24 ნოემბერი, კვირა, 2024

ზოგადი ინფორმაცია ენის შესახებ

spot_img

ენა ადამიანისა, მისი სიტყვიერება, მთელი ხელთუქმნელი ისტორიაა ერისა ცალკე და კაცობრიობისა საზოგადოდ.

ილია ჭავჭავაძე

საზოგადოებაში აზრის გამოხატვის, გააზრებისა და ურთიერთგაგების საშუალებას ენა წარმოადგენს. ენა და საზოგადოება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობს.

ენას, როგორც ურთიერთობის საშუალებას, ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა) შეისწავლის.

ენათმეცნიერება, უძველესი დროიდან, ვითარდებოდა ძველ აღმოსავლეთსა და მესოპოტამიაში, სირიასა და ეგვიპტეში, აგრეთვე ინდოეთსა და საბერძნეთში. მეცნიერულ კვლევებს ამ დარგში საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის დასაწყისიდან, ზოგადი და შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების ფორმით. გამორჩეული ენათმეცნიერები იყვნენ: ვილჰელმ ჰუმბოლდტი, ფრანც ბოპი, ვილჰელმ გრიმი, ბალი სეშე, არნოლდ ჩიქობავა და სხვები.

ძირითადი ენობრივი ერთეულებია: ბგერა, სიტყვა და წინადადება. ამათგან აზრის სრულყოფილად გამოხატვა შეუძლია წინადადებას, რომელიც შედგება სიტყვებისაგან (ზოგჯერ ერთი სიტყვაც წინადადებაა), სიტყვა, თავის მხრივ, ბგერების კომბინაციაა.

მსოფლიოში უამრავი ენაა. თითოეულ ენაში მრავალი სიტყვაა. ამა თუ იმ ენის ყველა სიტყვა, ერთად აღებული, ქმნის ენის ლექსიკურ შედგენილობას. რაც არ უნდა მდიდარი იყოს ენის ლექსიკური შედგენილობა, იგი, თავისთავად აღებული, მაინც არაა ენა. სიტყვების საშუალებით რომ აზრი გადმოვცეთ, ანუ წინადადება შევადგინოთ, საჭიროა ისინი ერთმანეთს ენაში შემუშავებული იმ წესების მიხედვით შევუწყოთ, რომლებსაც გრამატიკა (სინტაქსი) სწავლობს, თვით ეს წესები კი ენის გრამატიკულ მხარეს, გრამატიკულ წყობას შეადგენს.

მეტ-ნაკლებად იცვლება ენის ყოველი მხარე. ყველაზე სწრაფად იცვლება ლექსიკური შედგენილობა (იკარგება ლექსემა ან ახალი სიტყვები ემატება). გაცილებით ნელა იცვლება ენის ბგერითი მხარე („თერგდალეულებმა“ მე-19 საუკუნეში გადადგეს გაბედული ნაბიჯი და ხუთი ასო-ნიშანი ამოიღეს ანბანიდან) და გრამატიკული წყობა (საუკუნეების წინ წესი იყო, რომ ქვემდებარე უსწრებდა დამატება-ობიექტებს წინადადებაში, თანამედროვე ქართულში ეს წესი აღარ მოქმედებს).

მსოფლიო ენებს შორის გამოიყოფა ენები, რომლებსაც საერთო წარმოშობა აქვს, ასეთ ენებს მონათესავე ენები ჰქვია. მონათესავე ენები მომდინარეობენ ერთი წინარე ენებისგან. ენათა ნაწილი გარკვეულ ისტორიულ ეპოქაში, ისტორიული პირობებიდან გამომდინარე, დაშორდა ერთმანეთს და დამოუკიდებელ ენებად იქცა.

ქართული ენის მონათესავე ენებია ზანური (მეგრულ-ჭანური) და სვანური. მეგრულ და სვანურ ენებზე მოსაუბრე ადამიანები გახლავთ ის ხალხი, რომლებზეც მოწიწებითა და პატივისცემით წერდნენ ანტიკური სამყაროს მწერლები და მეცნიერები. დღეს კი მრავალათწლოვანი მეგრული და სვანური ენები გაქრობის ზღვარზეა. ეს სამი ენა ქმნის ქართველურ ენათა ჯგუფს. ისინი მომდინარეობენ წინარე ქართული (პრექართული) ენისგან. ქართული, ზანური და სვანური ენები სამივე ენას აქვს საკუთარი ლექსიკური შედგენილობა და გრამატიკული წყობა. ამათგან ქართული ენა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და დამწერლობის მქონე ენაა, ზანური და სვანური კი ტომობრივი ენებია. მათ არ გააჩნია საკუთარი დამწერლობა.

თუ ჩვენ მოვუსმენთ სვანურ ენაზე მოსაუბრე ადამიანს, მივხვდებით, რომ სვანური ქართულს ნაკლებად ჰგავს, ამასთანავე, სასაუბროდაც გაცილებით რთულია, ვიდრე ქართული, რაც განპირობებულია ხმოვნების ნაკლებობით ლექსემებში. ზანური (მეგრულ-ჭანური) უფრო მეტად დაახლოებულია ქართულ ენასთან, მაგალითად: სიტყვა „კითხვა“ მეგრულად წარმოითქმის როგორც „კითხირი“, ხოლო სვანურად „ლიჭვდი“. თუნდაც ეს ფაქტობრივი მასალა გვაფიქრებინებს, რომ სვანური ენა უფრო ადრე გამოეყო წინარე ქართულს, ვიდრე მეგრულ-ჭანური.

მსოფლიოს ენებში ამჟამად არჩევენ ტომობრივ, ხალხოვნურ და ეროვნულ ენებს. ტომობრივი ენებია, მაგალითად, დაღესტანში გავრცელებული ენების ნაწილი (აღულური, წახურული, ანდიური, დიდოური), აფრიკის, პოლინეზიის და სხვა გეოგრაფიულ ტერიტორიებზე გავრცელებული ტომთა ენები.

ხალხოვნური ენებია, მაგალითად, ავარიული, ლაკური, ყაბარდოული, უდმურტული, ციმბირის ხალხის ენები – ევენკებისა, ოდულებისა და სხვა.

ეროვნული ენებია, მაგალითად, ქართული, რუსული, ფრანგული, ჩინური, არაბული, სომხური, უკრაინული და სხვა.

არის ენები, რომლებიც გამოიყენება არა რომელიმე ერთ ქვეყანაში. პორტუგალიური სახელმწიფო ენაა პორტუგალიასა და ბრაზილიაში, ფრანგული ენა – საფრანგეთში, კანადაში, ბელგიასა და შვეიცარიაში, ინგლისური ენა – გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანული ენა – გერმანიასა და ავსტრიაში, ესპანური ენა – ესპანეთსა და ე.წ. ლათინური ამერიკის ქვეყნებში.

არსებობს საერთაშორისო ენებიც, რომლებზედაც ქვეყნდება საერთაშორისო გაერთიანებათა დოკუმენტები. ესენია: რუსული, ინგლისური, ფრანგული, ჩინური. ეს ენები თავიანთი ერების ენებიცაა და საერთაშორისო ენებსაც წარმოადგენენ.

ზოგჯერ ისე დამცრობილა ადრე დაწინაურებული, ხანგრძლივი წერილობითი ისტორიის მქონე ენებიც, რომ გაქრობის გზაზე დამდგარა. ასეთ გამქრალ ენებს, რომელზედაც აღარავინ აღარ საუბრობს, მკვდარ ენებს უწოდებენ. ასეთებია: ლათინური ენა, რომელსაც მეცნიერებასა და კათოლიკურ ეკლესიებში დღესაც აქტიურად იყენებენ, თუმცა ის მაინც მკვდარ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება; შუმერული ენა – ამ ენაზე სამხრეთ მესოპოტამიაში საუბრობდნენ ძვ.წ. IV ათასწლეულში; სანსკრიტული ენა – ინდოეთის უძველესი ენა, მას მრავალ რელიგიაში იყენებდნენ, მათ შორის ინდუიზმში.

ამიტომ ყველა ერი ცდილობს, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელოს და დაიცვას საკუთარი ენა, რათა „მკვდარი ენების“ ჯგუფის და ზოგადად, ისტორიის საკუთრება არ გახდეს.

 

თეკლე ფიფია, საჩინოს N1 საჯარო სკოლა;

თეკლე მესხი, თბილისის N179 საჯარო სკოლა;

ნინო ქაჯაია, თბილისის N2 საჯარო სკოლა;

მარიამ ჩაჩანიძე, ხიდრის საჯარო სკოლა;

ნინო აბჟანდაძე, ახალთერჯოლის საჯარო სკოლა;

თეკლა მორჩილაძე, აკეთის საჯარო სკოლა;

ბაია გრძელიშვილი, პირველი კლასიკური გიმნაზია;

გიორგი პატაშური, აწყურის საჯარო სკოლა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები