5 მაისი, კვირა, 2024

დაწყებით საფეხურზე სამეტყველო უნარების განვითარება აუდიო მასალის გამოყენებით

spot_img

ნანა ფილფანი

მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი

 

 

უცხო ენების, კერძოდ ინგლისური ენის, დაწყებით საფეხურზე სწავლების პროცესში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიას წარმოადგენს აუდიომასალის გამოყენება, ილუსტრირებულ ტექსტზე დაკვირვების პარალელურად.

მოსწავლეები საოცარი ხალისით და ინტერესით უსმენენ მათთვის საყვარელი პერსონაჟების მინი-დიალოგებს, ლექსებს, სიმღერებს, რაც ავტომატურად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, აღვიძებს მათში სხვადასხვა ტიპის ასოციაციებს და ხელს უწყობს მოსმენილი ტექსტის მარტივად აღქმას.

თანამედროვე უცხოური ენის სახელმძღვანელოები გვთავაზობს ძალიან მრავალფეროვან, ბავშვებისთვის საინტერესოდ და სახალისოდ დასურათებულ ტექსტებს, რასაც თან ახლავს შესაბამისი მოსმენის დავალებები, რომელთა შესრულება მოსწავლეებში ააქტიურებს და ავითარებს ფანტაზიისა და აბსტრაქტულად აზროვნების უნარებს. ბავშვები, მიბაძვის შედეგად, სწორად იყენებენ როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური კომუნიკაციის საშუალებებს, როგორიც არის: მიმიკა, ჟესტიკულაცია, მახვილი, პაუზა, ასევე ინტონაცია, რაც, საბოლოოდ  მათ სამეტყველო უნარ-ჩვევებში ვლინდება.

პატარებს განსაკუთრებით მოსწონთ, როდესაც თავად ქმნიან სხვადასხვა კომიქსებისა თუ ზღაპრების პერსონაჟებს, აკეთებენ ანიმაციებს და, როლური თამაშის პროცესში, აქტიურად ირგებენ კონკრეტული პერსონაჟების ხასიათს, თავად იაზრებენ ერთმანეთის სათქმელს და თავდაჯერებულად იყენებენ ნასწავლ ლექსიკურ და გრამატიკულ სტრუქტურებს.

აუდიომასალის სისტემატური მოსმენის შედეგად, ვითარდება მოსმენის, ფანტაზიის, სამეტყველო და შემოქმედებითი უნარები, რასაც მოსწავლეები მიჰყავს აბსტრაქტულ აზროვნებამდე. ასეთი ტიპის დავალება ხელს უწყობს მათში სამივე კატეგორიის: დეკლარატიული, პროცედურული და პირობისეული ცოდნით აღჭურვას. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსმენილი რესურსის ფარგლებში, მათ იციან ლექსიკური ერთეულები, მარტივი ფრაზები, ავარჯიშებენ და ხვეწენ ბგერებსა და ჟღერადობას, აზროვნებენ შემოქმედებითად და ნასწავლ მასალას სხვადასხვა სიტუაციებში იყენებენ.

დაწყებით კლასებში ხშირად ვიყენებ სიმღერებით სწავლების სტრატეგიას. ამ მეთოდით, წარმოუდგენლად მოკლე დროში, ახერხებენ ისინი მათთვის უცნობი ლექსიკის დასწავლასა და დამახსოვრებას.რაც მთავარია ინტენსიური მუშაობის შედეგად მათი სამეტყველო აპარატი ზუსტად ირგებს ინგლისური ენის პეციფიკურ მახასიათებლებს.

ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ თანამედროვე სწავლა სწავლების პროცესში პოზიტიური გარემოს მნიშვნელობაზე, რომელიც უპირობოდ აუცილებელია გაკვეთილზე ნებიმიერი აქტივობის წარმატებით განხორციელებისათვის, ვინაიდან ხშირად მოსწავლეთა ძალისხმევა ვერ უმკლავდება რთულ მასალას და სწავლაც მომაბეზრებელ აქტივობად გარდაიქმნება ხოლმე. მაგ.: თუ ჩვენ პირველ კლასში, მოსმენის აქტივობის გარეშე, მივაწვდით ინგლისური ენის ანბანს და ვამუშავებთ სიტყვების წერაზე, ეს მათთვის, უბრალოდ, ვერ იქნება სახალისო, პირიქით, ამან შეიძლება საერთოდ დათრგუნოს მოსწავლეები და ჩაახშოს მათში არსებული უნარები.

თანამედროვე სივრცეში პატარებს მარტივად მიუწვდებათ ხელი მრავალფეროვან აუდიო და ვიდეომასალაზე, თუმცა არასწორად მიწოდებულმა და აღქმულმა ენობრივმა საშუალებებმა შესაძლებელია დაამახინჯოს მათი სამეტყველო აპარატი. ჩვენი ვალდებულებაა, მივცეთ მათ მოტივაცია, გამოვიყენოთ სწორი მეთოდური ორიენტირები და სტრატეგიები, მივყვეთ თანამედროვე სტანდარტებს, მხარი დავუჭიროთ მათ განსაკუთრებით სწავლების დაწყებით საფეხურზე, მუდმივად ვაკონტროლოთ მათი საინფორმაციო სივრცე და დავუფასოთ მცირედი ძალისხმევაც კი. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი გაკვეთილი არა ლექციური ტიპის, არამედ ინტერაქციული და მრავალფეროვანი იყოს. ბავშვებს მაქსიმალურად მივცეთ შესაძლებლობა, საკუთარი ინიციატივებითა და აქტიურობით, მივიდნენ სასურველ შედეგამდე.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები