3 მაისი, პარასკევი, 2024

ერთი იდეა მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის

spot_img
თამარ შანიძე
სსიპ ქ. თერჯოლის №1 საჯარო სკოლის, სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის და სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლების გერმანული ენის მენტორი მასწავლებელი, განათლების აკადემიური დოქტორი

 

 

მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების საფუძველზე შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ პედაგოგის ერთმა სიტყვამ, ერთმა მოქმედებამ, ერთმა მაგალითმა აღსაზრდელში დიდი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს, უბიძგოს მას და ჩართოს სასწავლო პროცესში, გაუჩინოს კითხვის, მეცადინეობის, მსჯელობისა და ახალი ცოდნის შეძენის სურვილი.

მოგეხსენებათ, კითხვის პროცესი რთული და შრომატევადია. განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსწავლის თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები გართობის მეტ შესაძლებლობას იძლევა. შესაძლებელია კითხვა ამ ფორმითაც შევთავაზოთ, თუმცა მსგავსი მიდგომის პერმანენტული განმეორება აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დასუსტებას გამოიწვევს. ამდენად, აღსაზრდელებს შევთავაზე, მხატვრული ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, შესაბამისი ფილმის ან თეატრალური ინსცენირების ნახვა, საბოლოოდ კი, მსჯელობა წაკითხულისა და ნანახის მიხედვით.

მოსწავლეთათვის საინტერესო სასწავლო გარემოს მოწყობის მიზნით გამოვიყენე მრავალფეროვანი სასწავლო მიდგომები, როგორც ფილმის ჩვენება, აგრეთვე თეატრში ვიზიტი. საკითხავი ლიტერატურა შევუსაბამე მათ ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს, გავაცანი „ანა ფრანკის დღიური“ და „ბრემენელი მუსიკოსები“. „ანა ფრანკის დღიურის“ განხილვის მიზანი იყო როგორც ანა ფრანკის ცხოვრებისეული ეპოქის გაცნობა, ასევე დღიურის წერის სტილის გათავისება.

მოსწავლეებს, თავდაპირველად, გავაცანი აქტივობის პირობები და ვადები. ასევე ვაცნობე, რომ ნაწარმოების კარგად განხილვის შემდეგ, შესრულებული ტესტის წარმატებით შესრულების საფუძველზე, ისინი წამახალისებელ სერტიფიკატებს მიიღებდნენ.

ნაწარმოების წასაკითხად განკუთვნილ დროში, მათ საფუძვლიანად გააანალიზეს ეპოქა, რომელშიც მოუწია ცხოვრება ანა ფრანკს, ასევე მისი წერის სტილი, რომლითაც ანამ საოცარი სიზუსტით აღწერა მაშინდელი გაუსაძლისი ცხოვრებისეული პირობები, რომელშიც ებრალი ხალხი იმყოფებოდა. წაკითხული ტექსტის შესახებ ინფორმაციას მოსწავლეები, დროდადრო, ერთმანეთში ცვლიდნენ და მსჯელობდნენ.

ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ვაჩვენე ფილმი „ანა ფრანკის დღიური“. ფილმის ჩვენების შემდეგ კი შეასრულეს ტესტი, რომლის საკითხები გამომდინარეობდა ნაწარმოებიდან „ანა ფრანკის დღიური“. შედეგების საფუძველზე მოსწავლეებს წამახალისებელი სიგელები გადაეცათ, “საუკეთესო მკითხველის” ნომინაციით.

სამეტაპიანმა აქტივობამ, რომელიც მიზნად ისახავდა აღსაზრდელთა წიგნიერების უნარების განვითარებას, გაამართლა – ბავშვებს კითხვის, წაკითხულის განხილვისა და მასზე მსჯელობის სტიმული მიეცათ.

მეორე აქტივობა, რომელიც ამ სასწავლო მიზნის, კერძოდ კი გამჭოლ კომპეტენციათა შორის წიგნიერების უნარების განმტკიცებასა და გაძლიერებას ემსახურებოდა, იყო შემდეგი ნაწარმოების, გერმანისტიკისა და ფილოლოგიის ფუძემდებლების, იაკობ და ვილჰელმ გრიმების ზღაპრის „ბრემენელი მუსიკოსები“ განხილვა. უნდა აღინიშნოს, რომ „ბრემენელი მუსიკოსების“ ძეგლი, როგორც გერმანული კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოვლენა, დგას ბრემენის რატუშის წინ.

აღნიშნული საგანმანათლებლო მიზნის სისრულეში მოსაყვანად, სამეტაპიანი აქტივობა განხორციელდა. აღსაზრდელებს წინასწარ ეცნობათ დაგეგმილი აქტივობის ეტაპების შესახებ.

პირველ ეტაპზე, მივუთითე წასაკითხი ნაწარმოების ავტორი და სათაური, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკაში ან ინტერნეტში უნდა მოეძიებინათ და წაეკითხათ, ერთ კვირაში. მოსწავლეები, წაკითხული ზღაპრის შინაარსიდან, პასაჟებს ერთმანეთს უზიარებდნენ. შემდეგ ეტაპზე, მოსწავლეებთან ერთად, ვესტუმრეთ თეატრს “ბრემენელი მუსიკოსების” ინსცენირების სანახავად, რომ შეგვედარებინა წაკითხული ნანახთან. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს კითხვის ეს სტილი მოეწონათ, პარალელურად, გაეცნენ თეატრში მოქცევის წესებს და მათ ცხოვრებაში კულტურული ელემენტები შემოვიდა, ამავდროულად, გაუუმჯობესდათ წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარები.

აქტივობა სამი საჯარო სკოლის ფარგლებში განხორციელდა, კლასის დამრიგებლების უშუალო ჩართულობითა და თანამშრომლობით და რამდენიმე მიზანს ისახავდა:

♦ მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარება;

♦ კულტურული დაწესებულებების, კერძოდ თეატრის, გარემოს გაცნობა;

♦ აღსაზრდელთა მიერ წიგნიერების უნარების განვითარება;

♦ აღსაზრდელებში კრიტიკული უნარების განვითარება;

♦ სხვადასხვა სკოლის პედაგოგთა ურთიერთთანამშრომლობა.

აქტივობების დასრულების შემდეგ, აღსაზრდელებთან გასაუბრებისას, აღმოჩნდა, რომ  კითხვის ამგვარი მეთოდი  სახალისო და შემეცნებითია მოსწავლეებისთვის, რადგან ძიებით ელემენტებს მოიცავს, რაც  მეტად საინტერესოს ხდის კითხვის პროცესს.

ამდენად, მოსწავლეთათვის კითხვის ნაკლებად სინტერესო პროცესი რომ საინტერესო და პროდუქტიული გავხადოთ, საჭიროა დატვირთვა-განტვირთვის ელემენტების შემცველი სასწავლო მიდგომების მონაცვლეობა და აღსაზრდელთა ინტერესების მუდმივად გათვალისწინება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები