23 ნოემბერი, შაბათი, 2024

„დიდოსტატის მარჯვენა“ და თანამედროვეობა

spot_img

კონსტანტინე გამსახურდიას ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია „დიდოსტატის მარჯვენა“. მასში წამოჭრილია მე-11 საუკუნის საქართველოს ისეთი სოციალურ-კულტურული თუ პოლიტიკური პრობლემები, რომლებიც ნებისმიერ ეპოქაში აქტუალური და თანამედროვეა.

რომანის სიუჟეტი გიორგი პირველის მეფობის დროს ვითარდება, მაშინ, როცა მეფეს ერთდროულად უწევს გარეშე და შიდა მტერთან ბრძოლა. ერისთავები, რომლებიც დიდ ძალაუფლებას ფლობენ, შეფარულად თუ აშკარად, უპირისპირდებიან მეფეს. საქართველო ბიზანტიის გავლენის ქვეშაა მოქცეული. გიორგი ცდილობს, ქვეყანა გაათავისუფლოს უდიდესი ვეშაპისგან, ბასილი კეისრისგან, რომელსაც არა ერთხელ შებმია და დაუმარცხებია. „ბასილი კეისარს ეს უნდოდა: ერთმორწმუნე საქართველოც სომხეთის დარად გადასანსლოს როგორმე. სანამდის პირში სული მიდგას, ვერ მოესწრება ამ დღეს ძაღლთაპირი ბასილი კეისარი“. მეფე ბერძნულადაც კი არასდროს საუბრობდა სასახლეში, პროტესტის ნიშნად. მიუხედავად ამხელა წინააღმდეგობისა, გიორგისაც ბავშვობა ბიზანტიონში ჰქონდა გატარებული, ისიც განიცდიდა კეისრის გავლენას. მან მოაკვლევინა ჭიაბერი და, მისივე ბრძანებით, დასთხარეს კვეტარის ერისთავს თვალები. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებამოყვარულ ერისთავთა წისქვილზე ასხამდა წყალს. გიორგი პირველი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის იბრძვის. მაგრამ „როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას.“

არ შეიძლება ასევე პარალელი არ გავავლოთ ნაწარმოების დაწერის დროსა და თავად მასში წარმოჩენილი ეპოქის თავისებურებებს შორის. „დიდოსტატის მარჯვენა“ შეიძლება განვიხილოთ როგორც პროტესტი საბჭოთა რეჟიმის მიმართ. მაშინაც უჭირდა ქვეყანას, შეექმნა ერთიანი ეროვნული სული, რომელიც შეძლებდა მტერზე გამარჯვებასა და დამოუკიდებლობის მოპოვებას. ამის ნაცვლად კი „ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა“. აღსანიშნავია ასევე რწმენის საკითხიც. ალბათ ძალიან ცოტაა ისეთი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როცა მთელი ერი ერთი საერთო მიზნისთვის, სარწმუნოების დაცვისთვის გაერთიანებულა. სულ მუდამ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებისკენ მიილტვოდნენ. მუდამ გვქონდა პატრიოტული ჟინი, თეორიულად ზუსტად ვიცოდით, როგორ უნდა აგვეყვავებინა საქართველო, თუმცა ყოველი სიტყვა „ქეიფის დროს დანაქადებს“ ჰგავდა, რომელიც გამოფხიზლებულს აღარ ახსოვთ ხოლმე. ჩვენს საკუთარს ვერ ვამჩნევთ, რომელიც ბევრად სჯობია იმ უცხოს, გამუდმების თვალი რომ გაგვირბის. საკუთარის დაფასება არ ვიცით და „სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს. ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი“. კიდევ ერთი უბედურება, რაც გამუდმებით გვჭირდა ქართველ ერს და რომლის გამხელასაც არ მორიდებია კონსტანტინე გამსახურდია: „მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც ძერას ყვავები“. ამ ყველაფერს ავტორი გიორგი მეფის სიკვდილის წინა აღსარებაში ატევს.

სამწუხაროდ, ეს სოციალურ-ეთიკური პრობლემები არც მეთერთმეტე საუკუნეში დარჩენილა და არც საბჭოთა რეჟიმს გაჰყოლია. ბევრჯერ გვქონია ისეთი კრიზისი, რომ ერის გადარჩენის საკითხიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ მდგარა. ქვეყანას არაფერი ისე არასდროს არ აზიანებდა, როგორც შინაური ომები. ჩვენი ეგოისტური ბუნების გამო იყო, რომ ვერ ვიტანდით ვერასდროს რაიმეს ახალს, კარგსა და განსხვავებულს, სწორედ ამიტომ ჩავქოლავდით, მარიტას მსგავსად, ტალახს მოვსცხებდით წმინდას და ბოლოს ბედნიერები განვაგრძობდით არსებობას შეჩვეულ უბედურებაში.

კონსტანტინე გამსახურდიამ შეძლო და ყველა ეს უბედურება საკუთარი კალმით გამოიტანა სინათლეზე. მან მეოცე საუკუნეში შექმნა ნაწარმოები, რომელიც გაკვალული გზა აღმოჩნდა მომავალი თაობებისთვის.

ნინო წიგნაძე
ჭიათურის 1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები