ანა არგანაშვილი
ბავშვის უფლებადამცველი
დროა, მართლა ვასწავლოთ რა არის მათი უფლებები ბავშვებს და მშობლებსაც, რადგან, როცა ბავშვებს ვეხმარებით, ამას მშობლებთან ერთად ვაკეთებთ. ყველაზე დიდი ძალა, რომელიც ბავშვის უკან დგას, მშობელია.
მივმართავ იმ ბავშვებს, რომლებიც სკოლებში რაღაც პრობლემების წინაშე დგანან: საერთოდ, სკოლებს ახასიათებს ასეთი თავისებურება – მოსწავლეს, რომელსაც რაღაც პრობლემა აქვს სკოლაში, ჰგონია, რომ მარტოა, არავის ესმის მისი. აქედან გამომდინარე, ბავშვი თავს დაუცველად გრძნობს ხოლმე.
პირველ რიგში, მინდა გავამხნევო ბავშვები და ვუთხრათ, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენც მათ გვერდით ვართ. მართალია, ძნელია მათი ნდობის დამსახურება, მაგრამ ამ ნდობის მოპოვება ყველაზე დიდი პატივისცემაა.
უნდა დაიჯეროთ, რომ შეიძლება დღეს თქვენ სკოლაში თავს მარტოდ გრძნობთ, მაგრამ ეს ასე არ არის. წარმოიდგინეთ, რომ სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ბავშვები დიდი ხანი იყვნენ მსგავს მდგომარეობაში, როდესაც სკოლაში ვერ იცავდნენ თავიანთ უფლებებს. საბედნიეროდ, მათ ეს პრობლემა დაძლიეს და გეტყვით, რა მოხდა ამერიკაში (ხშირად მოგვყავს ამერიკა, როგორც განვითარებული ქვეყნის მაგალითი). დაახლოებით 60 წლის წინ, 1965 წელს, 13 წლის მერი ტინკერმა გადაწყვიტა, პროტესტი გამოეხატა ვიეტნამის ომთან დაკავშირებით, რადგან არ ეთანხმებოდა მთავრობას. სხვათა შორის, ბავშვები ახლაც დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს, მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ ამბებს. აღმოჩნდა, რომ მერი არ იყო მარტო და მას ჰყავდა 13 წლის თანამოაზრეები, რომლებმაც გადაწყვიტეს, პროტესტის გამოსახატავად სკოლაში შავი სამკლაურებით მისულიყვნენ. წარმოიდგინეთ 60 წლის წინანდელი სიტუაცია – ამერიკა, სადაც საპროტესტო გამოსვლებია, მაგრამ ბავშვების პროტესტი მსგავს თემებზე იქაც უცხოა. შავი სამკლაურებით მისული მერი ტინკერი და მისი მეგობრები სკოლიდან გაუშვეს. მათ უთხრეს, ვიდრე ამ სამკლაურებს არ მოიხსნიდნენ, სკოლაში ვერ დაბრუნდებოდნენ. საბედნიეროდ, ბავშვების მშობლები აღმოჩნდნენ მებრძოლები, დაუკავშირდნენ სამოქალაქო უფლებების დამცველ ადვოკატებს და საქმე სასამართლოში წაიღეს. დაახლოებით, 4 წელი იბრძოლეს მშობლებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ თავიანთი შვილების სჯეროდათ და ბოლომდე დაიცავდნენ მათ უფლებებს. საბოლოოდ ამერიკის უზენაესმა სასამართლომ (ძალიან ცნობილი საქმეა – ტინკერი დე-მოინის სკოლის წინააღმდეგ) თქვა: უკაცრავად, მაგრამ ბავშვები თავიანთ უფლებებს სკოლის კარიბჭესთან არ ტოვებენ, სკოლაში შესულებიც ისევე სარგებლობენ ფუნდამენტური უფლებებით, როგორც სკოლის გარეთ, უფრო მეტიც, იმავე უფლებებით, როგორც ზრდასრულები. შესაბამისად, სასამარათლოს გადაწყვეტილებით, სკოლა გამტყუნდა და იმ მომენტიდან, ყველა სასამართლო ამერიკაში ტინკერის საქმის გადაწყვეტილებით ციტირებს. კარგი ის არის, რომ ამ გადაწყვეტილებით ყველა ბავშვს მიეცა ძალა და თავდაჯერება, რა თქმა უნდა, მშობლებსაც. ეს ნამდვილად იყო პრეცედენტული გადაწყვეტილება, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი და სამაგალითო.
ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენც გვაქვს სასამართლო და, საჭიროების შემთხვევაში, იმედიანად წავიდეთ ჩვენი უფლებების დასაცავად. როდესაც მართლები ვართ, აუცილებლად დავამტკიცებთ სიმართლეს, დღეს იქნება თუ ხვალ. ძალიან ბევრი ვეძებე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც ბავშვმა და მისმა მშობელმა იბრძოლა უფლებების დასაცავად და, რაც მთავარია, სასამართლომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ასეთი საქმე ვიპოვე: 2018 წელს ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა საქართველოს ერთ-ერთ სკოლაში – თანატოლებმა მოსწავლეს, განსხვავებული კანის ფერის გამო, ძალიან არასწორი (რასისტული შეფერილობის) „კომენტარები“ უთხრეს. საბედნიეროდ, ეს საქმეც სასამართლოში წავიდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვს დაეხმარა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“. დამერწმუნეთ, ამ საქმის გადაწყვეტილებაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზემოთ მოყვანილი ამერიკული სასამართლოს მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ინსტანციაში საქმე წააგეს და სასამართლომ დისკრიმინაციის ფაქტი არ დაადგინა, მეორე ინსტანციაში – თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში დაირღვა ბავშვის უფლებები და რომ სკოლა ვალდებულია, აუცილებლად დაიცვას ბავშვი დისკრიმინაციისგან, სულ ერთია, ამ შემთხვევაში, კანის ფერია მიზეზი, სიღარიბე, განსხვავებული ჩაცმულობა თუ განსხვავებული აზრის გამოთქმა, ყველა შემთხვევაში, ბავშვებს სკოლაში თანასწორი და უსაფრთხო გარემო უნდა ჰქონდეთ შექმნილი. აქვე, აუცილებლად უნდა დავასახელო ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, დიანა ბერიკაშვილი და ვანო წიკლაური. ჩვენ ყოველთვის ვაცნობთ საზოგადოებას ასეთ „ჩემპიონ“ მოსამართლეებს იმიტომ, რომ სხვა ბავშვებსაც გაუჩნდეთ იმედი, თუ სკოლაში უთანასწორობის მსხვერპლი აღმოჩნდებიან, სასამართლო მათ უფლებებს დაიცავს.
ძალიან ხშირად უფროსებს ჰგონიათ, რომ ბავშვებს არ აქვთ სამოქალაქო, პოლიტიკური უფლებები. ეს არასწორია. ბავშვებს ზუსტად ისეთივე სამოქალაქო უფლებები აქვთ, როგორც საზოგადოების დანარჩენ ნაწილს, მართალია, არჩევნებში ვერ იღებენ მონაწილეობას, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება არ ეზღუდებათ. თუ მოზარდს სურს, მხარი დაუჭიროს რომელიმე დემონსტრაციას, უნდა დაუჭიროს. ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ ხოლმე, რომ საქართველოს მოსახლეობა ძალიან პასიურია. იცით რატომ? სწორედ იმიტომ, რომ ბავშვებს არ ვაძლევთ თავიანთი სამოქალაქო, პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი პედაგოგი და დირექტორი მართლა დგას ბავშვის გვერდით და აძლიერებს მას, ასევე მშობელიც. თუმცა, სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც გვაქვს, როცა პედაგოგს ან ადმინისტრაციას ჰგონია, რომ თავად არის კანონი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, კანონი არის კანონი და ეს ბავშვებმა ძალიან მკაფიოდ უნდა იცოდნენ, ჩვენც სწორედ ამის ახსნას ვცდილობთ.
ბავშვებს მინდა ავუხსნა, რომ სკოლაში მათ უფლებებს ორი ძალიან მნიშვნელოვანი კანონი იცავს – „ბავშვის უფლებათა კონვენცია“ და „კანონი ზოგადი განათლების შესახებ“. „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, კონსტიტუციის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი აქტია, რომელიც გვეუბნება, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს; რომ არ შეიძლება, სიღარიბის ან შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ვერ წახვიდე სკოლაში, ამაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი. ისიც არ შეიძლება, თუ მოსწავლემ რამე „დააშავა“, ამის გამო სკოლაში არ მიუშვა. კანონი მას ამას არ უკრძალავს! სხვათა შორის, მსგავსი მიზეზის გამო, მშობელს ხშირად ეუბნებიან, რომ სხვა სკოლაში გადაიყვანოს შვილი. ესეც უკანონოა. მე რა საქციელიც უნდა ჩავიდინო, განათლების მიღების უფლება მაინც მაქვს. ამიტომ, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ დისციპლინური ქმედებები და განათლების მიღება. არ შეიძლება ვინმემ ჩემი განათლება შეზღუდოს – ეს პირველი მნიშვნელოვანი პრინციპია.
მეორე მნიშვნელოვანი პრინციპი – სკოლაში არანაირმა დისციპლინურმა ღონისძიებამ არ უნდა შელახოს ბავშვის ღირსება, ანუ არანაირი დამცირება, არანაირი ფორმით არ არის გამართლებული. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენ გვქონდა „მშობელთა კრების“ პრაქტიკა, სადაც ერთი ბავშვის შესახებ ცუდი ან კარგი ინფორმაცია შეიძლება ყველა მშობელს გაეგო. რა თქმა უნდა, ესეც არასწორია. როგორც აღვნიშნე, მსგავსი პრაქტიკა ადრე გვქონდა, როცა ყველას თვალწინ ილახებოდა ბავშვის ღირსება, მაგრამ, სამწუხაროდ, დღესაც გვაქვს ასეთი შემთხვევები, რაც თავისთავად მიუღებელია.
მესამე მნიშვნელოვანი პრინციპი ხარისხიანი განათლებაა, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს კითხვების დასმას. როგორც წესი, არ უყვართ ხოლმე, როცა ბავშვი ეკითხებათ – რატომ დამიწერეთ ეს ნიშანი? ხშირად არც კი პასუხობენ ამ კითხვაზე. აქაც შეგახსენებთ, რომ ბავშვს აქვს უფლება, ვუპასუხოთ, ამიტომ აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ და ავუხსნათ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის არ არის ობიექტი, რომელსაც მხოლოდ ცოდნა უნდა მივაწოდოთ, არამედ უნდა შევხედოთ, როგორც უფლებების მქონე პიროვნებას, რომელიც ზუსტად ისე სვამს კითხვებს, როგორც ჩვენ, ზრდასრულები.
ვახსენე მეორე კანონიც, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვებმა და ეს არის „კანონი ზოგადი განათლების შესახებ“, რომელიც, მართალია, ძალიან დიდი მოცულობისაა, მაგრამ, ამ შემთხვევში, მხოლოდ რამდენიმე მუხლის ცოდნა გვჭირდება. კანონი გვეუბნება, რომ, პირველ რიგში, ბავშვებს და მშობლებს აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სკოლის მართვაში, ანუ წვლილი შეიტანონ იმაში, თუ როგორ იმართება სკოლა. სამწუხაროდ, ხანდახან ეს ასე არ ხდება. მაგალითად, ყველას გვსმენია სკოლაში სამეურვეო საბჭოების შესახებ. ისიც გვსმენია და გვინახავს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრი, კანონით მინიჭებული უფლებით, არის მშობელიც და მოსწავლეც, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში, ხმას არ იღებენ. მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ, რომ კარგად გააცნობიეროს, თუკი სამეურვეო საბჭოში აირჩიეს, ამ შემთხვევაში, ის მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, თანატოლებსაც წარმოადგენს და მან აუცილებლად უნდა გაახმოვანოს მათი სათქმელი. სკოლა მცირე დემოკრატიის მოდელია, ანუ ქვეყანაში რაც ხდება, ის ჯერ სკოლაში ხდება, იქ სწავლობენ ბავშვები თუნდაც ხმის მიცემას, ან თუნდაც იმ უფლების გაცნობიერებას, თუ რამე არ მომწონს, ამის შესახებ აზრი უნდა დავაფიქსირო – ვთქვა, რომ რაღაც არ მომწონს, სადღაც მეშინია გავლა და ა.შ. ბავშვებო, სკოლის მმართველობაში მონაწილეობა თქვენი უფლებაა და გამოიყენეთ ის. თავისთავად, თუკი ბავშვებს არ ეცოდინებათ ამ უფლების შესახებ, მაშინ ამ ფუნქციასაც ვერ გამოიყენებენ. ბავშვებო, ითანამშრომლეთ სკოლასთან.
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ბულინგის შემთხვევში, მიუხედავად იმისა, რომ ის ბავშვებს შორის ხდება, პასუხისმგებლობა ზრდასრულს ეკისრება. თუნდაც, ბავშვის დისკრიმინაციის შესახებ, ზემოთ მოყვანილი მაგალითით დავინახეთ, რომ სასამართლომ სკოლას უთხრა, მას უნდა ეზრუნა იმაზე, რომ მისი მოსწავლე დისკრიმინაციულ გარემოში არ აღმოჩენილიყო, მას უნდა აემაღლებინა წინასწარ მოსწავლეებში ცნობიერება, რომ ერთმანეთისთვის ღირსების შემლახავი რამ არ ეთქვათ. ისიც მინდა იცოდნენ ბავშვებმა, რომ მათ შეუძლიათ ჰყავდეთ თავისი ადვოკატი. სკოლა ვალდებულია, საჩივრების გამართული სისტემა ჰქონდეს, ბავშვის საჩივარი დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა განიხილოს, სადაც ბავშვს თავისი ადვოკატი ეყოლება. ბავშვის ცხოვრებაში ეს არის „სასამართლო“ და მისი პირველი გამოცდილება ამ კუთხით. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვ ბავშვებს, იცოდნენ იმ კანონების შესახებ, რომელიც მათ უფლებებს იცავს სკოლაში და ხელს უწყობს, იქ გატარებული დღეები უფრო ბედნიერი იყოს. ჩვენ ყველას თანაბრად გვაქვს ბედნიერების პოვნისა და მისკენ სწრაფვის უფლება.
მასალა მომზადებულია გადაცემის „შენი შუადღე“ რუბრიკის მიხედვით