3 მაისი, პარასკევი, 2024

განათლება არის უფლება და არა პრივილეგია

spot_img
ია თეთრაული
სსიპ თბილისის №215 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი

 

 

ყველა ბავშვის საბაზისო უფლებაა მიიღოს ხარისხიანი განათლება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და ჩვენ, მასწავლებლებს, გვაქვს ვალდებულება, მათთვის შევქმნათ ისეთი სასწავლო გარემო, სადაც, თავიანთი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მაქსიმალურ ჩართულობას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ინკლუზიურ განათლებასთან მიმართებაში, საჯარო სკოლებში, დღეს, საზოგადოების ცნობიერების დონე მნიშვნელოვნადაა ამაღლებული. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს სკოლაში მაღალია ჩართულობა და მხარდაჭერა სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ინკლუზიური განათლების კარგად ორგანიზებისთვის. იმისათვის, რომ ყველა ბავშვს მიეცეს სასკოლო ცხოვრების ყველა ასპექტში მონაწილეობის შესაძლებლობა, მათი ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მასწავლებლები, ვადგენთ რა ამ საჭიროებებს, თითოეულისთვის პერსონალურად ვქმნით სასწავლო რესურსებს, აქტივობებს, ვარჩევთ სწავლების სტრატეგიებს, რაც ჩვენი პროფესიული ზრდის უწყვეტი პროცესია. ძალიან სასიამოვნო და სტიმულის მომცემია, როდესაც ხედავ, მუშაობის შედეგად, მოსწავლისთვის როგორი კომფორტული ხდება საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა და თანაკლასელებთან ურთიერთობა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებას დადებითი გავლენა აქვს სხვა, ტიპური განვითარების მქონე მოსწავლეებზე. სსსმ მოსწავლეებთან ურთიერთობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათი სოციალური, ემოციური, ემპათიის უნარის განვითარებაზე. ამ პროცესშიც, რა თქმა უნდა, წამყვანი როლი აკისრია მასწავლებელს, რომლის ამოცანაა, სსსმ მოსწავლესთან მუშაობისას, არა მხოლოდ მის აკადემიურ უნარებზე კონცენტრირება, არამედ მისი ინტეგრაცია სასკოლო სოციუმში და ასევე მის თანაკლასელებთან მუშაობა, სსსმ მოსწავლის მიღებასა და მასთან სწორი კომუნიკაციის დამყარების მისაღწევად.

ჩვენ, პედაგოგებმა, მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოსწავლეების უფლებების დასაცავად. ხშირად, სხვადასხვა გარემოში, ვაწყდებით სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს სსსმ და შშმ მოსწავლებისადმი საზოგადოების მხრიდან. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რომ დიახ, სსსმ მოსწავლეებს აქვთ ხარისხიანი განათლების მიღების უფლება და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველა სასკოლო საზოგადოებაში არსებულმა პირმა, ვისაც შეხება აქვს სსსმ მოსწავლესთან, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და მაქსიმუმი გააკეთოს მოსწავლესთან მიმართებაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები