26 აპრილი, პარასკევი, 2024

ვაქცინაცია აუცილებელია სკოლების უსაფრთხო გახსნისთვის!

spot_img

საქართველოს მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს COVID-19-ის ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია მასწავლებლებთან. გაეროს ბავშვთა ფონდი საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს საქართველოს რეგიონებში. ახალციხეში, შეხვედრის შემდეგ, ბევრი მასწავლებელი აიცრა.

ივანე ჩხაიძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი: „ძალიან ბევრი კითხვა, რომელიც დღეს დაისვა, პასუხგაუცემელი თუ დარჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არ მივა იმუნიზაციის კაბინეტში, ვინაიდან ის დარწმუნებული არ არის ბოლომდე ვაქცინების ეფექტურობაში, ვაქცინების უსაფრთხოებაში. საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ამიტომ არ მიმართავს ვაქცინაციის კაბინეტებს. პირდაპირი კონტაქტი ექსპერტებთან, ყველა კითხვაზე, რომელიც ჩვენს მასწავლებლებს აქვთ, არის გადამწყვეტი, რომ სწრაფად შევქმნათ ქვეყანაში უსაფრთხო გარემო.“

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან დევნოსაძე ამბობს, რომ მასწავლებლები აცრის წინააღმდეგები არ არიან: მეტიც, მჯერა, რომ ჩემი კოლექტივის ყველა წევრი აიცრება. უბრალოდ, გვაქვს რაღაც გაუაზრებელი შფოთი, კითხვები. ზოგს თანმდევი დაავადებები აქვს და არ იცის, შეიძლება თუ არა მისთვის აცრის გაკეთება. დღეს დავესწარით საინფორმაციო სესიას და ზუსტად ამ კითხვებს გასცეს პასუხი სპეციალისტებმა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ამ ჯგუფს. მე უკვე ჩამოვყალიბდი, რომ აუცილებლად უნდა გავიკეთო აცრა. ეს აუცილებელია როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი შვილებისთვის, ჩემი თანამშრომლებისთვის და ჩემი სკოლის ყველა მოსწავლისთვის. პირბადის, დეზინფექციის და დისტანციის დაცვის გარეშე ვერც ახლა გაგრძელდება სასწავლო პროცესი, მაგრამ პედაგოგები რომ ავიცრებით, შედარებით უფრო დაცულად ვიგრძნობთ თავს სკოლაში.“

შორენა ხმალაძე, ახალციხის პიველი საჯაო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს: „მასწავლებელი ვარ, დაახლოებით, 15 წელია. ეს პროფესია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემ გარშემო ძალიან ბევრი პედაგოგია – ოჯახის წევრები, მშობლები, წინაპრებიც და შესაბამისად, ვთვლი, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ზრუნვა ახალგაზრდა თაობაზე. პანდემიამ მთლიანად შეცვალა ყველა ადამიანის ცხოვრება. განსაკუთრებით დიდი გავლენა იქონია ჩვენს აღსაზრდელებზე, მოზარდებზე, მოსწავლეებზე. თითოეულმა მოქალაქემ, ჩვენ, პედაგოგებმა და მშობლებმა, უნდა ვიზრუნოთ მოსწავლეების სრულფასოვან სასწავლო პროცესზე. ამიტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია,  ყველამ ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა სრულფასოვანი და კარგი განათლებისთვის და ყველა ჩავერთოთ ამ პროცესში, რასაც ჰქვია აცრა, დავამარცხოთ პანდემია და შევამციროთ ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს მთელი საზოგადოების და მსოფლიოს წინაშე დგას.“

ნონა ბახტაძე, ახალციხის მე-7 საჯარო სკოლის მასწავლებელი: „აქამდესულ სხვანაირად ვიყავი, უხეშად რომ ვთქვათ, დაპროგრამებული, რადგან ალბათ ცრუ ინფორმაციებს ვიღებდი. ალბათ, ყველას არ უნდა დავუჯეროთ. დღევანდელმა შეხვედრამ, როდესაც უკვე ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთში ჩამობრძანდნენ ასეთი გამოცდილი ექიმები (ვის უნდა დავუჯეროთ, თუ არა მათ) სულ შეცვალა ჩემი წარმოდგენა აცრებზე და გადავწყვიტე აქვე, დღესვე, გავიკეთო აცრა.“

სიმონ გელაშვილი, სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის დირექტორი: „რადგანაც ბავშვებს ჯერ აცრა არ უწევთ და ვერ აიცრებიან, ამიტომ ვფიქრობ, პედაგოგები და სკოლის თანამშრომლები უნდა ვიყოთ აცრილები, რომ არ ვიყოთ პანდემიის გამავრცელებლები.“

 

ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში: „ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მასწავლებლებს სჭირდებათ სანდო ინფორმაცია ვაქცინაციაზე და ვაქცინის შესახებ. ჩვენ მოვისმინეთ მათი შეკითხვები და მას შემდეგ, რაც მიიღეს პასუხები ჯანდაცვის ექსპერტებისგან, გადაწყვიტეს აქ მოსვლა და აცრის გაკეთება. მასწავლებლების ვაქცინაცია პიორიტეტია როგორც იუნისეფისთვის, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ რეგიონებში სიარულს, როგორც დღეს ჩამოვედით ახალციხეში, ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და იმის შესახსენებლად, რომ არავინაა დაცული, სანამ ყოველი ჩვენგანი არ იქნება დაცული.“

ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები ზუგდიდსაც ეწვივნენ, შემდეგ – სვანეთს. მესტიაში მოღვაწე მასწავლებლებს ექსპერტები ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ. გაიმართა საინტერესო დისკუსია და ექსპერტებმა კონკრეტულ შეკითხვებს უპასუხეს.

მონაწილეთა უმრავლესობამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოთქვა სურვილი, თავადაც ჩაეტარებინა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

აჭარაშიც აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. ქედის რაიონის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ნაკაშიძე სწავლის პროცესის შეფერხების გარეშე გასაგრძელებლად ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს: „ამ სკოლაში 108 ბავშვი ირიცხება. 3 სოფლიდან მოდიან ბავშები ჩვენს სკოლაში. ჩვენი სკოლა ითვლება ერთ-ერთ ცენტრად, ყელაზე დიდი სკოლაა ამ სოფლებში. ყველა მასწავლებლის ფიქრები დასტრიალებს მოსწავლეს და ყველა მასწავლებელი ფიქრობს, რომ სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს მოსწავლე, ირეკებოდეს ზარი და იყოს მოსწავლეების ჟრიამული. კორონავირუსმა, ზოგადად, მსოფლიო მოიცვა და დააზარალა ასევე სასკოლო საზოგადოებაც. 2020 წლის მარტში, როდესაც გავიგეთ, რომ დისტანციურ სწალებაზე უნდა გადავსულიყავით, რა თქმა უნდა, მასწავლებლებსაც გაგვიჭირდა და მოსწავლეებსაც. მით უმეტეს მაღალმთიან სკოლებს იმიტომ, რომ ინტერნეტთან წვდომა მეტ-ნაკლებად სუსტია და შეფერხებით მიმდინარეობდა. ჩემი ბავშვი პირველკლასელია, წელს წავიდა სკოლაში და განიცდიდა, რომ არ იცოდა რა იყო მერხი და თანაკლასელი. ეს სირთულეები, რა თქმა უნდა, დისტანციურ სწავლებას ახლავს თან. აუცილებელი და მნიშვნელოვანია სკოლაში პირისპირ სწავლება იყოს, სკოლა მხოლოდ ცალკეული საგნების სწავლება არ არის. სკოლაში ადამიანი ყალიბდება და სწავლობს ურთიერთობას სხვა ადამიანებთან. ბუნებრივია ძალიან ბევრს ვფიქრობთ, რა იქნება სექტემბერში, დავიწყებთ თუ არა სწავლას ბუნებივ გარემოში და გამოსავლად მიმაჩნია, რომ დღესდღეობით ავიცრათ ყველა, ვისაც სასკოლო საზოგადოებასთან შეხება გვაქვს, იქნება ეს მასწავლებელი, მშობელი, ადმინისტრაცია თუ ტექნიკური პერსონალი. აუცილებელია, ვიგრძნოთ პირადი პასუხისმგებლობა იმისა, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ მომავალი თაობა და ამიტომ ავიცერი დღეს.“

ნათია ჭელიძე 17 წლისაა, აჭარის მთიან რეგიონში, ხულოში ცხოვრობს. ამბობს, რომ, სამწუხაროდ, მის გარშემო ბევრი არ იცავს რეგულაციებს – არ იცრება, არ ატარებს პირბადეს, თითქოს პანდემია საერთოდ არ არსებობდეს. მეგობრები, ნათესავები ახლობლებიყველა მეუბნებოდა, რომ აცრა საფრთხის შემცველი იყო და თავი შემეკავებინა. თუმცა, როცა ინფორმაცია მოვიძიე, ვაქცინირებულ მეგობრებს დავეკითხე, ამიხსნეს, რომ ეს ერთადერთი გზა იყო ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად და მეც დავრეგისტრირდი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მეშინოდა, საკუთარი თავისა და სხვების დაცვის მიზნით მივიღე გადაწყვეტილება და ავიცერი. ახლა სხვებსაც უფრო თამამად მოვუწოდებ, რომ მომბაძონ და აიცრან.

გამოგიტყდებით, გადაწყვეტილება იმანაც მიმაღებინა, რომ ინტერნეტში ვნახე, ჩვენი ადგილობრივი ანსამბლისბერმუხის უხუცესი წევრები აცრილიყვნენ. იმ წამსვე მივხდი, რომ ახლა ჩემი შიშის დრო აღარ იყო. თანაც, მინდა აბიტურიენტობის პერიოდი, ბოლო კლასი, სკოლაში გავატარო და აცრილი ბევრად დაცულად ვიგრძნობ თავს.

ჩვენთან უფრო მეტად უფროსი თაობა აქტიურობს, შორი სოფლებიდან მოდიან იმისათვის, რომ აიცრან და ვფიქრობ, ჩვენ ახალგაზრდებმაც უნდა გამოვიჩინოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე.“

მასწავლებელთა ვაქცინაციის პრიორიტეტულობა იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, ღასან ხალილის შეხვედრის მთავარი თემა. შეთანხმდნენ 3-თვიან გეგმაზე, რომელსაც ერთად განახორციელებენ ქვეყანაში ვაქცინაციის მხარდასაჭერად. სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები მასწავლებლებთან, რომელთა დასრულებისთანავე მონაწილეთა უმრავლესობა იცრება.

შეხვედრები გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ არის ორგანიზებული, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები