მსოფლიო ენების რაოდენობა ხუთი ათასს აღწევს, მათი უმეტესობა მცირე ეთნიკური ჯგუფების კუთვნილებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი თვისებრივი მნიშვნელობა ჩამორჩებოდეს იმ ენებისას, რომლებსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. ენათმეცნიერებისათვის ერთ-ერთი გამორჩეული საკვლევი საკითხი ენათა კლასიფიკაციაა. ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციაში ბევრ საინტერესო დეტალს ნახავთ, მათ შორისაა ქართველური ენების ადგილი მსოფლიო ენათა კალეიდოსკოპში.
ენებს სხადასხვა ნიშნის მიხედვით აჯგუფებენ, ეს ნიშნები შეიძლება იყოს როგორც წმინდა ენობრივი (ლინგვისტური), ასევე არაენობრივი (ექსტრალინგვისტური). ამა თუ იმ ენის შინაგან სტრუქტურაზე სრულიად არ არის დამოკიდებული, მაგალითად, მის მომხარებელთა (მოლაპარაკეთა) რაოდენობა. ასევე ექსტრალინგვისტური ნიშანია ენათა გავრცელების არე. ამგვარ დაჯგუფებას საფუძვლად უძევს გეოგრაფიული პრინციპი, რომლის დროსაც გამოყოფენ, სახელდობრ: ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიის ენებს ან შედარებით მცირე არეალში გავრცელებულ ენებს: ბალტიისპირულს, ტიბეტურს და სხვ.
რასაკვირველია, ენათა დასახასიათებლად უფრო არსებითი და მნიშვნელოვანია წმინდა ლინგვისტური ნიშან-თვისებები. ამგვარი ნიშნების მიხედვით შესწავლის შედეგად, ვღებულობთ ენათა გენეალოგიურ და ტიპოლოგიურ კლასიფიკაციას.
ე ნ ა თ ა ტ ი პ ი ო ლ ო გ ი უ რ ი კ ლ ა ს ი ფ ი კ ა ც ი ა მიზნად ისახავს, დაადგინოს ენებს შორის მსგავსება-განსხვავებანი ყველაზე ზოგადი და ყველაზე არსებითი ნიშნების მიხედვით, რომლებიც დამოკიდებული არ არის მათ ნათესაურ ურთიერთობაზე. ასეთი ნიშნები, მეტ-ნაკლებად, ენის ყველა მხარეს მოიცავს, მაგრამ ყველაზე მკაფიოდ მორფოლოგიის სფეროშია გამოკვეთილი. ამის მიხდვით, ენები ოთხ ძირითად ჯგუფად იყოფა:
1. ამორფული, ანუ იზოლირებული ენები. მათ არ ახასიათებთ ფორმაცვალებადობა, სუსტია განსხვავება დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე და დამხმარე სიტყვებს შორის, დიდია სიტყვათა რიგის გრამატიკული ფუნქცია. ასეთია, მაგალითად, ჩინური ენა.
2. აგლუტინაციური ენები. მათთვის დამახასიათებელია სიტყვაწარმოებისა და ფორმაცვალებადობის განვითარებული სისტემა აფიქსაციის მეშვეობით, აფიქსთა გრამატიკული სერთმნიშვნელობა, ბრუნებისა და უღლების ერთგვაროვანი სისტემა. აგლუტინაციურ ენათა ტიპობრივი წარმომადგენელია თურქული ენა.
3. პოლისინთეზური ენები. მათთვის ნიშანდობლივია წინადადების სხვა წევრების ჩართვა ზმნა-შემასმენელში. ამ ტიპისაა, მაგალითად, ჩრდილო ამერიკის ინდიელთა ენები, ჩუკოტკურ-კამჩატკური ენები.
4. ფლექსიური ენები. მათ ახასიათებთ გრამატიკული მორფემების მრავალფუნქციანობა, ძირის ფონეტიკურად განუპირობებელი ცვლილებანი, ბრუნებისა და უღლების ტიპების სიმრავლე, რაც ფონეტიკურად და სემანიტიკურად არ არის განპირობებული. ასეთებია ინდოევროპული ენები.
საერთოდ, არ მოიძევება ენა, რომ ის ყველა ნიშნით აკმაყოფილებდეს ერთი რომელიმე ტიპის მოთხოვნას. ენათა უმეტესობას შუალედური მდგომარეობა უკავია ტიპოლოგიური დაყოფის შკალზე. მაგალითად, ოკეანიის ენები ამორფულ-აგლუტინაციურია. ქართული აგლუტინაციური ენაა, მაგრამ ფლექსიური ენის ნიშნებიც საკმაოდ მოეპოვება.
ყველაზე ხშირად მიმართავენ ენათა დაჯგუფებას წარმომავლობის, ანუ ნათესაური ურთიერთობის მიხედვით. ამგვარ დაჯგუფებას გენეტიკური (გენეზისური) კლასიფიკაცია ეწოდება. მისი ამოსავალია დებულება, რომ მონათესავე ენები ერთი საერთო ენიდან (ფუძე-ენიდან) არის წარმოშობილი, ისინი ოდესღაც ერთი ენის დიალექტები იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ისე დაშორდა ერთმანეთს, რომ ცალ-ცალკე ენებად იქცა. შემდგომში, ამ ერთმანეთისაგან დაშორებულმა ენებმა, ხელახალი დიფერენციაციის გზით, კიდევ წარმოქმნა ახალი ენები და დიალექტები, რის შედეგადაც თითოეულ ოჯახში გამოიყოფა ერთმანეთთან უფრო ახლოს მდგომი ენათა ჯგუფები.
ენათა ოჯახებს შორის, ყველაზე დიდია ინდოევროპულ ენათა ოჯახი, რომელიც მოიცავს მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ ისეთ ენებს, როგორიცაა, ინდური ენები (ჰინდი, ურდუ, ბენგალური, პენჯაბური, მარათხი…), ირანული ენები (სპარსული, ტაჯიკური, ქურთული, ოსური…), სლავური ენები (რუსული, უკრაინული, ბელორუსული, პოლონური, ჩეხური, სლოვაკური, ბულგარული, სერბული…), ბალტიური ენები (ლიტვური, ლატვიური…), გერმანიკული ენები (გერმანული, ინგლისური, ჰოლანდიური, დანიური, შვედური, ნორვეგიული, ისლანდიური…), რომანული ენები (ფრანგული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, რუმინული, მოლდავური…) და სხვა.
მონათესავე ენათა მეორე დიდი ოჯახია სემიტურ-ქამიტურ ენათა ოჯახი, რომლიდანაც ამჟამად, მთელ მსოფლიოში, ფართოდ არის გავრცელებული არაბული ენა. ამავე ოჯახს ეკუთვნის ასურული, კოპტური, ბერბერული, ქეშიტური, ჩადური ენები. აქვე უნდა დავასახელოთ დიდად კულტურული, მაგრამ ამჟამად უკვე მკვდარი ენები: ძველი ეგვიპტური, აქადური, არამეული და სხვა.
მესამე ოჯახი ცნობილია ალთაურ (თურქულ-თათრულ) ენათა სახელით. მასში შედის საკუთვრივ თურქული (ანატოლიური თურქული), აზერბაიჯანული, თათრული, თურქმენული, უზბეკური, ყაზახური, ყირგიზული, ბალყარული, ყარაჩაული, ბაშკირული, ჩუვაშური და სხვა ენები.
კავკასიის შედარებით მცირე ტერიტორიაზე გავერცელებულ ენთა რიცხვი 50-მდე აღწევს. ამათგან, დაახლოებით, ერთ მეხუთედს შეადგენენ ენები, რომლებსაც უშუალო ნათესაური კავშირი აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში გავრცელებულ ენებთან და რომლებიც კავკასიის რეგიონში შედარებით გვიან არის მოხვედრილი. დანარჩენი 40-მდე ენა მხოლოდ კავკასიაშია გავრცელებული და გენეალოგიურადაც დაკავშირებულია ერთმანეთთან. ისინი შეადგენენ ცალკე ენათა ოჯახს, რომელიც ცნობილია იბერიულ-კავკასიურ ენათა სახელით.
იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში გამოიყოფა ოთხი ჯგუფი: ქართველური(იბერიული), აფხაზურ-ადიღური, ნახური და დაღესტნური.
ქართველური ენებია: ქართული, მეგრულ-ლაზური (ზანური) და სვანური.
აფხაზურ-ადიღურ ენათა ჯგუფში შედის: აფხაზური, აბაზური, ადიღეური (ჩერქეზული), ყაბარდოული და უბიხური.
ნახური ენებია: ჩაჩნური, ინგუშური და ბაცბური.
ყველაზე მრავალრიცხოვანია დაღესტნური ენები, რომლებიც ორ ქვეჯგუფად იყოფა: ხუნძურ-ანდიურ-დიდოური და ლეზგიური. მათ შორის გარდამავალ (ცენტრალურ) ზონას ქმნის კიდევ ორი ენა – დარგული და ლაკური.
ლუკა კვეტენაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლა