავლეს წიგნში საკუთარი გვერდი აქვს, საკუთარი ხელით წერს თავისსავე ნააზრევს და გვერდის ილუსტრაციასაც თავად აკეთებს.
განვახორციელე პროექტი დიალექტსა და ბარბარიზმებზე, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებმა გამოიკვლიეს სკოლის მოსწავლეებში, მათ სანათესაო-სამეზობლოში გავრცელებული ბარბარიზმები და კუთხური გამოთქმები. შემდეგ დაალაგეს ანბანის მიხედვით, მიუწერეს შესაბამისი ლიტერატურული შესატყვისები და შეადგინეს ხელნაწერი ლექსიკონი. ლექსიკონს ბეჭდური ფორმა მივეცით და სკოლის სხვა მოსწავლეებს დავურიგეთ. ძალიან შრომატევადი, მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი გამოვიდა.