26 აპრილი, პარასკევი, 2024

თუ ახალ სამსახურს ეძებ…

spot_img

თუ ახალ სამსახურს ეძებ…

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში უამრავი ახალი ვაკანსია გაჩნდა, მათ შორის სპეციალური მასწავლებლის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ასისტენტის და ფსიქოლოგის, ეს უკანასკნელი – უფრო ნაკლებად. ბევრმა მასწავლებელმა კი გამოცდა ჩააბარა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა, ამით მათი დასაქმების ალბათობა გაიზარდა. ყველა ღირსეულ კანდიდატს წარმატებას ვუსურვებ ამ „ბრძოლის ველზე“ და ჩემს პატარა გამოცდილებას გაგიზიარებთ.

მე პირადად ბევრჯერ ვყოფილვარ გასაუბრებაზე, გასაუბრების მაგიდის ორივე მხარეს. ხშირად დადებითი და ხანდახან უარყოფითი პასუხებიც მომისმენია… ამ ბოლო დროს გასაუბრების კომისიის წევრობაც მარგუნა ბედმა. მაგრამ, სანამ გასაუბრებამდე მივალთ, ჩვენი სააპლიკაციო ფორმით უნდა „მოვხიბლოთ“ დამსაქმებელი. ამიტომ, გაითვალისწინეთ:

  1. ფოტო უნდა იყოს ოფიციალური, არა ე.წ. სელფი, ან სადმე პლაჟსა თუ პიკნიკზე გადაღებული.
  2. არ დაგავიწყდეთ ყველა იმ დოკუმენტის ატვირთვა, რასაც ითხოვს თქვენი პოტენციური დამსაქმებელი, თუნდაც დიპლომის.
  3. სამუშაო გამოცდილების შესახებ ველში მიუთითეთ სრულყოფილი ინფორმაცია, მაგ., სამუშაო ადგილის სრული დასახელება.
  4. რომელიმე სამსახურში აღარ მუშაობთ, ესეც აუცილებლად მიუთითეთ.
  5. ორ, სამ და მეტ სამსახურში მუშაობთ და კიდევ ახალს ეძებთ? თუ თქვენი წინა სამსახურის გამოცდილება არანაირ კავშირში არ არის არსებულ ვაკანსიასთან, შეგიძლიათ არაფერი თქვათ ამის შესახებ.
  6. იგივე ეხება ტრენინგებსა და სერტიფიკატებს. მათი უსასრულო ჩამონათვალი მხოლოდ ართულებს საბუთების გადარჩევის პროცესს. ატვირთეთ მხოლოდ „წონიანი“ სერტიფიკატები და სახელიც დაარქვით, ქართულ ენაზე.
  7. სამოტივაციო წერილს ნუ დაამსგავსებთ სქელტანიან რომანს :). რომანების კითხვა კარგია თავისუფალ დროს.
  8. თუ გასაუბრება დისტანციურ რეჟიმშია, წინასწარ მოემზადეთ. კომპიუტერსა თუ მობილურ ტელეფონში შესაბამისისი აპლიკაცია გადმოწერეთ, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ შფოთის მაღალი დონე. ასევე, შეარჩიეთ მშვიდი და კომფორტული ადგილი სახლში.
  9. გაიპრანჭეთ ისე, თითქოს უკვე სამსახურში მიდიხართ. მერე რა, რომ სახლში ხართ.
  10. გასაუბრებამდე გაეცანით იმ პოზიციის სამუშაო აღწერილობას, მუშაობას რომ აპირებთ… ამით თქვენს დროსაც დაზოგავთ და დამსაქმებლისასაც.

იმედია, ცოტა მაინც დაგეხმარებათ ეს ყველაფერი. შეგნებულად არ ვსაუბრობ გასაუბრების შინაარსობრივ  მხარეზე… მაინც ინდივიდუალურია დამსაქმებლისა და აპლიკანტის ურთიერთობა. თუმცა, სულ მზად გქონდეთ პასუხები თქვენი პოზიტიური სამუშაო გამოცდილების შესახებ, კონკრეტული მაგალითები – რას მიაღწიეთ ამა თუ იმ შემთხვევაში და რა გაგიჭირდათ, რა გეგმები გაქვთ კარიერის თვალსაზრისით და… და გისურვებთ, მალე გითხრან, – „გილოცავთ, დღეიდან თქვენ ჩვენი გუნდის წევრი ხართ!“

ეკა ღვინიაშვილი

ფსიქოლოგი, სპეციალური განათლების მაგისტრი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები