გოროზად აზიდულ ჭაღარა კავკასიონს თითქმის სიმაღლეში ეჯიბრება და ამაყად გადაჰყურებს ალაზნის ველს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი ბოდბე, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან იწერს არსებობის საოცარ ისტორიას.
სოფელი გამოირჩევა არა მარტო ბუნებრივი სილამაზით და მაცოცხლებელი ჰაერით, არამედ თავისი ისტორიული წარსულითაც. 337 წელს აქ დაიდო ბინა ქრისტიანობის გამავრცელებელმა საქართველოში, კაბადოკიელმა წმინდა ნინომ. აქვე გარდაიცვალა და დაიკრძალა ბოდბის მონასტერში.
სოფელი მთაზეა შეფენილი. ადრე სახნავ-სათესი ადგილები და კალოები ვაკე-ნაომარში და ივრის ველებზე ჰქონდათ. XXს-ის დასაწყისში მოსახლეობის დიდი ნაწილი საცხოვრებლად მინდვრებისკენ გადავიდა და წარმოიშვა ორი სოფელი: ზემო ბოდბე, ანუ ძირძველი ბოდბე, და ქვემო ბოდბე.
ზემო ბოდბე, მოსახლეობის მიხედვით, მცირერიცხოვან სოფლად იქცა. ამჟამად მას მაღალმთიანი სოფლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ისტორიული სახელი ბოდბე ისევ დაუბრუნდა. აქ 1929 წელს დაარსდა ორწლიანი დაწყებითი სწავლების სკოლა, რომელსაც „გორდაანთ სკოლას“ ეძახდნენ, გამქირავებლის სახელის მიხედვით. სკოლაში შეძლებული ოჯახის შვილები სწავლობდნენ.
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მოსახლეობის მოთხოვნით, ამჟამინდელი საბავშვო ბაღის ადგილზე, აუშენებიათ ოთხკლასიანი სკოლის შენობა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1946 წელს, სკოლა რვაწლიანად გადაკეთდა. სკოლის დირექტორი ყოფილა ილო ბახტურიძე. საკლასო ოთახების სიმცირის გამო, სწავლება ორ ცვლად მიმდინარეობდა. რვაკლასდამთავრებული მოსწავლეები სწავლას ტერიტორიულად საკმაოდ მოშორებულ ნუკრიანის, ბოდბისხევის და ქვემო ბოდბის საჯარო სკოლებში აგრძელებდნენ.
1961-1962 წლებში სკოლამ სასწავლო პროცესი ახალ, ორსართულიან შენობაში დაიწყო, რომელიც ახლანდელი სკოლის ადგილას მდებარეობდა. სწავლება ისევ რვაწლიანი იყო. შენობის პირველ სართულზე განთავსებული იყო სოფლის კლუბი, ბიბლიოთეკა, ამბულატორია, ფოსტა, საბავშვო ბაღი. მეორე სართულზე რვაწლიანი სკოლა, ერთცვლიანი სწავლებით. დირექტორი იყო შალვა მჭედლიშვილი, სასწავლო ნაწილის გამგე — ნინა ლეკიაშვილი. მოზარდთა სწავლა-აღზრდას ემსახურებოდნენ ღვაწლმოსილი პედაგოგები: ნადია და ელენე ქუსიკაშვილები, თინათინ გელაშვილი, ქეთევან მარსაგიშვილი, მარგო ჯანგულაშვილი, ელენე ჩერქეზიშვილი, მარიამ კოჭლამაზაშვილი, იზოლდა ქუსიკაშვილი, ზურა ბუწაშვილი, რამანა მჭედლიშვილი, მიხეილ ბეჟაშვილი, ბეჟან შაიშმელაშვილი, გენო კრაწაშვილი, ფატი კოჭლამაზაშვილი.
დიდი მცდელობის შემდეგ, იმჟამინდელი დირექტორის, მაყვალა მაჭარაშვილის თავდაუზოგავი ძალისხმევის შედეგად, 1987 წელს, რვაწლიანი სკოლა საშუალო სკოლად გადაკეთდა და სოფლის ახალგაზრდობამაც ამოისუნთქა, რადგან აღარ სჭირდებოდათ ფეხით სიარული მეზობელი სოფლების სკოლებში. საშუალო სკოლამ შედეგად მოიტანა ახალგაზრდა, კვალიფიციური მასწავლებლების შემოსვლა და ბევრი საინტერესო სიახლის დანერგვა.
2020 წელს, ძველი ორსართულიანი შენობის ადგილას, აშენდა თანამედროვე სტანდარტების, ულამაზესი შენობა, რომელმაც სოფელს სულ სხვანაირი ელფერი შესძინა და სადაც, ძირითადად, უფროსი და წამყვანი მასწავლებლები მუშაობენ. სკოლა წარმატებით ართმევდა და ართმევს თავს სასკოლო, სასოფლო თუ მუნიციპალურ ღონისძიებებს. აღზარდა ბევრი წარჩინებული პიროვნება.
სკოლაში მომუშავე პედაგოგები აქტიურად არიან ჩაბმული სასკოლო ცხოვრებაში, მუდმივად ესწრებიან ტრენინგებს, იმაღლებენ სტატუსებს. ბოდბის საჯარო სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. სკოლას აქვს საკუთარი ვებგვერდი, ფეისბუქგვერდი, სადაც საჯაროვდება საინტერესო სასკოლო ღონისძიებები.
ბოდბის საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს მშობლებთან, თემთან და ფეხს უწყობს თანამედროვე გამოწვევებს, ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებს და ცდილობს ამ ცვლილებათა პრაქტიკაში დანერგვას და განხორციელებას. სკოლის წარმატებად ისიც უნდა ჩაითვალოს, რომ ჩვენი მოსწავლეები ხშირად ჯილდოვდებიან ლეპტოპებით, გვყავს ასევე ოქროს და ვერცხლის მედალოსნები და გვაქვს 100%, 70% და 50%-იანი გრანტები ეროვნულ გამოცდებზე.
ბოდბის საჯარო სკოლა მოწოდებულია, გააგრძელოს აქტიური სასწავლო ცხოვრება, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, პატრიოტული იდეებით აღზარდოს მოსწავლეები, რომლებსაც ექნებათ სწავლის, ბრძოლის, საინტერესო ცხოვრების სურვილი და მოტივაცია, ღირსეულად გაუმკლავდებიან XXI საუკუნის გამოწვევებს.