18 მაისი, შაბათი, 2024

განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი – მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა

spot_img

თამარ მაღრაძე

ქალაქ თბილისის გრიგოლ კობახიძის სახელობის 77 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი

ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენას მასწავლებელი მოსწავლის საშუალებით აფასებს.

შეფასება სწავლა-სწავლების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. შეფასების საშუალებით ადგენს მასწავლებელი, ემთხვევა თუ არა მოსწავლეთა მიღწევები ესგ-ს.

ერთი მხრივ, შეფასების გაანალიზებით იღებს მასწავლებელი სხვადასხვა ინფორმაციას მოსწავლეთა წინსვლისა თუ პრობლების შესახებ; მეორე მხრივ – ეს ინსტრუმენი მას თვითსაფასებაში ეხმარება. ადგენს მოსწავლეთა საჭიროებებს, თუ რამდენად გასაგები იყო ესა თუ ის თემა და საკითხი; მისაღებია და საკმარისია თუ არა ის აქტივობები, რომლებსაც მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესში სთავაზობს მოსწავლეებს.

აქედან ვადგენთ შეფასების ორ ძირითად მიზანს:

♦ მოსწავლის სწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა და მათი აღმოფხვრის გზების დასახვა;

♦ მასწავლებლის მიერ სწავლების კონკრეტული მეთოდიკის სწორად შერჩევა და მისი სრულყოფა.

სწავლა-სწავლების პროცესში შეფასებისას აუცილებელია მასწავლებელმა დაიცვას შემდეგი ძირითადი პრინციპები: სანდოობა, ვალიდურობა, ობიექტურობა და გამჭვირვალობა. გაითვალისწინოს ის კრიტერიუმები, რომელთა საშუალებითაც ფასდება თითოეული მოსწავლე.

არსებობს შეფასების ორი უმნიშვნელოვანესი ფორმა, რომელიც სასწავლო გარემოს განუყოფელი ნაწილია: განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. მასწავლებელმა მიზანთან მიმართებაში ზუსტად უნდა განსაზღვროს, რა ტიპის შეფასება გამოიყენოს.

განმსაზღვრელი შეფასებისას ფიქსირდება ქულები. ამ შეფასებას მოსწავლე ღებულობს კონკრეტული საკითხის ან მთლიანი თემის დასრულების შემდეგ. განმსაზღვრელი შეფასებისათვის მასწავლებელი განსხვავებულ აქტივობებს მიმართავს, ესენია: შემაჯამებელი ტესტი, პრეზენტაციის შეფასება, საშინაო დავალების შესრულება, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, ასევე აფასებს პროექტის მიმდინარეობისას ან დასრულებისას და ა.შ. განმსაზღვრელი შეფასებისას ვიგებთ მოსწავლის მიღწევის დონეს. ამ დროს არ ვაკეთებთ მითითებებსა და კომენტარებს, ამისათვის მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების ფორმას იყენებს, ზოგადად კი, სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის მასწავლებელი შეფასების ორივე ფორმას მიმართავს.

განმავითარებელი შეფასება მოსწვლეთა განვითარებასა და მათი ცოდნის დონის ამაღლებაზეა ორიენტირებული. განმავითარებელ შეფასებას მასწავლებელი საჭირო დროს სხვადასხვა ფორმით მიაწოდებს მოსწავლეს: მიუთითებს კონკრეტულ საკითხზე, აძლევს რჩევებს, როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით. შეფასების ეს მეთოდი მოსწავლეებში პოზიტიურად მოქმედებს. მოსწავლე მიღებულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და გრძნობს, რომ მიღებული უკუკავშირი ხელს უწყობს მის განვითარებას და საკუთარი მიღწევების გააზრებას.

განმავითარებელი შეფასებისას მასწავლებელი ძირითადად ორ ხერს იყენებს: შეფასებასა და თვითშეფასებას.

მოსწავლეთა თვითშეფასებისათვის მასწავლებელი იყენებს ძალიან მრავალფეროვან ინსტრუმენტებს. მათი გამოყენებისას იკვეთება მოსწავლეთა ინტერესები, დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხთან, მოსწავლე ავლენს და ააქტიურებს წინარე ცოდნას, იაზრებს ახლად მიღებულ ინფორმააციას.

განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი საინტერესო და სახალისო ინსტრუმენტია – მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა. ამ ინსტრუმენტის გამოყენებისას მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს, ადარებს ძველსა და ახალ ცოდნას და მიღებული ცოდნის საფუძველზე სასწავლო მიზანთან მიმართებაში ხედავს საკუთარ პროგრესს.

მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს ერთ  გაკვეთილზე ან რამდენიმე საგაკვეთილო პროცესში. კომპლექსური სამუშაოს შესრულებისას, პროექტზე მუშაობის პროცესში და სხვა.

მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმის გამოყენების დაწყებამდე მასწავლებელი დაწვრილებით განუმარტავს მოსწავლეებს ამ ფორმის სწორად შევსების ინსტრუქციას. მკაფიოდ აუხსნის მათ, რომ საკუთარ სწავლასა და მიღებულ პროგრესზე პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეებთან ერთად აანალიზებს მოცემული ფორმის პუნქტებს.

მეორე ეტაპზე მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებულ სასწავლო მიზანს, განსაზღვრავს ქვემიზნებს (ქვეთავებს). მოსწავლეებთან ერთად ადგენს დროის ლიმიტს. ამის შემდეგ სთხოვს მათ, შეავსონ  პირველი სვეტი – „გაგების დონე“.

შემდეგი ეტაპისთვის „გაგების დონეს“ ყოფენ სამ დონედ: „დამწყები“, „კვალიფიციური“, „ექსპერტი“. მასწავლებელი განმარტავს თითოეულ კატეგორიას, მიუთითებს, რა შემთხვევაში უნდა მიანიჭონ ეს „სტატუსები“ საკუთარ თავს.

მოსწავლეები შესასწავლი საკითხის დაწყებამდე გადახედავენ საკუთარ შესაძლებლობებს ამ სასწავლო მიზანთან მიმართებაში და ისე ანიჭებენ საკუთარ თავს „სტატუსს“.

ფორმის ბოლო სვეტი ეთმობა რეფლექსიას. დაკვირვების  გარკვეული პერიოდის, ანუ ახალი ქვეთავის დაწყების წინ, მოსწავლეები საკუთარ თავს რეფლექსიურ კითხვებს უსვამენ: რა ვისწავლე ამ პერიოდში? კიდევ რის შესწავლას ვისურვებ? სად და როგორ გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას? .  მიღებული პასუხებით  წერენ რეფლექსიას. გადახედავენ ძველ სტატუსს და დადებითი პასუხის შემთხვევაში  „აიმაღლებენ“ სტატუსს. რეფლექსია მათ ეხმარებათ თავიანთი მიღწევების დანახვაში, პრობლემის შემთხვევაში შეიმუშავებენ გაუმჯობესების გზებს.

სწავლის აღრიცხვის ფორმაზე მუშაობა მოსწავლეებში დიდ ინტერეს იწვევს. ასეთი მიდგომა ეხმარება მათ ფოკუსირდნენ სასწავლო მიზანზე. ამ დროს უვითარდებათ საკუთარ სწავლაზე პასუხისმგებლობის უნარი, აღიარება იმისა, რომ დამოუკიდებლად შეუძლიათ დასახულ მიზნამდე მისვლა უვითარდებათ დროის მართვის უნარი, უმაღლდებათ მოტივაცია.

მოსწავლის სწავლის აღრიცხვის ფორმა მასწავლებლისთვისაც საუკეთესო თვითშეფასების საშუალებაა. მოსწავლეების ჩანაწერებზე დაკვირვება და გაანალიზება დაეხმარება მას, უკეთ გაეცნოს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს. პრობლების დანახვის შემთხვევაში ჩაერიოს დროულად, რეკომენდაციების სახით. მიღებული სტატუსებით განსაზღვრავს მოსწავლეთა ცოდნის განვითარების დონეს. თუ მოსწავლეთა უმეტესობის სტატუსი ისევ „დამწყებად“ რჩება, ამ თემას ხელახლა განიხილავს და გააღრმავებს დასახული სასწავლო მიზნის მიღწევამდე.

მოსწავლეთა სწავლის აღრიცხვის ფორმა

მინდა გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება მოსწავლეთა სწავლის აღრიცხვის ფორმასთან დაკავშირებით. როგორც წესი, ამ ფორმის გამოყენება შეიძლება ერთ რომელიმე კონკრეტულ გაკვეთილზე, კომპლექსური დავალების დროს, თემის დასრულებისას, პროექტზე მუშაობის დროს. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეებმა ყველაზე კარგად გამოიყენეს კომპლექსური დავალების დროს, თვითშეფასებისათვის.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები