25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

პროექტული სწავლება

spot_img

ლია ლეგაშვილი

სსიპ მესტიის №3 საჯარო სკოლისა და წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის სპორტის მასწავლებელი

 

 

მესამე თაობის ეროვნულმა სასწავლო გეგმამ საშუალება მომცა, სპორტის გაკვეთილზე შემეტანა და განმეხორციელებინა პროექტული სწავლება.

ფიზიკური აღზრდა და სპორტი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დისციპლინაა, რომელიც დიდ როლს ასრულებს ბავშვის როგორც ფიზიკურ, ისე კოგნიტურ და ფსიქოემოციურ განვითარებაში. სპორტის ერთ-ერთი ფუნქციაა მოსწავლეთა აღზრდა, ფიზიკური სიჯანსაღისადმი სწრაფვა, ფიზიკური აქტივობისადმი დადებითი დამოკიდებულება, რაც, საბოლოოდ, ადამიანის ცხოვრების წესად უნდა იქცეს.

განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი და დანერგილი „ახალი სკოლის მოდელი“ (ზოგადი განათლების რეფორმა) შესაძლებლობას მაძლევს, ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, დავგეგმო და, მოსწავლეებთან ერთად, განვახორციელო თეორიული ნაწილიც. 2020 წლიდან მატრიცებსა და სასკოლო კურიკულუმში გაწერილი მაქვს სპორტის ის სახეობები, რომელსაც სასწავლო წლის განმავლობაში განვახორციელებ. ამ სახეობათა წარმოჩენა შესაძლოა პროექტული სწავლებითაც.

პროექტული სწავლების დაგეგმვა და განხორციელება მეტად საინტერესო პროცესია. განსაკუთრებით, პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლების დროს, ხშირად მისვამდნენ კითხვას, რას ვასწავლიდი მოსწავლეებს. ამ პროექტმა შესაძლებლობა მომცა, სპორტი და თეორია სხვა კუთხით დამენახვებინა ბავშვებისთვის. მაგალითად, დაწყებით და საბაზო საფეხურზე, დისტანციური გაკვეთილებისთვის შექმნილი ვიდეოები, ილუსტაციებით გაფორმებული, ანტიკური ოლიმპიადის შესახებ, მითები და ლეგენდები მეტად საინტერესო აღმოჩნდა და როდესაც სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა, გაკვეთილზე, თეორიულ საკითხზე საუბრის დროს, დამაკლდა კიდეც ის ნაწილი, როდესაც ონლაინ სწავლებისას თეორიულ ნაწილს ფაქტებით ვადასტურებდი.

საკმაოდ წარმატებით განვახორციელე სწავლა-სწავლების პროცესი როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურზე, ვქმნიდი პროექტებს „ჰიგიენის წესები“, „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, „ჯანსაღი და არაჯანსაღი საკვები“, „სამთო-სათხილამურო სპორტი“, „ბადმინტონის შექმნისა და განვითარების ისტორია“, „მაგიდის ჩოგბურთი“ და ა.შ. ჩემ მიერ გაზიარებული პროექტები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის და კითხვა-პასუხის რეჟიმში დრო ისე გადიოდა, ვერც ვგებულობდით.

საბაზო საფეხურზე ვქმნიდი და ვაცნობდი იმ სახეობებს, რომლებსაც სკოლაში ვახორციელებდი და, ასევე სპორტის იმ სახეობებსაც, რომლის სკოლის ტერიტორიაზე ჩატარების რესურსიც არ გვქონდა.

გეგმის მიხედვით, 8 საათი ეთმობა „პროექტულ სწავლებას“. პირველ გაკვეთილზე ბავშვებს ვაჩვენებ ჩემ მიერ შექმნილ პრეზენტაციას, შემდეგ – დავალების ფაილს, ვპასუხობ მათ კითხვებს და ვიწყებთ პროექტზე მუშაობას. მოსწავლეებს ვაძლევ თავისუფლებას, რა ფორმით სურთ დავალების შექმნა. პროექტი შეუძლიათ შექმნან როგორც პროგრამებში – PowerPoint, CapCut, ასევე – კედლის გაზეთი.

კლასი: 8-9

პროექტული სწავლება

პროექტის მოსამზადებლად საჭირო დრო – 4 კვირა

სამიზნე ცნებები – ორგანიზებულობა და თვითკონტროლი
საკითხები/ქვეცნებები – მაგიდის ჩოგბურთი

                                            ბადმინტონი

                                            შემაჯამებელი, კომპლექსური დავალება

                                                      (შიდა სასკოლო კონფერენცია)

კომპლექსური დავალების პირობა:

პროექტის მომზადება;

ვიდეორგოლის მომზადება;

პროექტის პრეზენტაცია;

ვიდეორგოლის პრეზენტაცია.

პრეზენტაცისას ხაზგასმით უნდა წარმოჩინდეს:

   I ჯგუფი

·         მაგიდის ჩოგბურთის წარმოშობის მოკლე ისტორია;

·         მაგიდის ჩოგბურთის (პინგ-პონგის) მაგიდის ზომები, ბადე და ა.შ. პინგ-პონგის წესები;

·         მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია;

·         მაგიდის ჩოგბურთის განვითარება საქართველოში;

·         როდის დაარსდა საერთაშორისო ფედერაცია საქართველოში;

·         ქართველი სპორტსმენები და მათი წარმატება საერთაშორისო ტურნირებზე;

·         ჩვენი აზრი.

II ჯგუფი

·         ბადმინტონის წარმოშობის და განვითარების მოკლე ისტორია;

·         მოედნის ზომები და ინვენტარი;

·         ბადმინტონის თამაშის წესები;

·         ბადმინტონის საერთაშორისო ფედერაცია;

·         როდის დაარსდა საქართველოში ბადმინტონის ფედერაცია და რომელ წელს შეუერთდა საერთაშორისო ფედერაციას;

·         ქართველების მონაწილეობა საერთაშორისო თამაშებში;

·         ჩვენი აზრი.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

·         ინფორმაცია მაგიდის ჩოგბურთისა და ბადმინტონის შესახებ;

·         სარეკომენდაციო პროექტის ნიმუში: ჰიპერლინკი 

 

ვიწყებთ პროექტზე მუშაობას, ვეხმარები ხარვეზების აღმოფხვრასა და დახვეწაში, ვაძლევ მითითებებს რა უნდა შეცვალონ და ერთად ვეძებთ ახალ ინფორმაციას.

მოსწავლე ქმნის ვიდეორგოლს ,,მაგიდის ჩოგბურთის“ შესახებ: ჰიპერლინკი

ასევე, მოსწავლე ქმნის კედლის გაზეთს, სადაც განთავსებულია ინფორმაცია და მის მიერ შესრულებული ნახატი თემაზე – მაგიდის ჩოგბურთი:

მოსწავლეები, შიდა სასკოლო ფესტივალზე, პროექტს წარმოადგენენ როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად; პრეზენტაციის დასასრულს, დირექტორთან ერთად, მათ სიგელები გადავეცი.

„პროექტული სწავლება“ ის სასწავლო პროექტია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში თეორიული ცოდნის გაღრმავებას, გუნდური მუშაობის, საპრეზენტაციო და სხვა ტიპის უნარების განვითარებას.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები