24 ნოემბერი, კვირა, 2024

ბარბარიზმები

spot_img

✔️🔵 ანი მაზმიშვილი

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

 

ენაში საჭიროების გარეშე შემოსულ და დამკვიდრებულ უცხოური წარმოშობის სიტყვებს ბარბარიზმებს ვუწოდებთ. ტერმინის დაფუძნება ლოგიკურია – ამ ტიპის სიტყვები მართლაც ბარბაროსებივით „ესხმიან“ თავს „აბორიგენ“ აღმნიშვნელებს და მათ ადგილს იკავებს. barbaros ბერძნულიდან მომდინარე სიტყვაა და უცხოს ნიშნავს.

ბარბარიზმები არსებული სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, ისტორიული ვითარების შესატყვისად „მოქმედებენ“ და „ინიღბებიან“ კიდეც. ისეც ხდება, რომ ძნელი გასარკვევია, მეტყველებაში საჭიროებისამებრ დამკვიდრებულ ნასესხებ სიტყვასთან გვაქვს საქმე თუ ბარბარიზმთან.

შკაფი, კალბასი, მაზოლი, მაიკა, კალონკა, ზაგარი, აბგონი, რუჩკა, ვანა, ჟეშტი, კუხნა (ქუხნა), საროჩკა, სპიჩკა, კნოპკა – რუსული ენიდან დამკვიდრებული ბარბარიზმები დღეს ადვილი ამოსაცნობია და უმეტესწილად, ვცდილობთ კიდეც მათ საყოველთაოდ ჩანაცვლებას ჩვენს ენაში არსებული შესატყვისებით.

ბორდი, ლაიქი, დედლაინი, ექშენი, ინსპირაცია, ვიზიტორი, სენსიტიური, სმაილი, ფეიკი, სტაფი, დაბუსტვა – ინგლისური ენიდან დამკვიდრებულ ბარბარიზმებს ხშირად ვისმენთ სხვადასხვა მედიასაშუალებიდან, ჩვენც აქტიურად ვიყენებთ და ხშირ შემთხვევაში, წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ ისევე ვაბინძურებთ ენას, როგორც „კუხნისა“ და „მაიკის“ გამოყენებისას.

სამწუხაროა, რომ ფეხს იკიდებს ისეთი სიტყვები, რომლებსაც მშობლიურ ენაში ზუსტი შესატყვისები გააჩნია. მაგალითად, დედლაინი ბოლო ვადას აღნიშნავს, ინსპირაცია შთაგონებაა, ვიზიტორი – სტუმარი, ფეიკი ყალბს ნიშნავს, სმაილი კი – ღიმილს. სენსიტიურის ნაცვლად, უმჯობესია, მგრძნობიარე ვთქვათ.

ვირტუალური სამყაროდან ყოველდღიურ მეტყველებაში გადმოინაცვლა სიტყვებმა: დაკლიკვა, დათაგვა, დალაიქება, დაბუსტვა, დაშეარება, ფოლოუერი, კონტენტი, ნიუსი, ფეიჯი და ა.შ. თითოეული მათგანისთვის ქართულში არსებობს შესატყვისი, შესაბამისად, უნდა ვთქვათ და დავწეროთ:

დაკლიკვადაწკაპუნება;

დათაგვამონიშვნა;

დალაიქებამოწონება;

დაბუსტვა რეკლამირება, პოპულარობის გაზრდა;

დაშეარებაგაზიარება;

ფოლოუერიმიმდევარი;

კონტენტიშინაარსი;

ნიუსიახალი ამბავი;

ფეიჯიგვერდი.

ბარბარიზმად ითვლება კალკიც. კალკი სიტყვა ან გამოთქმაა, რომელიც აგებულია სხვა ენის სიტყვის ან გამოთქმის მიხედვით. მაგალითად, „რაშია საქმე“ კალკია რუსული გამოთქმისა „в чëм дело; „არ მაწყობს“ – меня не устраивает…

ერთგვარი გამართლება აქვს მხატვრულ ლიტერატურაში ბარბარიზმის გამოყენებას. მისი საშუალებით უფრო მკვეთრად გამოიხატება ნაწარმოებში პერსონაჟის სპეციფიკური სახე ან გარემო. გავადევნოთ თვალი ორ მაგალითს: „ზრასტი, ზნაკომ, გაგიმარჯოს, კუდა იდიოშ, საითკენა“ (ხალხური „არსენას ლექსი“), „ბონჟურ, ყაფარ, კაპარ, კაკ იმია, ტაკ ი ონ დიკარ“ (ერისთავი, კომედია „გაყრა“). პირველ შემთხვევაში არსენა მიმართავს რუს სამხედროებს და ხაზგასმულია პოლიტიკური გარემოებაც, მეორე შემთხვევაში – ივანე ანდუყაფარს და თვალნათლივია ივანეს ევროპაში „განსწავლულობა“ და რუსეთის ზეგავლენის ხარისხიც მეტყველებაზე.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები