19 მაისი, კვირა, 2024

დასრულდა ევროპის მე-7 ახალგაზრდულ ოლიმპიადა ინფორმატიკაში

spot_img

საქართველომ ინფორმატიკაში ევროპის მე-7 ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლა. ღონისძიება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. ოლიმპიადაში მსოფლიოს 24 ქვეყნის 25 გუნდი მონაწილეობდა, ჯამში – 100-მდე კონკურსანტი.

ინფორმატიკაში ევროპის მე-7 ახალგაზრდული ოლიმპიადის (EJOI 2023) გამარჯვებულ კონკურსანტებს მიღწეული წარმატება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მიულოცა და ოქროს მედლები პირადად გადასცა.

გიორგი ამილახვარი: მოხარული ვარ, რომ ქუთაისში გამართულმა ოლიმპიადამ, ქართველებთან ერთად, კიდევ 24 ქვეყნის წარმომადგენელი გააერთიანა. ეს მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, კიდევ ერთი ხაზგასმაა იმის, რომ საქართველო, მათ შორის, ქუთაისი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ჰაბად ყალიბდება.

დღეს აქ ნიჭისა და ტალანტის ზეიმია და კარგია, რომ ეს ყველაფერი სწორედ ჩვენს ქვეყანაში ხდება. საქართველო, ყოველთვის იყო და იქნება ცოდნის კერა და წარმატებული იდეების განხორციელების ადგილი. ჩვენი სახელმწიფო და სამინისტრო ამას ყოველთვის დაუჭერს მხარს.

მადლობა ოლიმპიადის ორგანიზატორებსქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, სამეცნიერო და ტექნიკური კომიტეტების ხელმძღვანელებს და ყველას, ვინც ამ მასშტაბური ტურნირის საქართველოში ჩატარება უზრუნველყო. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გიდებს, რომლებმაც უანგაროდ იმუშავეს, მასწავლებლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ სფეროს განვითარების საქმეში და არაერთი წარმატებული ოლიმპიელის აღზრდაშიმსგავსი ტიპის ღონისძიების გამართვა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ძალიან მეამაყება, რომ ამ ყველაფერს თავი წარმატებით გავართვით და ოლიმპიადა ხარვეზების გარეშე ჩავატარეთ

რაც შეეხება ყველაზე მთავარ გმირებს, მონაწილეებს და გამარჯვებულებს, მინდა მათ ვუთხრა, თქვენზე დგას თანამედროვე მსოფლიოს მომავალი და თქვენს ხელშია იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად მსოფლიოს წინაშე დგას. ის შემართება, რამაც დღეს აქ მოგიყვანათ, ძალიან მნიშვნელოვანია. ოლიმპიადაში მონაწილეობა უკვე უდიდესი მიღწევაა. გამარჯვებულ მოსწავლეებს მთელი გულით გილოცავთ მიღწეულ წარმატებას, დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო აქტიურად გააგრძელებთ ცოდნის გაღრმავებას და თქვენი ნიჭითა და შესაძლებლობებით ცხოვრებაში კიდევ არაერთ გამარჯვებას მოიპოვებთ.

მჯერა, თითოეული მონაწილე განსაკუთრებულ როლს შეიტანთ როგორც საქართველოს, ასევე, თქვენი ქვეყნების განვითარებაში. ჩვენი მთავრობა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა ახალგაზრდებს, როგორც ქართველებს ისე უცხოელებს, კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ.“

ოლიმპიადის აბსოლუტური ჩემპიონი ბულგარელი მოსწავლე ანდრეი სტეფანოვი გახდა, რომელსაც საპატიო ჯილდო მინისტრმა, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ვესელინ ვალკანოვთან ერთად, გადასცა.

გამარჯვებული მოსწავლეები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში 2023“-ის პრეზიდენტი გიორგი მანდარია, ოლიმპიადის სამეცნიერო და ტექნიკური კომიტეტების ხელმძღვანელები – გიორგი ლეკვეიშვილი და ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი.

ოლიმპიადის მიზანია, ხელი შეუწყოს STEM მიმართულების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით გამოავლინოს წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლეები.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში (EJOI) ერთ-ერთი პრესტიჟული და წარმატებული ტურნირია, რომელიც 7 წლის წინ დაფუძნდა. დაარსების დღიდან, ტურნირის ფარგლებში, მსოფლიო მასშტაბით, არაერთი ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა გამოვლინდა. სხვადასხვა დროს EJOI-ის ოლიმპიადაში ქართველმა ახალგაზრდებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. EJOI-ის პირველი ოქროს მედლის მფლობელი და აბსოლუტური ჩემპიონი სწორედ ქართველი მოსწავლე – ნიკოლოზ ბირკაძეა.

EJOI ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება.  16 წლამდე ნიჭიერ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ, ერთმანეთს შეეჯიბრონთავიანთი შესაძლებლობები გამოცადონ საინტერესო და რთული ამოცანების ამოხსნის გზით და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღონ. პირველი ოლიმპიადა 2017 წელს, სოფიაში ჩატარდა. EJOI დაფუძნდა ბულგარეთის პრეზიდენტის, ევროკომისრებისა (განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის, ასევე ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების მიმართულებებით) და ევროპარლამენტის მხარდაჭერით. პანდემიის პერიოდში ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში იმართებოდა. საქართველომ EJOI- 2020 წელს დისტანციურ ფორმატში უმასპინძლა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები