8 მაისი, ოთხშაბათი, 2024

გლობალური მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული

spot_img

გაეროს ბავშვთა ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და კომუნიკაციების კომისიასთან პარტნიორობით, აგრძელებს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირებას. გლობალური მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ორგანიზებულ მასწავლებელთა ფორუმზე მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო რესურსები და ახალი სახელმძღვანელო წარადგინეს.

ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა გახსნეს.

თამარ მახარაშვილმა კვირეულის ორგანიზებაში ჩართულ ყველა მხარეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს მედიაწიგნიერების სწავლების გაძლიერების კუთხით დაგეგმილ ინიციატივებს და, 2023-2024 სასწავლო წლიდან, სკოლებში საშუალო საფეხურზე არჩევითი საგნების ჩამონათვალს საგანი – მედიაწიგნიერება დაემატება. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე სკოლაში, თბილისსა და ქუთაისში, უკვე ისწავლება, ოზურგეთის ერთ-ერთ სკოლაში მედიაწიგნიერების კლუბიც ამოქმედდა.

კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე, რომელსაც მასწავლებლები ესწრებოდნენ, „მედიაწიგნიერების გაკვეთილების‘‘ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა და მისი პრაქტიკული გამოყენების შესახებ სემინარი ჩატარდა. ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა, მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

მედია და საინფორმაციო წიგნიერების გლობალური კვირეულის წლევანდელი თემაა მედია და ინფორმაციული წიგნიერება ციფრულ სივრცეში და მართლაც, ჩვენი როლი არის ბავშვებისა და ახალგაზრდების მედიაწიგნიერებითა და ციფრული კომპეტენციებით აღჭურვა, – განაცხადა იესპერ მოლერმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, – დიდი მადლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კომუნიკაციების კომისიას შესანიშნავი პარტნიორობისთვის. განსაკუთრებული მადლობა იმ სკოლებს, რომლებმაც პირველებმა დაიწყეს მედიაწიგნიერების სწავლება. გაეროს ბავშვთა ფონდი გააგრძელებს ადვოკატირებას, რომ მედიაწიგნიერება იყოს სასკოლო პროგრამის ნაწილი და ასევე გააგრძელებს მასწავლებლებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას“.

ინიციატივის ფარგლებში 600-მა მასწავლებელმა უკვე გაიარა მედიაწიგნიერების ტრენინგი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან პარტნიორობით, მიმდინარე წლის ბოლომდე, ტრენინგების მეორე ეტაპზე, დამატებით, 1000 მასწავლებელი გადამზადდება.

2023 წლის მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილი იყო „გამარჯობა რუბის“ ავტორის და ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებული ლინდა ლიუკასის შეხვედრები პედაგოგებთან და მშობლებთან, ასევე, მედიაწიგნიერების გლობალური ჰაკათონი ახალგაზრდებისთვის და მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტისა და პროფესორის, რენე ჰობსის საჯარო ლექცია სტუდენტებისთვის. კვირეული 31 ოქტომბერს, შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურება, რომლის ფარგლებშიც, კომუნიკაციების კომისია საერთაშორისო ექსპერტებს ჩამოიყვანს და მათი მონაწილეობით, პანელურ დისკუსიებს გამართავს.

სკოლებში მედიაწიგნიერების დღე, მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა  – მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეს ყალბი ინფორმაციისა და მისი მავნე ზეგავლენის შესახებ. ამასთანავე, ComCom-ის მიერ მიწოდებული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით და მოზარდების ჩართულობით, ჩატარდა შემეცნებითი აქტივობები – საინფორმაციო ბანერებისა და ვიდეოების მომზადება, ჯგუფური დავალებები, კინოჩვენებები, დისკუსია და სიმულაციური თამაშები.

ზოგიერთ სკოლაში, მოსწავლეებმა გუნდურად მოამზადეს პრეზენტაცია და პოდკასტები მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ამასთან ერთად, მოაწყვეს პოსტერების გამოფენა ყალბი ინფორმაციის გავლენისა და მისი აღმოჩენის ხერხების შესახებ. ცალკეულ სკოლებში, მედიაწიგნიერების თემატიკაზე მოიხატა სკოლის ეზოები.

მედიაწიგნიერების ადვოკატირებისა და ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გასულ კვირას, გაეროს ბავშვთა ფონდმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და კომუნიკაციების კომისიასთან პარტნიორობით,  ადვოკატირების შეხვედრები გამართა საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან და სკოლების დირექტორებთან ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

შეხვედრებისას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და ხელმისაწვდომ რესურსებზე და სკოლებს ინიციატივასთან შემოერთებისკენ მოუწოდეს. ოთხი ქალაქის სკოლების მასწავლებლებმა მედიაწიგნიერების სწავლების პრაქტიკული გამოცდილება გააზიარეს და ხაზი გაუსვეს კრიტიკული უნარის მნიშვნელობას ბავშვების ხარისხიანი განათლებისთვის.

მედიაწიგნიერება ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენცია და 21-ე საუკუნის ინფორმაციული ეპოქის ერთ-ერთი აუცილებელი უნარია, რომელიც მოსწავლეებს კარიერაში წარმატების მისაღწევად სჭირდებათ. მედიაწიგნიერების ინტეგრაცია ფორმალურ განათლებაში ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაიკვალონ გზა ინფორმაციის იმ დიდ ნაკადში, რომელსაც ისინი სხვადასხვა მედიის საშუალებით იღებენ.

კვირეული 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, მისი მიმდინარეობისას  დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა თბილისსა და რეგიონებში როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის, სტუდენტებისა და სტარტაპეკოსისტემით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.

მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული გაეროს მიერ 2021 წელს მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და მასწავლებლებში, მოსწავლეებში, მშობლებსა და სტუდენტებში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები