5 მაისი, კვირა, 2024

კლასის მართვა – ძირითადი გამოწვევა სკოლაში

spot_img

მანანა აბუსელიძე

შუახევის რაიონის უჩამბის საჯარო სკოლის პირველი კლასის მასწავლებელი

 

 

⇒მასწავლებელი მნიშვნელოვანი ფიგურაა მოსწავლეთათვის. მას უანგაროდ უნდა უყვარდეს ბავშვები, თორემ მასწავლებლად მუშაობა არ ღირს.

,,საშუალო დონის მასწავლებელი მოგვითხრობს, კარგი მასწავლებელი გვიხსნის, პროფესიონალი მასწავლებელი გვიჩვენებს, საუკეთესო მასწავლებელი კი შემოქმედებით ინტერესს გვიღვიძებს,“ – უთქვამს ამერიკელ პუბლიცისტს, უილიამ არტურ ვორდს. ეს სიტყვები უფრო აქტუალური გახდა თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესში.

იმისათვის, რომ იყო საუკეთესო, აუცილებელია ფლობდე კლასის მართვის სტრატეგიებს.

კლასის მართვის ცნება განათლების ფსიქოლოგიაში ორგვარი – ვიწრო და ფართო – გაგებით განიხილება. კლასის მართვის ვიწრო გაგება ძირითად აქცენტს მოსწავლეთა ქცევის ფორმებსა და დისციპლინაზე აკეთებს. კლასის მართვა, ფართო გაგებით, სასწავლო პროცესისა და გარემოს ჰარმონიულად კოორდინაციას და, მოსწავლეთა ქცევის ტიპების მიუხედავად, სასწავლო პროცესში მაქსიმალური წარმატების მიღწევას გულისხმობს.

პრაქტიკულ ცხოვრებაში, თითქმის ყველა სიტუაციაში, ფორმალური თუ არაფორმალური წესები განსაზღვრავენ იმას, თუ რიგორ ვიქცევით, რა სახის ურთიერთობაში შევდივართ ადამიანებთან და როგორ ვრეაგირებთ სხვის ქცევაზე.

ბავშვის ქცევის ჩამოყალიბება ოჯახიდან იწყება, მაგრამ სკოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩემი, როგორც დაწყებითი მასწავლებლის, პოზიციიდან შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს პროფესიონალიზმზე ბევრი რამაა დამოკიდებული, თუ როგორ აღვზრდით თანამედროვე სულისკვეთების ადამიანი.

მასწავლებელი, მოსწავლეებთან ერთად, ქმნის ძირითად წესებს, აკრავს თვალსაჩინო ადგილას. მაგრამ არსებობს დაუწერელი წესებიც, რომელზეც უნდა ესაუბროს და მათ შესრულებაზე თვითონ იყოს პასუხისმგებელი. ეს წესები მიმართულია ურთიერთპატივისცემისკენ, ზრდილობისკენ, უსაფრთხო და სწავლისათვის განსაზღვრული გარემოს შენარჩუნებისკენ.

მასწავლებელი ვერასოდეს შეძლებს კლასში მიმდინარე პროცესების სრულად პროგნოზირებას. დეტალურად დაგეგმილი გაკვეთილი შეიძლება სრულიად შეუსაბამო აღმოჩდეს იმ დღისთვის და მასწავლებლის წინაშე იმპროვიზირების აუცილებლობა დადგეს. კლასში ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია და სხვადასხვა ინტერესითაა ჩართული ამა თუ იმ საკითხის შესწავლის პროცესში.განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგას მასწავლებელი, როცა მოსწავლეები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობენ და მეტი ,,თავისუფლება“აქვთ მინიჭებული. მასწავლებელს ყველა სირთულე გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს და დროულად უნდა მოახდინოს პრობლემის პრევენცია.

ბროფის მართვის პროსოციალურ\ჰუმანისტური მოდელი ცხრა ძირითად სტრეტეგიას გვთავაზობს:

⇒ მასწავლებლის მომზადება და პროფესიონალიზმი;

⇒ ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა;

⇒ სასკოლო წესებისა და პროცედურების შემუშავება;

⇒ მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობა;

⇒ სასიცოცხლო უნარ-ჩვევები;

⇒ მოსწავლეთა უფლებები და პასუხისმგებლობები;

⇒ შემოქმედებითი მიდგომა;

⇒ მოსწავლეთა შეფასება;

⇒ კომუნიკაცია.

ამ სტრატეგიებს თუ იზიარებს მასწავლებელი, აუცილებლად მიიღებს იმ შედეგს, რასაც თანამედროვე განათლების სისტემა გვიყენებს სწავლა-სწავლების პროცესში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები