21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

დედა როგორც პერსონაჟი – („ალუდა ქეთელაური“, „ბახტრიონი“, „სტუმარ-მასპინძელი“)

spot_img

ვაჟა-ფშაველას პოემების პერსონაჟები, გარკვეულწილად ქმნიან მაგალითს საზოგადოებისთვის. ისინი სამყაროს ერთიანობისთვის საჭირო სხვადასხვა იდეის მატარებელნი არიან. ვაჟას შემოქმედებაში დედა, როგორც პერსონაჟი, დიდი ტრაგიზმისა და სულიერი სიმძიმის მატარებელია.

შვილის დაკარგვით, თუ ბედზე დარდით გამოწვეულ,  დედების სიმძიმეს ვაჟა განსხვავებულად აღიქვამს და წარმოგვიჩენს. „ალუდა ქეთელაური“ ერთ-ერთია იმ პოემათაგან სადაც დედისა და შვილის სულიერი კავშირის მნიშვნელობა ხაზგასმით ჩნდება.

თემისგან უარყოფილი ალუდა იძულებული ხდება ოჯახთან ერთად დატოვოს მამაპაპური სახლ-კარი. ეს ყველაფერი მისთვის რთული აღსაქმელია, მითუმეტეს ურთულესი მეტამორფოზის ფონზე. იგი ძალიან განიცდის თემის ამგვარად დატოვებას, თუმცა შიაგანი ღირებულებები ამ ტკივილზე მაღლა დგას. აქედან გამომდინარე იჩენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას საზოგადოების (თემის) მიმართ და გრძნობებს არ ამჟღავნებს.

დედას კარგად ესმის თუ რას განიცდის შვილი და ორმაგად სტკივა საკუთარი და ალუდას ტკივილი. ალუდასგან განსხვავებით, ასეთ სიტუაციაში იგი ემოციებს ვერ მართავს.

„ თავის მიწა-წყლის გაწირვა

ძნელი ყოფილა მეტადა;

მამაკვდავს დავფერებივარ,

გონი გამხდია რეტადა.

მუხლებ არ მამდევს, გულშია

ბნელი ჩამიდგა სვეტადა.

ვაჰ, მამა-პაპის საფლავნო,

კლდენო, დამდგარნო მწვეტადა!“

მოცემულ მონაკვეთშიც ნათელია თუ რას განიცდის დედა, როდესაც შვილის ასეთ მდგომარეობას ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ ალუდა არ იმჩნევს, დედამისი გრძნობს შვილის სულიერ სიმძიმეს. თუ კარგად დავაკვირდებით მონაკვეთს სადაც დედა აღწერს საკუთარ მდგომარეობას, მასში ალუდას გრძნობებსაც დავინახავთ.

ალუდა ქეთელაურის დედისგან განსხვავებით უფრო მძიმეა „ბახტრიონის“ ეპიზოდური პერსონაჟის,  წიწოლას დედის ტკივილი. იგი ომში გაშვებული შვილის სისუსტესა და მისი ლაჩრული სიკვდილით გამოწვეულ უმძიმეს სევდას ატარებს.

„ნეტავ არც შვილი მყოლიყო,

არც გავჩენიყავ დედასა,

თუ ამას შავესწრებოდი,

ამდენ სირცხვილის კრეფასა!

შვილო, სირცხვილი მაჭმიე,

ძუძუ დასწყევლე დედისა!“

ნათელია რომ დედა შვილის სიკვდილზე მეტად მისი სიმხდალით არის შეწუხებული. ალბათ ასე იმიტომაა რომ ომში გაშვებული შვილის მოსალოდნელი სიკვდილი მისთვის ბუნებრივია. იგი ფსიქოლოგიურად მზადაა, მეტიც იმის მოლოდინშია, რომ მისი ვაჟკაცი სამშობლოსთვის სიცოცხლეს გაწირავს. დედის დიდ ტკივილად კი იმედგაცრუებაა ქცეული. ვაჭკაცმა, რომელიც მან ქვეყნის საკეთილოდ აღზარდა, სიმხდალე გამოიჩინა.

„რად არ იქ მაჰკვდი, ბეჩავო,

რად ხარ ყელ-საბელიანი?!

რად არ მამიხვედ, წიწოლავ,

პირნათლი, სახელიანი?!“

„ბახტრიონის“ ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია სანათა, დედა, რომელმაც შვიდი ქართველი ვაჟკაცი აღზარდა და სამშობლოს შესწირა. სხვა პერსონაჟი დედებისგან განსხვავებით, ყველაფრის მიუხედავად სანათა არ კარგავს სიცოცხლისუნარიანობას. იგი უფალსაა მინდობილი, მისი იმედით მოქმედებს და ცოცხლობს. თუმცა გადატანილი ტკივილი ფიზიკურად და სულიერად ემჩნევა.

განსხვავებულია „სტუმარ-მასპინძლის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ზვიადაურის დედის სევდა. ვაჟკაცი შვილის მტრის ხელში ჩავარდნა და შეუფერებელი სიკვდილი დედას კიდევ უფრო ამძიმებს. იგი შესაძლებელია იაზრებს ზვიადაურის დანაშაულს, მაგრამ დედობრივი ინსტინქტი მასში მეტ მწუხარებას იწვევს.

„ბედკრული რად ვარ ცოცხალი?

მეც მიწას მიმაბარეთა;

მკლავნი მაჩვენეთ შვილისა,

მოიტათ, ჩამაბარეთა!

ჩემის შვილისა მარჯვენით

გულს მიწა მომაყარეთა;

ვაჰმე, რადა ვარ ცოცხალი?

რისთვის-ღა ვსთელავ არეთა?!“

დედა შვილის (ზვიადაურის) გარეშე სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებს.  მისი ერთადერთი სურვილია შვილის მარჯვენა ჩაიკრას გულში და ისე დატოვოს ხორციელი ცხოვრება. იგი სიცოცხლის აზრს კარგავს და ამ დიდი ტკივილისგან განთავისუფლების ერთადერთ გზას სიკვილში ხედავს.

დედა, როგორც პერსონაჟი ვაჟას ნაწარმოებებში დიდი ტრაგიზმის მატარებელია. მათი მსგავს პერსონაჟებათ ჩამოყალიბება კი ცხოვრებისეული სიმძიმეების ფონზე ხდება.

მარიამ ჩაჩანიძესსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ხიდრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები