პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმის ეფექტურად წარმართვისათვის სისტემის ახალი ორგანიზაცია – პროფესიული უნარების სააგენტო შეიქმნა, რომელმაც აქტიური საქმიანობა გასული წლის მარტიდან დაიწყო. სააგენტოს შექმნის აუცილებლობის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ გვესაუბრება მისი ხელმძღვანელი, თამარ ქიტიაშვილი
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პროფესიული უნარების სააგენტო არ არის მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ფინანსური წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია, ის კერძო-საჯარო პარტნიორობით დაფუძნებული ორგანიზაციაა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში. სახელმწიფოს მხრიდან დამფუძნებელია განათლების სამინისტრო და სამრეწველო სავაჭრო პალატა, თანადამფუძნებლები (მმართველები) 6 მსხვილი ბიზნეს გაერთიანებაა – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, ევროპული ბიზნეს გაერთიანება, ამერიკული საბჭოები… სააგენტოს შექმნის მთავარი იდეაც ეს არის – პროფესიულ განათლებაში დარგობრივი პოლიტიკის განვითარება და, ამ მიზნით, კერძო სექტორისა და დარგობრივი ორგანიზაციების რესურსების კონსოლიდაცია. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა პროფესიული კვალიფიკაციების შექმნა-განვითარების პროცესების კოორდინაცია. ამ მიზნით კი, შეიქმნა დარგობრივი უნარების ორგანიზაცია (დუო), რომლის როლსა და დანიშნულებაზე მინდა შევჩერდე, რადგან თუ სააგენტოს საქმიანობას, პირობითად, რამდენიმე მიმართულებად დავყოფთ, მაშინ დუო პირველ მიმართულებად უნდა მივიჩნიოთ, მისი როლისა და ფუნქციის გათვალისწინებით, ეს არის კვალიფიკაციების შექმნა-განვითარება. აქამდე ეს ფუნქცია, დროებით, შეთავსებული ჰქონდა ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რადგან სისტემაში სხვა, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული არ არსებობდა. სხვათა შორის საერთაშორისო ორგანიზაციები, ამის გამო, შენიშვნასაც გვაძლევდნენ, რადგან ინტერესთა კონფლიქტი იყო. ამ კვალიფიკაციების შექმნის პროცესში ხარისხის განვითარების ცენტრი ქმნიდა დარგობრივ საბჭოებს, რაც არ იყო მუდმივმოქმედი ორგანო. ისინი განიხილავდნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებას, რომელსაც ამტკიცებდა ცენტრი. ეს მიდგომა თვისებრივად შეიცვალა ახლა, როცა შევქმენით სრულიად დამოუკიდებელი მუდმივმოქმედი დარგობრივი უნარების ორგანიზაციები, რომლებიც თავად ქმნიან სტანდარტებს, სადაც გამოკვეთილია კონკრეტული დარგის ინტერესი. სააგენტოს როლი მეთოდოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენაა, დანარჩენი დუო-ს პასუხისმგებლობაა, სტანდარტსაც თავად ამტკიცებენ და, შესაბამისად, ახლად შექმნილ კვალიფიკაციაზე პასუხისმგებლები თავად არიან.
რაც შეეხება მეთოდოლოგიურ დახმარებას, ამ მხრივ, სააგენტომ ძალიან სერიოზული სამუშაო გასწია, ვგულისხმობ დარგობრივი რუკების შედგენას მთელი დარგის მასშტაბით, თუ რა კვალიფიკაციები შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში. მაგალითად, მშენებლობის რუკა რომ გაკეთდა, მთლიანად დავინახეთ როგორ მიმდინარეობს პროცესები, რა ფუნქცია-მოვალეობებთან გვაქვს საქმე. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს სექტორი ფიქრს რა კვალიფიკაციებად გააერთიანოს ეს მოვალეობები. და არა ისე, როცა ჯერ ცალკეული სტანდარტი კეთდებოდეა და მერე დანარჩენი… ახალი მეთოდოლოგია სურათის კომპლექსურად დანახვის, დარგში მიმდინარე პროცესების გაანალიზების შესაძლებლობას გვაძლევს, რასაც ვშლით მოვალეობებად და, შემდგომში, ამ მოვალეობებიდან იწყობა სტანდარტი. ეს მიდგომა ხელსაყრელია კერძო სექტორისთვისაც, რომელსაც გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობისა თუ ვიწრო სპეციალობებთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები ამუშავდა, ბიზნესის მოთხოვნების სწრაფად დაკმაყოფილების შესაძლებლობაც გაჩნდა. ამიტომ დღის წესრიგში დადგა სადიპლომო პროგრამების მოწესრიგება – ისინი უნდა გახდეს უფრო ფართო და საფუძვლიანი. საკვალიფიკაციო პროგრამებზე სწავლა არ იქნება 2 წელზე ნაკლები, სამაგიეროდ, კურსდამთავრებულს ფართო სპექტრით დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. საერთაშორისო ტენდენციაც ასეთია – პროფესიების გამსხვილება და კვალიფიკაციების მოქნილობა. ჩვენ შემთხვევაში, ეს მოდულური პროგრამებია, რომელთა განხორციელებაც უშუალოდ კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. სხვათა შორის, დარგობრივი უნარების ორგანიზაციას აქაც დიდი როლი აკისრია – მედიატორის როლის შესრულება საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კერძო სექტორს შორის. ეს არის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა. დუო თავად იღებს პასუხისმგებლობას ამა თუ იმ საწარმოზე, რომ აქ პროფესიული სტუდენტისთვის ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მან მაღალი სტანდარტის კვალიფიკაცია მიიღოს უსაფრთხო გარემოში, მისთვის ხელმისაწვდომია ყველა საჭირო სერვისი და დაკმაყოფილებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა (დუალურ პროგრამებზე სწავლის განმასხვავებელი უპირატესობა ხომ ორმაგი ხელშეკრულებაა – სტუდენტსა და კოლეჯს და სტუდენტსა და საწარმოს შორის შრომითი ხელშეკრულება დასაქმების გარანტიით). დუო-ს მოვალეობაა სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაც – ეს არის უფლება, რომ საწარმო, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღებს დუალური საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს. გარდა ამისა, ბიზნესი ჩაერთვება, ასევე, საბოლოო საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებასა და განხორციელებაში, რაც პროცესს უფრო საქმიანს გახდის. სასწავლო დაწესებულებამ იმთავითვე იცის, რომ სტუდენტს მხოლოდ თვითონ კი არ შეაფასებს საკვალიფიკაციო გამოცდაზე, არამედ ყველაზე მეტად დაინტერესებული მხარეც ბიზნესი, რაც დამატებითი გამოწვევაა კოლეჯისთვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით.
მეორე, ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საგანმანათლებლო დაწესებულებების გაძლიერება, რასაც სააგენტოში შექმნილი ინსტიტუციური გაძლიერების გუნდი უზრუნველყოფს. აქ მთავარი გარდამტეხი ფაქტორი იქნება კოლეჯების ავტონომიურობის გაზრდა, დეცენტრალიზაცია. კოლეჯი ხომ მონოპროფილური საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის, როგორც, მაგალითად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა. გარდა იმისა, რომ საგანმანათლებლო სერვისს აწვდის სტუდენტს, ფლობს, ზოგ შემთხვევაში, დიდ მეურნეობასაც, რომელსაც განსხვავებული მართვის მოდელი სჭირდება, მით უმეტეს, რომ მთავრობის დადგენილებით კოლეჯებს თავიანთი მეურნეობიდან მიღებული პროდუქციის რეალიზების უფლება მიეცათ. ეს უკვე სხვა ტიპის აზროვნებას მოითხოვს კოლეჯის ხელმძღვანელობისაგან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ინდივიდუალურად დავეხმაროთ მათ მართვის მოდელების, შიდა მოწყობის, სწორად ოპერირების დახვეწასა და სტრატეგიულ განვითარებაში.
კოლეჯის გაძლიერებაზე როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, პროფესიული მასწავლებლის განვითარების მხარდაჭერასაც ვგულისხმობთ, რაც სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც მასწავლებელთა სახლი გვთავაზობდა. ეს იყო კოლეჯის საერთო განვითარების კონტექსტიდან ცალკე მიმდინარე პროცესი, მაგალითად, ტრენინგები, რაც არ შეიძლებოდა ყოფილიყო ეფექტური. ახალი კონცეფცია, რომელსაც სააგენტო გეგმავს, კოლეჯის ჰოლისტური და ადამიანური რესურსების განვითარებას უკავშირდება, რაც აუცილებლად კოლეჯის წიაღში უნდა დაიგეგმოს. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ერთიანი ჩარჩო, რა თქმა უნდა, იქნება იმიტომ, რომ ეს რეგულირებული პროფესიაა, მაგრამ არ გვექნება გრადაციები პოზიციებს შორის ისეთი ფორმით, როგორც ეს ზოგად განათლებაშია. აღწერილი იქნება განვითარების შესაძლებლობები, მაგრამ ეს არ არის ის გზა, რაც შეიძლება აისახოს, მაგალითად, სახელფასო პოლიტიკაზე. მისი განსაზღვრა მთლიანად კოლეჯის პასუხისმგებლობა იქნება. პროფგანათლების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით, კოლეჯს შეუძლია დიფერენცირებულად განსაზღვროს მასწავლებლის ანაზღაურება, მისი როლიდან გამომდინარე. თუ რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამა წარმატებულია, აქვს დასაქმების მაღალი მაჩვენებელი, სტუდენტების გადინება დაბალია და ყოველწლიურად იზრდება მასზე მოთხოვნა დამსაქმებლის მხრიდან, მსურველთა რაოდენობაც მზარდია, მაშინ ამ პროგრამის მასწავლებელი მაღალ აღიარებას იმსახურებს. პროფესიულ განათლებაში ბევრი ფაქტორია, რამაც პედაგოგის აღიარება უნდა განსაზღვროს, ვიდრე, მაგალითად, სამუშაო სტაჟი. აქ უფრო მნიშვნელოვნია, როგორ ახერხებს მასწავლებელი ბიზნესთან რეალურ თანამშრომლობას. კოლეჯმა უნდა შეაფასოს ყველა ეს კომპონენტი და ისე განსაზღვროს ანაზღაურების საკითხი. თუმცა, რა თქმა უნდა, საბაზისო ხელფასი იქნება და ის ყოველწლიურად გაიზრდება, მაგრამ, ამის მიღმა, კოლეჯი დამოუკიდებლად განსაზღვრავს დანამატის შესაძლებლობას. როგორც ხედავთ, კოლეჯს ბევრ ისეთ საკითხზე მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, რაც აქამდე ცენტრალიზებულად ხდებოდა. სააგენტოს ვალია, ისე გაძლიერდნენ კოლეჯები, რომ მომზადებული შეხვდნენ ამ მოდელის ამოქმედებას. გაძლიერება კი, პირველ რიგში, გულისხმობს დაგეგმარების კულტურის დახვეწას, პროგრამების სწორად დაგეგმვას, ბაზრის სწორად მოკვლევას, ავტორიზაციის პროცესის სწორად წარმართვას… ყველა ამ კომპონენტის სრულყოფაში სააგენტო მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას გაუწევს თითოეულ კოლეჯს.
ინკლუზიური განვითარების ბლოკი იმ კუთხითაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სააგენტოსთვის, რომ აქ ბევრი რამაა შესაცვლელი. ჩვენ ინკლუზიურ განათლებას კი არ ვნერგავთ შშმ პირებისთვის, არამედ მთლიანად პროფესიული განათლება უნდა იყოს ინკლუზიური. ყველა სიახლე, რაც დაინერგება, ნებისმიერი ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი და მათ საჭიროებაზე მორგებული უნდა იყოს. არსებობს სპეციალური ჩამონათვალი იმ დამატებითი საჭიროების მქონე ადამიანებისა, რომლებზეც უნდა გავაკეთოთ სწორება. კვლევებით ვიცით, რასაც ახლა ვაწვდით, დაბალეფექტიანია. მაგალითად, ძალიან მოუქნელია სახელმწიფო ენის შესწავლის მეთოდი, რის გამოც ან თავს იკავებენ ახალგაზრდები, გახდნენ პროფესიული სტუდენტები ან იწყებენ სწავლას და შემდეგ თავს ანებებენ. ახალი მოდელი, რომელიც განათლების სამინისტროს წარვუდგინეთ, ძირეულად განსხვავებულია. კერძოდ, არ არის აუცილებელი, პირმა რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩააბაროს, რომ ქართული ენა შეისწავლოს, მას შეუძლია პირდაპირ სახელმწიფო ენის შემსწავლელ პროგრამაზე შემოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა, უპირველესად, მომავალი პროფესიული სტუდენტებისთვისაა, ეს არ ზღუდავს არც მათ მშობლებს და არც ერთ მსურველს. დამეთანხმებით, ეს მიდგომა ბევრად ხელმისაწვდომს ხდის და აფართოებს ენის შესწავლის მსურველთა არეალს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროგრამის განხორციელების უფლება მხოლოდ ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ექნებათ. ამ უფლების მოსაპოვებლად კი გარკვეული პროცედურებია გასავლელი, რაც, ასევე, დამუშავებულია მსურველი კოლეჯებისთვის.
ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით არ გვიმუშავია. შევქმენით ძალიან ჰოლისტური კონცეფცია, როგორ შემოვიყვანოთ და ჩავრთოთ სხვადასხვა ტიპის მოწყვლადი ჯგუფები (ზრუნვიდან გამოსული, განათლების მიღმა დარჩენილი და სხვა) პროფესიულ განათლებაში. მიმდინარე წელს სწორედ ამ ინსტრუმენტების დასანერგად გამოვიყენებთ. გავაფართოვეთ ასევე სსსმ პირების მოზიდვის შესაძლებლობები. შექმნილია ელექტრონული პორტალი საკარიერო კონსულტირებისთვის, სხვადასხვა დარღვევის მქონე პირებისთვის გამარტივებული და მოქნილი მეთოდი სისტემაში შემოსასვლელად.
რაც შეეხება სტუდენტურ სერვისებს, გარდა განათლების შეთავაზებისა, არის სასკოლო პროგრამები, რომელსაც კიდევ უფრო ვაფართოვებთ. პროგრამაში ჩართული 700 სკოლის გარდა, 30 სკოლასთან ვიწყებთ მომზადება-გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამებს, გეოგრაფიული პრეფერენციის მიხედვით. რომელი სკოლაც საუკეთესო აღმოჩნდება, პილოტირების შედეგების მიხედვით, შესაძლოა, იქ ინტეგრირებული პროგრამების დანერგვაზე ვიფიქროთ და ეს სერვისი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის კი არა, მუნიციპალიტეტის ნებისმიერი მცხოვრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი სკოლის ბაზაზე. ეს ინიციატივა გულისხმობს პერსპექტივას, რომ სკოლები ვაქციოთ საგანმანათლებლო პროგრამის პროვაიდერად – ერთი პროგრამის შეთავაზება სავსებით შესაძლებელია კოლეჯთან პარტნიორობით.
სააგენტოს მნიშვნელოვანი როლი აქვს პროფესიული განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებითაც, რაც გულისხმობს გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების დასანერგად სამართლებრივი ჩარჩოს მომზადებას. გასულ წელს სააგენტო რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმის წევრი გახდა – Worldskill-ის ოფიციალური წარმომადგენელი და მეგობრობის ევროპული ალიანსის წევრი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ქსელის „უნარების აქსელერატორი“ – წევრი; სააგენტომ გაიმარჯვა ერაზმუს პლუსის კონკურსში და გერმანიასთან, ნორვეგიასთან, უკრაინასთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ჩართული იქნება მიკროკვალიფიკაციების ახალი ევროპული მიდგომის დანერგვაზე ორიენტირებული პროექტის განხორციელებაში.
გარდა ამისა „სინიორ ექსპერტთა სერვისის“ ფარგლებში, საქართველოს 20 უცხოელი მასწავლებელი ესტუმრა. მათ 11 კოლეჯში გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ქართველ კოლეგებსა და პროფესიულ სტუდენტებს. გვინდა, მომავალში კოლეჯებმა სააგენტოსგან დამოუკიდებლადაც შეძლონ უცხოურ კოლეჯებთან თუ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობების დამყარება თუ გაწევრიანება. ამ მიზნის მისაღწევად, საჭიროა საერთაშორისო პროექტების წერის ცოდნა, ეს გამოცდილება კი მათ არ აქვთ. ამიტომ, შევიმუშავეთ პროექტების წერისა და განვითარების გზამკვლევი ყველა საჯარო თუ კერძო კოლეჯისთვის, შევქმენით პროექტების მხარდამჭერი სერვისი, ვეხმარებით სხვადასხვა ინიციატივების მოძიებაში; გერმანიის ერთ-ერთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ხელს ვუწყობთ სასწავლო პრაქტიკის ორგანიზებას გერმანიაში.
ბოლოს, სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანის – პროფესიული განათლების სფეროში კვლევითი საქმიანობის წარმართვისა და ემპირიულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის შესახებაც მინდა გითხრათ. ამ მიზნით შეიქმნა კვლევისა და შეფასების გუნდი, ე.წ. „უნარების ობსერვატორია“. სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამინისტრო ატარებდა სხვადასხვა ტიპის კვლევებს, თუმცა, სათანადო რესურსების არქონის გამო, ეს ინფორმაცია არ გაანალიზებულა. ამ მისიას ახლა ჩვენი „ობსერვატორია“ შეასრულებს, რომელმაც რამდენიმე კვლევა უკვე თავადაც განახორციელა ახალი მეთოდოლოგიით, რაშიც აქტიურად ჩაერთვნენ კოლეჯები. ჩვენი მიზანია, გავაუმჯობესოთ საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობები, მათ შორის, შრომის ბაზრის მიმართულებით, ასევე კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა აზრის კვლევა და ა.შ. მათ ჩაუტარდათ კიდეც ამ მიმართულებით ტრენინგები და გაიუმჯობესეს უნარები. ეს მონაცემები თავს იყრის ჩვენთან, ჩვენ კი, სტრატეგიული ინდიკატორების მიხედვით, ვაანალიზებთ და ვაწვდით ყველა დაინტერესებულ მხარეს: დამსაქმებელს, კოლეჯს, სტუდენტს, მშობელს… ანალიზი დინამიკაში გვიჩვენებს როგორ ვითარდება ჩვენი სფერო როგორც დარგობრივ, ისე რეგიონულ ჭრილში, რაც გვკარნახობს კვალიფიკაციების შემდგომი განვითარების აუცილებლობას – ზოგან ახლის შექმნას, ზოგან ჩანაცვლებას, განახლებას და ა.შ., შრომის ბაზრისა და სახელმწიფოს მიერ დადგენილი პრიორიტეტების შესაბამისად.
ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი